,,ვინც კი სარწმუნოებას შეურყევლად ადგია, ვისაც გონება ისე აქვს
შეზავებული, რომ რამდენიც უნდა საკვირველება საკვირველებას დაჰჰყვეს, არ
შეირყევა აღსარება მისი, რომ ღმერთი არის ყოვლის შემძლებელი, ყოვლის
დამმყარებელი, ძლიერებით ყოვლად გარეშე უწერელი, ყოველ ზომასა და
განსაზღვრების გარეშე მყოფი.” – დიმიტრი ყიფიანი.
დიმიტრი ყიფიანი დაიბადა 1814 წლის 14 აპრილს გორის რაიონის სოფელ
მერეთში ქოჩო ყიფიანისა და ბარბარე ფურცელაძის ოჯახში. მამამისს 3 უფროსი
დედმამიშვილი ჰყავდა: ორი და და ძმა – ქაიხოსრო, რომელმაც ნაადრევად
დაობლებული დიმიტრის აღზრდა ითავა. ის მიხაილოვოს (ხაშურის) უბანში
რკინიგზაზე მუშაობდა და სურამში ცხოვრობდა. მან თავისთან გადაიყვანა
უდედმამოდ დარჩენილი დიმიტრი. ყმაწვილმა სწრაფად ისწავლა წერა-კითხვა,
ანგარიში, საღვთო წერილი, ლოცვები და “ვეფხისტყაოსანი”.
დიმიტრი თავისმა სიძემ – დის ქმარმა ფიოდოროვმა თბილისში წამოიყვანა და
სასულიერო სასწავლებელში მიაბარა. ბეჯითი ჭაბუკი მალე კეთილშობილთა
სასწავლებელში გადავიდა. ქართველისთვის
გასაგები, უცხოტომელისთვის "ენის მოსატეხი" სახელი – ქოჩო ერქვა, ამიტომ
მამის სახელად "ივანოვიჩი" დაუდგინეს და კეთილშობილთა სასწავლებლის
დასრულების შემდეგ იქვე დატოვეს მასწავლებლად. გიმნაზიაში მასთან ერთად სწავლობდა ნიკოლოზ
ბარათაშვილი, ორივეს კი სოლომონ დოდაშვილი ასწავლიდა.
1830
წელს დიმიტრიმ გიმნაზია დაამთავრა და თავადაზნაურობის დეპუტატთა
საკრებულოში თარჯიმნად დაიწყო მუშაობა. რამდენიმე თვის შემდეგ თბილისის
გიმნაზიაში მასწავლებლად გადაიყვანეს. 17 წლის ახალგაზრდა 4 საგანს
ასწავლიდა – არითმეტიკას, გეოგრაფიას, ქართულ და რუსულ ენებს. იგი ქართველ
მამულიშვილებს დაუკავშირდა და 1832 წლის შეთქმულებაში
ჩაება. "შეთქმულთა განზრახვაზე
თანხმდებოდა", დააპატიმრეს და სასჯელიც შედარებით მსუბუქი გამოუტანეს,
მეტეხის ციხეში ჩასვეს, სადაც ერთი წელიწადი დაჰყო, შემდეგ კი ვოლოგდაში
გადაასახლეს. მისივე მემუარების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ,
ყიფიანის შეთქმულებაში მონაწილეობა "თავისუფალი მსმენელის" სტატუსს არ
გასცილებია. დადიოდა შეკრებებზე, მეტწილად დუმდა და გამომსვლელებს უსმენდა.
ერთხელაც შეკითხვაზე: "რას ფიქრობთ", უპასუხა: "სულ ვფიქრობ, რით
დაბოლოვდება ყველაფერი," შედეგად, ერთ-ერთმა შეთქმულმა, მას "მოსაწყენი
კაცი" უწოდა.
5 წლის შემდეგ სამშობლოში დაბრუნების ნება მისცეს. დიმიტრი მიხვდა, რომ
იმ ეტაპზე რუსეთთან სამხედრო ძალით დაპირისპირება შედეგს არ გამოიღებდა და
საჭირო იყო მოჩვენებითი “ერთგულებით” სამშობლოსათვის სასარგებლო ქართული
საქმის კეთება. მალე ის რუსი მთავარმართებლებისათვის შეუცვლელ ფიგურად იქცა
და დიდ თანამდებობებსაც მიაღწია: ვორონცოვის დროს მთავარმართებლის საბჭოს
კანცელარიის მმართველი იყო, მურავიოვის დროს _ კანცელარიის დირექტორი,
ბარიატინსკიმ თავისი საბჭოს წევრად დანიშნა. ვალერიან გუნიას თქმით, 30
წლის მანძილზე “არ მოუსვენია არც ერთი დღე, არც ერთი საათი, მაგარი და
მტკიცე სულით იგი მხნედ ასრულებდა თავის მოვალეობას, მაგრამ ისე კი არა,
როგორც ჩინოვნიკი, არამედ როგორც პატიოსანი კაცი და დაუცხრომელი მოღვაწე”…წინსვლის საფუძვლად კეთილსინდისიერი შრომა მიაჩნდა.
გულწრფელად ფიქრობდა, რომ ასე უნდა ეცხოვრა და ქვეყნის წარმატებასაც წინ
ვერაფერი დაუდგებოდა. არადა, იმპერია მხოლოდ იმდენზე უშვებდა და
ახალისებდა, რამდენადაც მის ნიჭსა და ენერგიას გამოიყენებდა, იმის იქით
უბოდიშოდ უჯახუნებდნენ კარს. ასეთ დროს დანანებით ამბობდა: "უპატიოსნო
ადამიანი", "აი, ასე მოხდება ხოლმე, რომ დამნაშავე გამოხვალ უდანაშაულოდ",
"მაშ, უკაცრავად, მე ასეთი წესების მსახური არა ვარ.." ანდა, ასეთ
გულუბრყვილო წერილს სწერდა საქართველოს ამოგდების მოსურნე გენერალს,
რომელიც მანამდე წესიერ კაცად მიაჩნდა: "იმის მერე, რაც მოხდა, მე ვეღარ
დავტოვებ ჩემს ფოტოსურათს თქვენს ოჯახში და აღარც მე შევინახავ თქვენს
სურათს ჩემს სახლში. დამიბრუნეთ ჩემი სურათი და დაგიბრუნებთ – თქვენსას".
ნიკო
ნიკოლაძე აღნიშნავდა, რომ , მიუხედავად ყველაფრისა, პენსიაში გასული
დიმიტრი ისეთივე ღარიბ აზნაურად დარჩენილა, როგორც სამსახურის დაწყებისას
იყო. მან სახელმწიფო სამსახური სპეციალურად მიატოვა და სამეგრელოს
უკანასკნელი მთავრის სამემკვიდრეო და სამეურვეო საქმეების მოგვარებას
შეუდგა. მან ,,სახასო” მიწების მთავრის საკუთრებაში დატოვება შეძლო და ამით
მეფის რუსეთს ჩაუშალა ავი განზრახვა _ მიწაზე რუსი კოლონისტების
ჩამოსახლება.
1840 წელს შეადგინა და მთავარმართებელს დასამტკიცებლად წარუდგინა
“ტფილისის კერძო ბიბლიოთეკის წესდება”, რის საფუძველზეც თბილისში პირველი
წიგნსაცავი დაარსდა.
დიმიტრი ყიფიანი თბილისის თავადაზნაურობამ ორჯერ აირჩია სათავადაზნაურო
გიმნაზიის საპატიო მზრუნველად. აქტიური მონაწილეობა მიიღო ბატონყმობის
გაუქმების საქმეში.
1845 წელს დუშელი მემამულის, გენერალ გიორგი ჭილაშვილის ქალი, ნინო
შეირთო ცოლად. ნინო წმიდა სოლომონ მეფის მეუღლის, მარიამის მზრუნველობით
იზრდებოდა პეტერბურგში. მათ ექვსი შვილი შეეძინათ, რომელთაგან სამი
მცირეწლოვანი გარდაეცვალათ. დარჩათ სამი შვილი: ნიკოლოზი, კონსტანტინე და
ელენე.
1864 წელს თბილისის გუბერნიის თავადაზნაურთა წინამძღოლად აირჩიეს, 1876
წელს კი ქალაქის თავიც (მერი) გახდა. დიდი ამაგი დასდო თბილისის
სათავადაზნაურო ბანკის დაარსებას, დრამატული საზოგადოების ჩამოყალიბებას.
1879 წელს სხვა მოღვაწეებთან (ილია, აკაკი, იაკობ გოგებაშვილი და სხვ.)
ერთად ჩამოაყალიბა “ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი
საზოგადოება,” რომლის თავმჯდომარედაც იგი ერთხმად აირჩიეს. ესენი “სულ
ყიფიანის სიმხნევით, მისის სისხლით და ოფლით არიან დაარსებულნი,
ფესვებმოდებული და წელში გამაგრებულნი” (ვალერიან გუნია) .
დიმიტრი ყიფიანს კარგად ესმოდა განათლების მნიშვნელობა ერის წინსვლის საქმეში: “სწავლა
აპატიოსნებს კაცსა, აფაქიზებს, აღონიერებს, ზეაღავლენს და ღირსჰყოფს
დაუსაბამობასთან მიახლოებისა… განათლება ყველას გვათანასწორებს”(დიმიტრი ყიფიანი).
რუსეთში ალექსანდრე II-ის მკვლელობის შემდეგ (1881წ) განაპირა მხარეების
კოლონიზაცია დაიწყო. საქართველოში მეფისნაცვლობა გაუქმდა და
მთავარმართებლობა იქნა შემოღებული. აიკრძალა სიტყვა “საქართველოს”
ხმარებაც კი. მთავარმართებლად კი დაინიშნა დონდუკოვ-კორსაკოვი, რომელმაც
გარშემო ქართველთმოძულე პიროვნებები შემოიკრიბა – რუსი ეგზარქოსი პავლე,
კავკასიის სასწავლო ოლქის მზრუნველი იანოვსკი, სასულიერო სემინარიის
რექტორი ჩუდეცკი და სხვ. სასწავლო დაწესებულებებში ქართული ენის
დევნა-შევიწროების ტენდენცია გამოიკვეთა. იანოვსკიმ ქართული ენის
სკოლებიდან საერთოდ განდევნა მოინდომა, რის წინააღმდეგაც ყიფიანმა მკაცრად
გაილაშქრა. მან იანოვსკისა და რუს ეგზარქოსს პავლეს წერილები გაუგზავნა: “თუ
ამას ვერ დაფიქრებიხართ, რა მნიშვნელობა აქვს თქვენს ქადაგებასა,
ქართველობა ჰგმეთ და ქართული ენა დაივიწყეთო, მე გეტყვით… მერე რა ენისას
ამბობენ კაცობრიობის მგმობელნი, უნდა გაჰქრესო იმ ენისას, რომელსაც
ლაპარაკობდნენ ვახტანგ გორგასლანი, დავით აღმაშენებელი, თამარ მნათობი,
რომელზედაც ქრისტიანობას გვიქადაგებდნენ ნინო მოციქულთ თანასწორი და
ათცამეტნი სირიელნი მამანი; რომელზედაც მწერლობდნენ შოთა რუსთაველი,
ფილოსოფოსნი, როგორც პეტრიწი, სჯულმდებელნი, როგორც ვახტანგი… ჩინგიზ
ხანმა, ლანგთემურმა, შაჰაბაზმა, ნადირშაჰმა ვერ შემუსრეს ჩვენი ხალხოსნობა
და ახლა თქვენ გინდათ შემუსრნათ… ბ. იანოვსკის ათასწილად უჯობს ისევ ამ
აზრის შემუსვრა მოახერხოს…”
1885 წელს ყიფიანი დასავლეთ საქართველოს თავადაზნაურთა წინამძღოლად
(მარშლად) აირჩიეს. ის საქართველოში ჩამოსულ ყოფილ მეფისნაცვალ მიხეილ
რომანოვს დონდუკოვ-კორსაკოვისთვის ნიშნის მოსაგებად თბილად დახვდა და უამბო
ყველაფერი იმ უმსგავსობაზე, რასაც ახალი მთავარმართებელი და მისი
თანაშემწეები ჩადიოდნენ. რომანოვი ისე გამგზავრებულა რუსეთში, რომ
კორსაკოვს არც კი შეხვედრია. დიმიტრიმ კი მასთან საუბრების შინაარსი
წერილობით გაავრცელა.
კორსაკოვმა ყიფიანი წერილობით დააბეზღა რუსთა იმპერატორთან, რომელმაც დიმიტრი სპეციალური წერილით გაკიცხა.
რუსი ბიუროკრატები თანდათან აძლიერებდნენ ქართულ ეროვნულ დაწესებულებათა
დევნასა და შევიწროებას. ამ მხრივ თავი გამოიჩინა სასულიერო სემინარიის
რექტორმა, დეკანოზმა პავლე ჩუდეცკიმ, რომელიც გამოირჩეოდა თავისი
სისასტიკით, გარყვნილებითა და ქართველთა მიმართ განსაკუთრებული ზიზღით. მან
გაუთავებელი დაკითხვებისა და შემოწმებების შემდეგ სემინარიიდან გარიცხა
სტუდენტი სოსო ლაღიაშვილი. 1886 წლის 24 მაისს ლაღიაშვილი კაბინეტში
შეუვარდა ჩუდეცკის და ხანჯლით მოკლა.
სტუდენტი შეიპყრეს და ციმბირის კატორღაში გაგზავნეს, საიდანაც ჯერ იაპონიაში, მერე კი ამერიკაში გაიქცა.
ჩუდეცკის დასაფლავებაზე ეგზარქოსმა პავლე ლებედევმა დაწყევლა არა მარტო
ლაღიაშვილი, არამედ მთელი ქართველი ერი. ამ ფაქტმა უზარმაზარი რისხვა და
პროტესტი გამოიწვია ქართველობაში. პირველმა ხმა დიმიტრი ყიფიანმა აიმაღლა.
1886 წლის 8 ივნისს ხაშურიდან მკაცრი წერილი გაუგზავნა ეგზარქოსს: “…თუკი
ეს ყველაფერი მართალია, თქვენი ღირსების გადარჩენა შეიძლება მხოლოდ იმით,
რომ შერცხვენილი დაუყოვნებლივ განიდევნოს შეჩვენებული ქვეყნიდან…” კორსაკოვი
კინაღამ ჭკუიდან გადავიდა. მან დაუყოვნებლივ გაგზავნა წერილი რუსეთის
შინაგან საქმეთა მინისტრთან და ყიფიანის საქართველოდან გასახლება მოითხოვა,
როგორც რუსეთისათვის უაღრესად საშიში პიროვნებისა. პეტერბურგში კვლავ
მხარი დაუჭირეს მთავარმართებლის მოთხოვნას და დიმიტრი ყიფიანს იმპერატორმა
ალექსანდრე III-მ სტავროპოლში გადასახლება მიუსაჯა.გადასახლებამდე
სამსახურს ჩამოცილებული, 72 წლის ყიფიანი მეტწილად საკუთარ მამულში,
ქვიშხეთში ატარებდა დროს. მიმსვლელი და მნახველი არ აკლდა. სპეციალური
დურბინდიც გაიჩინა - აივანზე გადამდგარი შორიდანვე თვალს ჰკიდებდა მომავალ
სტუმარს და უკვე ბინაზე მოსულს გაშლილ სუფრას ახვედრებდა. ბოლოს აკაკი
ესტუმრა.
1886
წლის ზაფხულში ყიფიანი გადაასახლეს სტავროპოლში, სადაც რამდენიმე
წლით ადრე ანალოგიურ სასჯელს იხდიდა ნიკო ნიკოლაძე. როგორ შეხვდა
გადასახლების ამბავს წლებით დამძიმებული მოხუცი? "მისმა მხიარულმა სახემ
გამაოცა. სიცილით მითხრა: ნუ გშურს ჩემთვის ეს ღვთის წყალობა, უკეთეს
ჯილდოს მე ვერც კი მოვიფიქრებდი. ერთი საუკუნეა ქართველები ცუდკაცობისთვის
იგზავნებიან ციმბირში და ჯერ იდეურად არავინ დასჯილა. დე, პირველი
მერცხალიც მე ვიყო, მართალია, პირველ მერცხალს ხანდახან სუსხი დაჰკრავს და
გაზაფხულს ვეღარ ესწრება, მაგრამ მაინც პირველი მახარობელია და გაზაფხული
მაინც მოვა", - იგონებდა მისი სულიერი სიმხნევით მოხიბლული
აკაკი.გადასახლებაში ყოფნა
დიმიტრის დიდხანს არ მოუწია. 1887 წლის 24 ოქტომბერს იგი ვერაგულად მოკლეს.
ღამით მის ოჯახში ჯალათი შეიპარა. თავში ურო ჩაარტყა და მოჰკლა. ,,ის
ტვინი, რომელიც საქართველოზე ჰფიქრობდა, თავზე გადაანთხიეს… იმ გულზე,
რომელიც სამშობლოსათვის სძგერდა, ცივი ხელები დააკრეფინეს”, – წერდა აკაკი წერეთელი.
რაც შეეხება დიმიტრი ყიფიანის შემოქმედებას, მან ლიტერატურული
მოღვაწეობა თარგმნით დაიწყო. 1841 წელს მან თარგმნა ,,რომეო და ჯულიეტა”
(გამოქვეყნდა ,,ცისკარში” 1896) . 1851 წელს დაიბეჭდა მის მიერ რუსულ ენაზე
თარგმნილი გ. ერისთავის ,,გაყრა,” 1857 წლიდან თანამშრომლობდა “ცისკარში”.
აქვე დაიბეჭდა ჟანლისის, ოქტავ ფელიეს,მოლიერის, შექსპირის, ბომარშესა და
სხვების თხზულებათა თარგმანები. 1882 წელს სანკტ-პეტერბურგში გამოაქვეყნა
“ახალი ქართული გრამატიკა”. ყიფიანს ეკუთვნის ლექსი – პასუხი ვახტანგ
ორბელიანისადმი მიძღვნილ ლექსზე _ “ძველი მეგობრობის პასუხი” (გაზეთი
“დროება”, 1883, ფსევდონიმით “ბაქარ ქართლელი”) . აგრეთვე – მემუარები
რუსულ ენაზე (1884-1885წწ.).
ყიფიანის მკვლელობამ მთელი საქართველო აღაშფოთა. მისი დაკრძალვა
მთავრობის საწინააღმდეგო უზარმაზარ დემონსტრაციად იქცა. 8 ნოემბერს
ყიფიანის გვამი თბილისში ჩამოასვენეს. დიმიტრი
ყიფიანის ცხედარს ქართველები საბურთალოს მიდამოებში (მაშინ ქალაქგარეთ)
დახვდნენ. მძიმე აღმოჩნდა თავგაჩეხილი მოხუცის ხილვა. თურმე, ხალხი
დამუნჯებულა და ვერავინ ხმას ვეღარ იღებდა, ვერ მიმხვდარიყვნენ, რა ეთქვათ
ან რა მოემოქმედათ. იდგნენ მტვრიან შარაზე დაზაფრულები. ამ სიჩუმეში
კუბოსთან ქუთაისში მოღვაწეობის დროს მისი მოადგილე დავით ნიჟარაძე მისულა
და ამოუთქვამს: ვაი ჩემს თავს, რომ ცოცხალი ვარ და შენ კი მაგ კუბოში
გხედავო. ამან ხალხი გონს მოიყვანა და მცირე პარაკლისის შემდეგ პროცესია
ქალაქისკენ დაიძრა. დაკრძალვას ხელმძღვანელობდა ვალერიან
გუნია, ხოლო გამსვენებელი სასულიერო პირი იყო ეპისკოპოსი ალექსანდრე
ოქროპირიძე. სამგლოვიარო ცერემონიალს მიჰყვებოდნენ ილია და აკაკი და სხვა
გამოჩენილი მოღვაწეები.
საქართველოს სამხედრო გზით შემოსვენებული მიცვალებული რუსთაველის
პროსპექტზე, სასახლის წინ უნდა გაეტარებინათ, აევლოთ სოლოლაკი და
აესვენებინათ მთაწმინდაზე. მთავარმართებელმა პოლიცმეისტერებს უბრძანა,
სამგლოვიარო პროცესიას სასახლის წინ გავლის უფლება არ მისცეთო. ამიტომ
როგორც კი პროცესია ვაჟთა გიმნაზიას (დღევანდელ პირველ გიმნაზიას)
გაუსწორდა, წინ პოლიცმეისტერების წარმომადგენლები გადაეღობნენ და შეაჩერეს.
ვალერიან გუნიამ მიზეზი იკითხა. მთავარმართებლის ბრძანებააო, – მიუგეს.
მაშინ გუნიამ ეპისკოპოს ალექსანდრეს მოახსენა საქმის ვითარება.
– აქ ბატონ-პატრონი მე ვარ და არა მთავარმართებელი. აბა, გამომყევით,
ვნახოთ, ვინ დაგვიდგება წინ! _ ხმამაღლა მიმართა ხალხს ეპისკოპოსმა და
პროცესიამ გზა განაგრძო. ქუთაისიდან ჩამოსულებს სულ ხმლებზე ეკიდათ ხელი.
ასე ჩაუარეს სასახლეს და მათი შეჩერება მართლაც ვერავინ გაბედა. ავიდნენ
მამადავითზე და მიაბარეს მიწას ნეშტი “მეორე დიმიტრი თავდადებულისა,”
როგორც მას აკაკიმ უწოდა.
ილია წერდა დიმიტრის შესახებ: "იგი იყო
კაცი, რომელიც თავის დღეში არ იტყოდა "ჰოს", როცა მისი გული ამბობდა
"არას".
დიახ, დიმიტრი ყიფიანი იყო მართალი კაცი, იმიტომ, რომ მართალი მარტო ის
არის, რომ "ჰო" არა სთქვა, როცა გული "არას" ამბობს. "მართალიო, - ამბობს
ერთი ჭკვიანი კაცი, - ის კი არ არის, რომ კაცმა სთქვას რაც ჭეშმარიტია,
არამედ ისა, რასაც ვფიქრობთ და რაც გულში გვაქვსო". ცხადია, რა კაცი იყო
დიმიტრი ყიფიანი. იგი იყო გულთასრული კაცი".
1899 წელს მის საფლავზე ძეგლი გაიხსნა. დიმიტრი ყიფიანის მეუღლე
დიმიტრის გარდაცვალების შემდეგ ქვიშხეთში გადავიდა საცხოვრებლად.
დღესდღეობით, ქვიშხეთის ყიფიანისეულ სახლში მისი სახელობის სახლ-მუზეუმია
გახსნილი.
საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის სინოდის 2007 წლის 26 აპრილის
დადგენილებით დიმიტრი ყიფიანი ქართული ეკლესიის მიერ წმინდანად იქნა
შერაცხილი.
Комментариев нет:
Отправить комментарий