ათი წლის სოლიკო ვირსალაძე პერინის საბალეტო სტუდიაში შეიყვანეს. აქ გაიცნო მან ამავე სტუდიის მოწაფეები ვახტანგ ჭაბუკიანი და ნინო რამიშვილი. ქორეოგრაფიულის პარალელურად სწავლობდა მ. თოიძის სამხატვრო სტუდიაში. თბილისის სამხატვრო აკადემიაში ერთწლიანი კურსის გავლის შემდეგ, 1928 წელს, სწავლა განაგრძო საკავშირო სამხატვრო ტექნიკურ ინსტიტუტში ფერწერის ფაკულტეტზე. 1930 წელს, როდესაც მოსკოვის სამხატვრო ინსტიტუტის თეატრალური განყოფილება და ლენინგრადის სამხატვრო აკადემია გაერთიანდა, სოლიკო ვირსალაძე სასწავლებლად ლენინგრადში გადავიდა. 1931 წელს დაამთავრა ლენინგრადის ნატიფ ხელოვნებათა აკადემია და ნოვატორული იდეებით აღსავსე დაბრუნდა თბილისში.
1932-36 წლებში სოლიკო ვირსალაძე თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის მთავარი მხატვარი იყო. ამ პერიოდის მნიშვნელოვანი ნამუშევრებია: პ. ჩაიკოვსკის "ევგენი ონეგინი" (1934წ.) და "გედების ტბა" (1935წ.), ზ. ფალიაშვილის "დაისი" (1936წ.) და სხვ.
1937 წელს ლენინგრადში მიიწვიეს, სადაც გააფორმა ვ. ჭაბუკიანის მიერ დადგმული ბალეტი – ა. ბალანჩივაძის "მთების გული" (1938წ.) და ა. კრეინის "ლაურენსია" (1939წ.). 1940-1941 წწ. და 1945-1962 წწ. სოლიკო ვირსალაძე ლენინგრადის ს. კიროვის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის (ამჟამად მარიას თეატრი) მთავარი მხატვარია. მის მიერაა გაფორმებული სპექტაკლები: ა. გლაზუნოვის "რაიმონდა" (1948წ.; სსრკ სახელმწიფო პრემია, 1949წ.), დ. კაბალევსკის "ტარასის ოჯახი" (1950წ.; სსრკ სახელმწიფო პრემია, 1951წ.), პ. ჩაიკოვსკის ბალეტები: "მაკნატუნა" (1954წ.), "მძინარე მზეთუნახავი" (1959წ.) და სხვ. პარალელურად თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრშიც დგამდა სპექტაკლებს: "შოპენიანა" ფ. შოპენის მუსიკაზე (1943წ.), ა. მაჭავარიანის "ოტელო" (1957წ.), ვ. მოცარტის "დონ ჟუანი" (1964წ.).
1957 წლიდან სოლოკო ვირსალაძე მუშაობდა ბალეტმეისტერ იური გრიგოროვიჩთან. მათი პირველი ერთობლივი ნამუშევარია ს. პროკოფიევის ბალეტი "ქვის ყვავილი" ლენინგრადის ოპერისა და ბალეტის თეატრში. ამას მოჰყვა თორმეტი ბალეტი დიდი თეატრის სცენაზე მოსკოვში, სადაც სოლიკო ვირსალაძე 1965 წლიდან მთავარი მხატვრის თანამდებობაზეა. აქ შექმნილ სპექტაკლთაგან პრემირებულია – ა. ხაჩატურიანის "სპარტაკი: (1968წ.; ლენინური პრემია 1977წ.) და ა. ეშპაის "ანგარა" (სსრკ სახელმწიფო პრემია, 1977წ.)
ვ. ჭაბუკიანთან და ი. გრიგორივიჩთან თანამშრომლობით შექმნილ სპექტაკლებში სოლიკო ვირსალაძის ნოვაციები განსაკუთრებით ნაყოფიერი აღმოჩნდა, მან დაამკვიდრა საბალეტო ხელოვნებაში დრამატული ეპიზოდების სწრაფი მონაცვლეობის კინემატოგრაფიული ხერხი, რომელიც ქორეოგრაფიულ ქმედებას არნახულ დინამიურობას ანიჭებდა, სოლოკო ვირსალაძის "მოძრავი დეკორაციები" აღქმულ იქნა როგორც ახალი სიტყვა XX საუკუნის ქორეოგრაფიულ ხელოვნებაში. მისი სცენოგრაფია ყოველთვის ზუსტად ესადაგება მუსიკალური "ფრაზების" ინტონაციასა და ქორეოგრაფიულ ნახატს. სოლოკო ვირსალაძის შემოქმედებამ მთელი ეტაპი შექმნა თეატრალურ–დეკორატიულ ხელოვნებაში.
სოლოკო ვირსალაძის დიაპაზონი არაჩვეულებრივად ფართოა. მის შემოქმედებაში ვხვდებით დრამატულ სპექტაკლებსაც: შ. რუსთაველის სახელობის თეატრში – ს. შანშიაშვილის "კრწანისის გმირები" (1943წ.); ე. როსტანის "სირანო დე ბერჟერაკი" (1945წ.); "დიდი ხელმწიფე" ს. სოლოვიოვის პიესის მიხედვით (1941წ.) და სხვ. მხატვარმა შექმნა კოსტუმები გ. კოზინცევის ფილმებისათვის "ჰამლეტი" და "მეფე ლირი" (1970 წ, ლენინური პრემია). ამავე დროს იგი მუშაობს საბალეტო დადგმებზე მსოფლიო თეატრების სცენებზე: პარიზი, სტოკჰოლმი, რომი, ვენა, პრაღა, სოფია.
სოლიკო ვირსალაძე 1931 წლიდან კოსტიუმების დიზაინერი იყო ნინო რამიშვილისა და ილიკო სუხიშვილისთვის, ხოლო 1945 წლიდან ქართული სახელმწიფო ბალეტის ანსამბლისთვის. მსოფლიო სცენებზე "სუხიშვილების" კონცერტებზე აპლოდისმენტები დარბაზში ცეკვის დაწყებისთანავე გაისმოდა. "ეს ტაში სოლიკო ვირსალაძის კოსტიუმებს ეკუთვნოდა! სოლოკოს გენიალური კოსტიუმების გარეშე ეს აღიარება, რაც ანსამბლმა მიიღო წლების მანძილზე, არ იქნებოდა..." – იხსენებდა ნინო რამიშვილი ანსამბლის უცვლელ მხატვარზე, რომელმაც არამარტო ხალხური კოსტიუმი აიტანა სცენაზე, არამედ თავისი შექმნილი კოსტიუმებითაც გაახალხურა "სამაია", "აჭარული", "სადარბაზო", "აფხაზური", "ჯეირანი", "ყაზბეგური", "დოქებით ცეკვა", "ხორუმი", "სიმდი"...
სოლოკო ვირსალაძეს ცოლ–შვილი არ ჰყავდა. ამბობდა, რომ ხელოვნებაზე იყი დაქორწინებული. შვილებად _დისშვილებს, შვილიშვილებად დის შვილიშვილებს თვლიდა. მხატვრის ოჯახს უცნაური ბედი, უფრო სწრად, უბედობა დაჰყვა. მათი ოჯახური ტრაგედია ქვეყნისას გადაება. ჯერ 30-იანი წლების რეპრესიებს შეეწირა მხატვრის მამა და უფროსი დის, ხელოვნებათმცოდნე თინათინ ვირსალაძის მეუღლე მეთოდე (ცაცა) ხოშტარია. გადასახლებული იყო უმცროსი და – ფოლკლორისტი ელენე (ლოლოტა) ვირსალაძე. მისი შვილიშვილი იყო მსახიობი ლევან აბაშიძე, რომელიც სოლიკოს გამორჩეულად უყვარდა და რომელიც აფხაზეთის ომს შეეწირა.
სოლიკო ვირსალაძე 80 წლის ასაკში გარდაიცვალა სისხლის გათეთრებით. დაკრძალულია დიდუბის საზოგადო მოღვაწთა პანთეონში.
Комментариев нет:
Отправить комментарий