სახალისო ისტორიები :)

ახალგაზრდა ბიზნესმენმა ახლახან გახსნა ოფისი თავისი ბიზნესისთვის და ეს მისი პირველი სამუშაო დღეა. ზის სკამზე, ფეხები მაგიდაზე აქვს შემოწყობილი და ამაყად ათვალიერებს მის ოფისს. უცბად, ის დაინახავს თუ როგორ შემოყავს მის ასისტენტს პირველი ვიზიტორი მის კომპანიაში. ბიზნესმენი გადაწყვეტს, რომ საქმიანად და პროფესიონალად მოაჩვენოს თავი ვიზიტორს. იღებს ტელეფონს და ხმამაღალი საუბრით ვითომ აგვარებს საქმეებს, როლში შესული საგნებს აქეთ-იქეთ ისვრის, ხან მარჯვენა ფეხს შემოდებს მარცხენაზე, ხანაც – პირიქით. როდესაც იფიქრებს, რომ მისმა საქციელმა ეფექტი იქონია ვიზიტორზე, კიდებს ტელეფონს და ეკითხება მას:
– რით შემიძლია დაგეხმაროთ სერ?
– „დიაააახ….“ – პასუხობს ვიზიტორი, – „ მე მოვედი რათა თქვენს ოფისში ტელეფონის ხაზი გავიყვანო სერ“.


* * * 
ერთ-ერთი მსხვილი კომპანია ხვდება, რომ ბაზარი ცვლილებებს ითხოვს და ამ მიზნით იქირავებს ახალ CEO-ს (Chief Executive Officer – ჩვენ უბრალოდ უფროსი დავარქვათ :D). ეს უფროსი მომართულია, რომ არაკომპეტენტური ადამიანები კომპანიიდან გაანთავისუფლოს და სხვებს აჩვენოს, რომ ის არის მთავარი.
კომპანიის ჰოლში უცბად უფროსი ხედავს კედელზე აყუდებულ კაცს. ჰოლი თანამშრომლებით სავსეა და უფროსიც გადაწყვეტს, რომ ეს სწორედ ის დროა, როცა როცა მთელი კომპანია გაიგებს მის ყოვლისშემძლეობას. უფროსი მიდის კაცთან და ეუბნება:
– და რამდენს გამოიმუშავებთ თქვენ კვირაში?
– „300 დოლარს“ – პასუხობს შეცბუნებული კაცი – „ და რა არის?“
უფროსი დემონსტრაციულად ამოიღებს საფულედან ფულს, გადათვლის 300$-ს და ეუბნება:
– აიღეთ თქვენი ერთი კვირის ხელფასი და განთავისუფლებული ხართ.
კმაყოფილებით აღსავსე უფროსი ნიშნის მოგებით დაუწყებს ყურებას ირგვლივ მყოფ ხალხს. მიდის ერთ-ერთ მათგანთან და ეუბნება:
– და ვინ იყოს ეს ბედოვლათი?
შეშინებული თანამშრომელი მისუსტებული ხმით პასუხობს:
– პიცის დამტარებული იყო სერ.


* * * 
ბიზნესმენი მიდის ნიუ იორკის ბანკში და სესხის ოფიცერს ეუბნება, რომ ევროპაში დასასვენებლად 5 000$ -ის ოდენობით სესხი სჭირდება. ოფიცერი პასუხობს, რომ ამხელა თანხის გასაცემად მან რაიმე ქონება უნდა ჩადოს გარანტად. ბიზნესმენი ჯიბიდან იღებს როლს-როისის გასაღებს და ჰაერში შეათამაშებს. ოფიცერი სესხს გაუფორმებს და კმაყოფილი ბიზნესმენიც თავის მანქანას ბანკის ავტოსადგომზე შეიყვანს.
ორი კვირის შემდეგ ბიზნესმენი მოდის ბანკში, აბრუნებს 5000$-ს და ზემოდან პროცენტს $15 დოლარის ოდენობით.
დაინტერესებული სესხის ოფიცერი ეკითხება მას:
– ჩვენ ვაფასებთ თქვენს ბიზნესს და ამ ტრანზაქციამ მშვენივრად იმუშავა, მაგრამ სანამ თქვენ აქ არ იყავით, ჩვენ გადავამოწმეთ თქვენზე ყველაფერი და აღმოჩნდა, რომ თქვენ მულტიმილიონერი ბრძანდებით. ხომ ვერ მეტვით, რაში დაგჭირდათ 5 000-ის სესხება ჩვენგან?
ბიზნესმენი პასუხობს:
– მაშ, სხვაგან ნიუ-იორკში სად შემიძლია გავაჩერო მანქანა ორი კვირით მხოლოდ 15 დოლარად?


* * * 
ერთმა ამერიკელმა ტაქსისტმა მანქანის უკანა სავარძელზე იპოვა ჩანთა ბრილიანტებით ( ღირებულება შეადგენდა 350 000 დოლარს) . მძღოლმა დიდი ძალისხმევის შემდეგ იპოვა მფლობელი. ის აღმოჩდა ნიუ-იორკელი იუველირი , რომელმაც მას საჩუქრად გადასცა თანხა 10 000 დოლარის ოდენობით და ბრილიანტებიანი სამაჯური. ჩემთვის მადლობის სიტყვები უფრო მნიშვნელოვანი იყო ვიდრე ფული, განაცხადა ტაქსისტმა.

* * * 
ერევანში სარქისა მოკვდა. ფულის ეკონომიის მიზნით, ჭირისუფალმა ამერიკელი სომხებისადმი გაგზავნილი დეპეშა, მაქსიმალურად შეამოკლა და მისწერა: სარქის ჩკა! ამერიკელმა სომხებმა პასუხად უდეპეშეს: ვა!

* * * 

ერთხელ პიკასოს რესტორანში სადილობისას ფული არ აღმოაჩნდა და რესტორნის მფლობელს სადილის სანაცვლოდ თავისი ნახატი აჩუქა. რესტორნის მფლობელმა მას ნახატზე ავტოგრაფის გაკეთებაც სთხოვა, რაზედაც პიკასომ მიუგო: “მე სადილს ვყიდულობ და არა თქვენს რესტორანსო“

* * * 
წინა საუკუნის ბოლოს ერთი ინგლისელი პიანისტი იმყოფებოდა გასტროლებით ახლო აღმოსავლეთში. როდესაც ის დაბრუნდა ინგლისში, ცნობილ დირიჟორთან ბილჰემთან საუბრისას მან გამოთქვა უკმაყოფილება: ”თქვენ წარმოიდგინეთ, არაბებმა მე ორჯერ მესროლეს ტყვია!” ”–ღმერთო ჩემო! მე არ მეგონა, რომ არაბები ასე კარგად ერკვეოდნენ მუსიკაში…”–გაუკვირდა ბილჰემს

* * * 
როდესაც მაკედონიის მეფე ფილიპე მიადგა ქალაქ სპარტას, მან სპარტელებს გაუგზავნა წერილი, რომელშიც ეწერა: ”თუ მე დავიპყარი თქვენი ქალაქი, მიწასთან გავასწორებო”. ისტორიიდან ცნობილია, რომ სპარტელები განთქმულნი იყვნენ ლაკონიური გამონათქვამებით. მათ მეფე ფილიპეს გამოუგზავნეს საპასუხო წერილი, სადაც ეწერა მხოლოდ ერთი პატარა სიტყვა: თუ! 

* * * 

მუხრან მაჭავარიანი ბულგარეთში მიავლინეს იქაური პოეზიის ანთოლოგიის სათარგმნელად.

- კი, მაგრამ, მუხრანმა ბულგარული ენის ინჩიბინჩი იცის? – კითხულობდა მავანი და მავანი.
- მუხრანმა რომ რუსული იცის, ეს სწორედ ის არის ბულგარული! – გაეპასუხა ტარიელ ჭანტურია.


* * * 

კრიტიკოსი ბესო ჟღენტი მოხსენებას კითხულობს. “კითხულობს” სწორი არ იქნება. ბატონი ბესო ხომ მუდამ ზეპირმეტყველებდა. ასე რომ, ბესო ჟღენტი მოხსენებას ამბობს.

- ზოგიერთები, ჩვენი სოციალისტური რეალიზმის უნაყოფო წარმომადგენლები დღესაც აქ ზიან ამ დარბაზში! – დაამთავრა მომხსენებელმა.
- ზიან კი არა, სხედან! – დაუძახა დიმიტრი ბენაშვილმა.

ბესო წამით შეჩერდა. დარბაზს დააკვირდა. სურდა, ხმის მიხედვით გამოეცნო მორეპლიკე. გამოსავალი ახლაც ზუსტად იპოვა.

- დიახ, ამხანაგებო, სხედან და ზიანს აყენებენ ჩვენს საქმეს, ჩვენს პროლეტარულ მწერლობას!


* * * 
ირაკლი აბაშიძე ლენინგრადში პოეტთა დელეგაციას გზავნის. მოსაგვარებელი დარჩა მთავარი საკითხი – ვის დაავალოს დელეგაციის ხელმძღვანელობა. დელეგაციაში ორი “წონიანი პოეტია”, ალიო მირცხულავა და კარლო კალაძე.

იფიქრა, იფიქრა და ხონურ-გენიალურ გამოსავალს მიაგნო. კარლო კალაძეს უხმო:

- ჩემო კარლო, ლენინგრადში რომ ჩახვალთ, ჟურნალისტები დაგეხვევიან. ყველაზე პოეტური შესახედაობა შენ გაქვს და პირველად შენთან მოვლენ. პირველი შეკითხვა ასეთი იქნება: ვისი მეთაურობით ჩამოხვედითო? რა გენაღვლება, უთხარი, საშუალო პოეტი ალიო მირცხულავაა ხელმძღვანელი-თქო. სინამდვილეში-შენ იყავი.  


* * *
ბატონი ვასილ ჩხაიძე პროფესიით მსახიობი არ გახლდათ. დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთ სკოლაში მასწავლებლად მუშაობდა. ის სრულიად შემთხვევით აღმოაჩინეს და მის მიერ განსახიერებული როლები მოგვიანებით ქართული კინოს ისტორიის ოქროს ფონდში შევიდა. მსახიობი როლანდ ნადარეიშვილი ბატონი ვასოს შესახებ ერთ სახალისო ისტორიას ხშირად იხსენებდა.

„1959 წელია. ფოთის თეატრში ვიწყებ მოღვაწეობას. ბატონი ვასო ჩხაიძე გახლდათ ჩვენთან ერთად, ამოჩემებული ჰქონია ბატონ ვასოს ერთი ფრაზა, რომელიც რეალობას კოსმოსური სიჩქარით უახლოვდებოდა ხოლმე: „მომაწევიე ერთი“. ამის წინააღმდეგი არავინ იყო და აწევინებდნენ კიდეც.

„ობლად“ ნაყიდი „პრიმა“ მომთხოვა ოთხჯერ, იცოცხლე, ახველა, მაგრამ მეხუთედაც რომ მომთხოვა, შევწუხდი.

- ბატონო ვასო, ფილტვებს უფრთხილდით.

- რამდენი წლის ხარ? – მეკითხება.

- ასე, 25-26-27-ის.

- მაშინ, კი უნდა იცოდე, უფროსს რომ პატივი სცე, მომაწევიე.

მივეცი და გააბოლა.

- ყმაწვილო, - დაიწყო მძიმედ, - იცოდე, რომ სიგარეტი, საერთოდ, გეგეჭკორიდან მოდის, დიახ. გეგეჭკორელი მეჩაიეები და მემანდარინეები თესავდნენ მაგ კულტურას მწკრივებს შორის.

- „კიოსკებს“ შორისაც? – გავუთამამდი.

- ეჰ, ღლაპო, რა იცი შენ, მომაწევიე ერთი!

ამდენ წევა-წევაში კინაღამ მოწევას გადამაჩვია. ერთ დღეს ვიყიდე „პრიმა“, გავტენე ექვსი ცალი სიგარეტი „პოროხით“, თოფის წამალს რო ეძახიან, იმით.

- სიგარეტი გექნება შენ! – ვითომ პირველად მთხოვა, მომადგა.

- აგერაა, ბატონო, მივაწოდე „ასაფეთქებელი ღერები“. დინჯად ამოიღო. სხვათა შორის, ბატონ ვასოს ძალიან ლამაზი, ტუჩებზე გადასაკიდებელი ულვაშები ჰქონდა, რითაც ამაყობდა. მივაწოდე და მოუკიდა. რამდენიმე წამში იფეთქა სიგარეტმა და სულ ქარს გაატანა ვასოს ულვაშები. მიეწვა და დარჩა ცხვირქვეშ ულვაში, ჰიტლერს რო ჰქონდა ისე. ძლიერი კაცი იყო, მაშინ არაფერი შეუმჩნევია, მაგრამ მეორე დღეს გამოცხადდა სამსახურში. თუ ასე შეიძლება აღვწერო, ულვაშის ორივე „ფრთა“ მოსწყვეტოდა და ჰიტლერივით მიყურებდა დიდი მუქარით. ამის შემდეგ ჩემთვის სიგარეტი აღარ უთხოვია, ეგ კი არა, მე რომ მოვუკიდებდი, თვალებზე იფარებდა ხელს.

- ჰაილ, ჰიტლერ! – დავუძახებდი ხოლმე შეხვედრისას.

უნიათოდ ასწევდა ხელს და დარცხვენილი მპასუხობდა:

- ჰაილ, ჰაილ! როლანდია, უბედურო!!!


* * * 

მსახიობი რეზო ჩხიკვიშვილი ერთხელ თეატრთან ერთად საგასტროლოდ გურიაში იმყოფებოდა.

„ერთხელ გურიაში ვართ და ვთამაშობთ სპექტაკლს „დარაბებს მიღმა გაზაფხულია“. დაიწყო სპექტაკლი. როგორც რაიონებში იციან, მობილიზებულია მთელი ადმინისტრაცია, სახანძრო, სასწრაფო და ა.შ.

მოკლედ, მე და ჩემი „საცოლე“ ნინიკო სცენაზე ვართ, მოვიდა დრო, რომ შუქი უნდა ჩაქრეს სცენაზე და ჩაააქრო კიდევაც ჩვენმა განათების რეჟისორმა შუქი. ჩაქრობა და ვიღაცა გულგახეთქილი კაცის მოვარდნა ავანსცენასთან ერთი იყო.

- გაქვავდით ყველა, არ გაინძრეთ! – მოგვაძახა მე და ჩემს ნინიკოს სცენაზე. დავიბენი.

- რა გნებავთ, ბატონო? – ვუჩურჩულე ამ კაცს.

- ფეხი არ გაანძრიოთ – არ დაიმტვრეთ, ცოტა ხანს გაჩერდით.

დავიბენით მე და ნინო და ჩამოვჯექით ჭკვიანად იქვე, ტახტზე. ორ წუთს არ გაუვლია და ახლა პატარა ჩემოდნიანი მაღალი კაცი ამოიჭრა ქარიშხალივით სცენაზე და ჩექმების ბრახა-ბრუხით გაენთო კულისებში, თუმცა სულ მალე მობრუნდა იქიდან უხერხული სიცილით.

- რა მოხდა ბატონო, აღარ გვეტყვით? – ვეკითხები ამ კაცს.

- რა, ბიძია და მე ამ ქალაქის მთავარი ენერგეტიკოსი ვარ, შუა წარმოდგენის დროს რომ შუქი ჩაქრა, ვიფიქრე, რაღაცა დაზიანდა თეატრში-მეთქი და გამისკდა გული, მთელი ელექტროპერსონალი დავაყენე ფეხზე.


* * * 
კინოფილმი „რეკორდი“ ერთი ხანობა აკრძალული იყო. ხუტა უფროსის როლის შემსრულებელი გოვენ ჭეიშვილი იმ დღეებს შემდეგნაირად იხსენებს.

„მილიცია გაბაიბურებულიაო, თქვეს (გვარსა და სახელს არ დავასახელებ, მაშინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა თქვა). მერე შევარდნაძემ ვიქტორია სირაძეს დაავალა – წადი, ნახე, რა „ანტი“ გადაიღესო. ნახეს, მოეწონათ, ფესტივალზეც გაგზავნეს.

ამ ფილმის შემდეგ მილიციელები დამიძმაკაცდნენ, სუფრაზე ხშირად მეპატიჟებოდნენ. ერთხელ ავტორიტეტებმა – „შავებმაც“ კი სუფრა გამიშალეს. გამიკვირდა, მილიცია პატივს მცემს, გასაგებია, მაგრამ თქვენ რა შუაში ხართ-მეთქი? – „აბა, გაიხსენე, ღინტუს რომ უთხარი, პატიმარს ჩიტის რძე არ მოაკლოო. ამის გამო ხარ დასაფასებელიო“ – მითხრეს.



* * * 
ქალბატონ მედეა ჩახავას სრულიად საქართველო იცნობდა, ამის მიუხედავად ერთხელ არაორდინალურ სიტუაციაში აღმოჩნდა.

„ჭადრაკის დიდი ტრფიალი ვიყავი და ჩემი ძირითადი მოწინააღმდეგე ბალეტის მსახიობი ვერა წიგნაძე გახლდათ.

ერთ საღამოს ვერას ვესტუმრე და გავაჩაღეთ ასპარეზობა. ზუსტად ვერ ვიტყვი, რამდენი პარტია ვითამაშეთ, მაგრამ ის კარგად მახსოვს, როგორ წამოგვეპარა შუაღამე.

ფაცხა-ფუცხით ჩამოვათავე კიბეები და ქუჩაში გამოვედი. შუაღამის სიმშვიდეა. ბედად ორი ავტოინსპექტორი შევნიშნე. ესენი თუ გამიჩერებენ მანქანას, თუ არა – ვიღუპები.

- საღამო მშიდობისა, მივესალმე ტაქტიანად.

- ეგრე იყოს, მერე? – აგდებულად ამხედ-დამხედეს. „ვერ მიცნეს“, ჩამწყდა გული. ყველაზე ცუდი მსახიობისთვის ის არის, რომ ქუჩაში ვერ გიცნობენ.

- იცით, - დავიწყე ბორძიკით – შემაგვიანდა და იქნებ, მანქანა გამიჩეროთ.

- სად იყავ, გოო ამ შუაბნელში, ჰა?! – დაინტერესდა ერთი.

- მე სად ვიყავი, ჩემი საქმეა, თუ ძნელი არაა, მანქანა გამიჩერეთ! – ვუთხარი უკვე მკაცრად.

- ეე, რა დიდ გულზეა, ჯოო! – ანერვიულდა მეორე ინსპექტორი, მაგრამ პირველმა ფეხი ფეხზე დაადო.

რას შვრები, შე ვირო? – აყვირდა „ფეხდაჭერილი“.

- ჯოო, ვერ იცან? – ისევ დაადგა ფეხი „მცნობელმა“.

- ვერა, შენ იცან, რო?

- ნონაა გაფრინდაშვილი, შე აჯამო!

- ვაა! – ეხლავე ყველაფერს გავაჩალიჩებთ, ქალბატონო ნონავ! – დაიძახა ინსპექტორმა და დანჯღრეული „მოსკვიჩი“ გამიჩერა. რაღას დავეძებდი.


* * * 
ცნობილი მხატვარი პაბლო პიკასო შვებულებას ზღვის პირას ატარებდა მეგობართან ერთად. ერთხელ მან მეგობარს სთხოვა, მასთან ფოსტის მოხელე მიეყვანა. რამდენიმე წუთის შემდეგ მეგობარი გაბრაზებული დაბრუნდა და პიკასოს შესჩივლა:
-ძვირფასო, ჯერ კიდევ არის ხალხი, რომელსაც არასდროს სმენია თქვენს შესახებ. ფოსტის უფროსმა თქვენი სახელიც კი არ იცის!
-ეს მე არ მაკვირვებს. განა მე კი ვიცი მისი სახელი?! - მშვიდად მიუგო პიკასომ.

* * * 
ჰიტლერელების მიერ საფრანგეთის ოკუპაციის დროს პიკასოს ატელიეში ხშირად მიდიოდნენ გერმანელი ოფიცრები. მხატვარი ყველას სამახსოვროდ აძლევდა თავისი ცნობილი სურათის პირს. სურათზე გადმოცემული იყო ფაშისტების მიერ ესპანეთის ქალაქ გერნიკას განადგურება. ერთხელ ატელიეში მასთან მივიდა გესტაპოს აგენტი, ამოიღო ჩანთიდან სურათი და ჰკითხა:
-ეს თქვენი ნამოღვაწარია?
-არა, თქვენი, - უპასუხა პიკასომ.

* * * 
ერთმა კრიტიკოსმა პაბლო პიკასოზე წიგნი დაწერა, სახელგანთქმულ მხატვარს უსახსოვრა და თან უთხრა:
-იმედია, ჩემი წიგნი დაგეხმარებათ თქვენი ნახატების გაყიდვაში.
პიკასომ წიგნი გამოართვა, ზრდილობიანად გადაუხადა მადლობა, რამდენიმე გვერდი იქვე გადაიკითხა და მიუგო:
-მხოლოდ ჩემი ნახატები თუ უშველის ასეთი წიგნის გასაღებას!

* * * 
ერთხელ პიკასოს ექიმმა უთხრა:
-თავს უფლებას ვერ მივცემ, ვიმსჯელო თქვენი ნახატების ფერწერულ ღირსებაზე, მაგრამ სურათზე გამოსახული ადამიანები, ანატომიის თვალსაზრისით, ყველა ნამდვილად ავადმყოფია.
-მიუხედავად ამისა, ექიმო, ისინი გაცილებით მეტ ხანს იცოცხლებენ, ვიდრე თქვენი პაციენტები, - უპასუხა მხატვარმა.

 

Комментариев нет:

Отправить комментарий