მიხა ხელაშვილი - ბინდისფერია სოფელი

მიხა ხელაშვილი - ლეგენდად ქცეული ცხოვრება

ბინდისფერია სოფელი,
უფრო და უფრო ბინდდება,
რა არი ჩვენი სიცოცხლე,
ჩიტივით გაგვიფრინდება,
წამოგვეწევა სიბერე,
მელივით წამოგვარდება,
სიკვდილი გზაში გიყელებს,
თვალები გაავდარდება.
მოგიგონებენ შვილები,
მზეს შეხედავენ მაღლითა:
„სოფელში შემოაღამდა,
ბინდმა ძაღლივით დაფლითა“.
ნეტა სიცოცხლის მამგონი
ღმერთი თუ ჯოჯოხეთია?
ბევრი სიმწარე მინახავს,
ბევრი სხვა გადამხედია.  


შუაფხოს რომ გავივლით, არაგვის ხეობა საგრძნობლად ვიწროვდება. გზა მიდის გაღმა-გამოღმა აყუდებულ ფრიალოებს შორის. გვხვდება დასახლებული ადგილები და სალოცავები: ზარისჭალა, გოგოლაურთა, მუქო, ხოშარა, ლაშარი. მის მოპირდაპირედ ღელის (თამარის) სალოცავია. ღელისა და ახადის გორს შუა მდინარე წაწადა მიიკვლევს გზას. ხეობაში ისეთი ფრიალოებია, ყორანი ვერ დაეკარება. წაწადას მარჯვენა ნაპირას, ტყიან გორზე, მიემართება ახადში ასასვლელი, ძნელად სავალი ბილიკი. ხამი კაცი შიშელდით თუ აივლის ამ კლდოვან, კიბისებურ, ორ კილომეტრამდე მანძილს. ტყის მერე იწყება ალპური ზონა გაშლილი სახნავ-სათესი მამულებით. ზედ გორის თავზე მოედანია პირქუშის სალოცავით. ცოტა ქვემოთ უზარმაზარი ლოდებია – გოდერძაულთა მიწასთან გასწორებული ციხის ნაშალი. ციხის ზემოთ ძველ დროში ხალხმრავალი სოფელი იწყებოდა. ახლა იქ ნასახლარებია, ძლივს შესამჩნევი საძირკვლებით. სოფლის ზემოთ, ახადელთა სალოცავის - პირქუშის ნაბინავარ-ნასამჭედლოვარზე იდგა ხელაშვილების ორსართულიანი სახლი. შენობა უხსოვარი დროისა იყო, მშრალი ყორით ნაგები, ბანიანი, მაგრამ ახადელთა სახლებს არ ჰგავდა. მას არ ჰქონდა კუთხეები, არც ფანჯრები. ახადში ასასვლელ გზასა და სოფელს გადაჰყურებდა მისი ერთადერთი შუკუმი, რომელშიც კაცის თავიც არ გაეტეოდა. კაცის სიმსხო მორები ეწყო ჭერის კოჭებად. ერთიანი სქელი ფიცრის, ლოდებით ამოშენებული და თაღოვანი კარი კედელში გასაყრელი კეტით იკეტებოდა. ახადელთა გადმოცემით, სახლის საფუძველში ოქროს ძუძუები ყოფილა ჩატანებული. ალბათ, ამიტომ დაანგრიეს საძირკვლამდის ის უკვდავ უბერებელი შენობა, რომლის ნადგომზეც ახლა მხოლოდ სიპია გაშლილი. იქ დაიბადა მიხა ხელაშვილი, უფრო სწორად, ხელაიშვილი.
ძველ დროში ახადის მკვიდრნი მხოლოდ გოდერძაულნი ყოფილან. მათ გვარში ჰყოლიათ ერთი ძლიერი, თავნება, ვაჟკაცობით განთქმული კაცი - ბეწუნა, რომელსაც თიკუნად (მეტსახელად) ხელაი რქმევია. მისი შთამომავლობისანი იყვნენ ხელაიშვილები. არ იციან, რამდენი თაობა წავიდა ბეწუნას შემდეგ. მიხას მამა - ზურაბი უკვე ხელაშვილად დაწერილა. პაპას – ჯუღურას ერთი ქალი ჰყოლია და ორი ვაჟი: თინიბექი და ზურაბი.
ზურაბის ცოლი, თამარი, თხისტყავიან მათურელ გმირთა შთამომავლის, თავადაც გმირული თვისებების მქონე გაგნა თადიაურის ქალი იყო. მათ სამი შვილი შეეძინათ: მიხეილი, პელაგია და პავლე. თამარი მეტად შრომისმოყვარე, ზნეკეთილი, ოჯახის ერთგული და ოთხ შვილზე გადამკვდარი დედა იყო (პირველი ქმრისაგან ჰყავდა უფროსი ასული – სალომე კაკაბლიშვილი-ჟამიაშვილისა).
მიხეილ ხელაშვილი დაიბადა 1900 წლის იანვარში. ბედნიერმა მამამ ხატს ზვარაკი შეუთქვა შვილის ბედკეთილობისათვის. ბავშვობა ახადში გაატარა მიხამ. არ სჩვეოდა სხვისი დაჩაგვრა, არავის იბრიყვებდა, თუმცა თანატოლებში ყველაზე ღონიერი და სწრაფი იყო. ბუნებით გულკეთილს, ხალისიანსა და მოძრავს უყვარდა ლექსობა-შაირობა, გართობა, შეჯიბრი სროლასა და ჭიდაობაში. შრომისმოყვარე და დამჯერე მიხა ათი-თორმეტი წლისა საოჯახო საქმეებშიც ეხმარებოდა მშობლებს. ღვთისნიერი და ხატ-ღმერთის მლოცველი ზურაბი ცდილობდა, რომ მისი შვილებიც მორწმუნენი და ღვთისმსახურნი გამხდარიყვნენ. გონიერსა და დაუზარელ მიხას მამამ ექვსი წლის ასაკში დააწყებინა წერა-კითხვა. მან ძალიან სწრაფად, ადვილად ისწავლა მხედრული და წიგნის კითხვაც შეიყვარა. ზურაბს სახლში კარგი ბიბლიოთეკაც ჰქონდა, რომელიც მოგვიანებით მიხას მადევარი მილიციელების მიერ განადგურებულა არაერთი დარბევის დროს. ღელის სალოცავში ყოფილა დაყუდებული ბერი ილარიონ მოსანთლიშვილი, რომელსაც ზურაბთან, როგორც მორწმუნე და წიგნიერ კაცთან, დიდი მეგობრობა ჰქონია. იგი ხუცური წიგნებით ამარაგებდა ხელაშვილებს. მიხას ხუცურიც უსწავლია. ზურაბმა, ბერის რჩევით, თავისი სწავლისმოყვარე შვილი მღვდლებს მიაბარა მცხეთაში, რათა საღმრთო რჯული ესწავლებინათ და ეკლესიის მსახურად გაეწვრთნათ. სამი-ოთხი წელი სწავლობდა იქ მიხა.
ნიჭიერმა მოწაფემ კარგად შეითვისა საღმრთო სჯული, ყოველი წეს-კანონი ეკლესიისა, გაერკვა ქვეყნის ავ-კარგში და აღმზრდელთა სიყვარულიც დაიმსახურა. მას თავისუფლად შეეძლო მღვდლობა, სურვილიც ჰქონდა, რომ ახადის მახლობლად, სოფელ მუქოში წასულიყო მღვდლად, მაგრამ ხელი შეუშალა საამისო ასაკის სიმცირემ და სათანადო საბუთის უქონლობამ. ამის გამო იგი დიაკვნად გაუმწესებიათ ბარისახოში. იქ დავაჟკაცდა მიხა. სამსახურის დაწყებიდან ორი-სამი წლის განმავლობაში თავისი კარგი ხასიათისა და ქცევის წყალობით დაიმსახურა სიყვარული, დაიახლოვა ტოლ-სწორები: თათარა, დათვია და გიგია ლიქოკელები, ალექსი ოჩიაური, გიგია ჭინჭარაული, სულხანაური და სხვანი. ბევრი მათგანი ნათელ–მირონით დაუკავშირდა, ზოგი ძმად შეეფიცა. რაინდული სულისა და სწრაფვის, მომლხენ-მოლექსე ახალგაზდა მოსწონდათ ხევსურებს. თანატოლებთან შეჯიბრში ეჩვეოდა მიხა სავაჟკაცო ზნესა და საქმეს, თითქოს იცოდა, თუ გრძნობდა, რომ ყოველივე ეს მალე დასჭირდებოდა. ხევსურეთში კარგი იარაღიც შეიძინა. ბარისახოს მღვდელი საყვედურობდა, მეომარივით რომ დადიოდა ღვთისმსახური.
- ხო არას ვაშავებ, რა გაწუხებსო? - აშოშმინებდა მიხა.
სხვათა მსგავსად, სამშობლოსათვის თავდადებული, ქვეყნის ბედიღბალზე დაფიქრებული იყო ბარისახოს სამღვდელოება. ბჭობდნენ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობისა და მამულის განთავისუფლების გზების შესახებ. მიხაც ამ სულისკვეთებით განიმსჭვალა, განიმტკიცა თანდაყოლილი ზნე-ხასიათი, თავისუფლებისმოყვარე, მებრძოლი, ბობოქარი სული.
1920 წლიდან და-სიძის, თევდორე მღვდლისა და სალომეს რჩევა-დახმარებით მიხა დიაკვნად გაამწესეს ჩარგლის ეკლესიაში. იქაურებსაც ჩქარა შეეთვისა იგი. ზრუნავდა მათთვის და საქვეყნო საქმეებზე ესაუბრებოდა ხალხს. დიდხანს მადლიერებით იგონებდა იოსებ გურასპაული, მიხამ წერა-კითხვა რომ შეასწავლა. ჩარგალში დიაკვანს დაუახლოვდნენ ახალგაზრდები: ლუკაანთ ლევანი (ვაჟა-ფშაველას შვილი), ივანე მთიბელაშილი, მისი და პარასკო, ვანო და ნიკო ხორნაულები კაწალხევიდან, იაკოფ მარწყვაშვილი, გიორგი მგელაშვილი მიგრაულთიდან და სხვანი. დაოჯახებას ურჩევდნენ თავისიანები მიხას. ჩარგალში ყოფნიდან მეორე წელს მან საცოლედ შეარჩია იქაური მდიდარი მეცხვარის, ფოცხვერა ბაჩიაშვილის უმცროსი ქალი, სხვებისაგან თვალტანადობით გამორჩეული დედუნა.
ფოცხვერას ოჯახი ვაჟა-ფშაველას მეზობლად სახლობდა, წყალგაღმა. - ქალი ჯერ პატარაა და ვერ გავათხოვებო, მოიმიზეზა ფოცხვერამ და უარით გაისტუმრა დედუნას სათხოვნელად მისულნი. სინამდვილეში კი ჯანმრთელობადარღვეულს თავისი ფანდი კაცი უნდოდა თავისი ცხვარ-ძროხის მეპატრონედ და საქმის გამძღოლად. ფოცხვერა მალე გარდაიცვალა. ქალის ოჯახის დამწუხრებამ მიხას ხელი შეუშალა დაოჯახებაში.
შემოდგომა იყო. ფოცხვერას ცხვარი ყორუღში იდგა ქალების ამარა. ვაჟა-ფშაველას შვილს, ლევანს კომისარი კოლა ჯაგნელიძე ესტუმრა მილიციელებით. იქ თანასოფლელი ახალგაზრდები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ სროლაში. ეს არ მოეწონა კომისარს.
- რა სროლა გაგიმართავთ, რა ამბავია?! - უსაყვედურა მასპინძელს.
- შეჯიბრება-გართობა გვაქვსო, - თავი იმართლა ლევანმა.
მილიციელები ყორუღის მახლობლად აძოვებდნენ ცხენებს და ქალებს ლაზღანდარობა დაუწყეს. მათი ხმამაღლობა რომ გაიგო, მიხამ თოფი სახლში შეიტანა, ბუხარში მაღლა გახირა და ჭალაში ჩაიარა. იგი ქალებს გამოესარჩლა და მილიციელებს შეეკამათა. შელაპარაკებას წაჩხუბება მოჰყვა. ხმაური რომ გაიგონეს, კოლა და ლევანიც ჭალაში ჩავიდნენ. კომისარი მიხას მიუხტა და მაუზერი წაართვა, თან ლევანს ჰკითხა:
- ვინ არის ეს ახალგაზრდა, ჩემს ხალხს რომ აწუხებს?
-  საშიში კაცი არ არის, სოფლის დიაკვანია, -  მიუგო მან.
- რას თამამობ, ვინა ხარ? თოფიც თუ გაქვს, მოიტანე, თორემ აქაურობას მოგაცილებ! - დაემუქრა ჯაგნელიძე მილიციელებთან მოდავე დიაკვანს.
- მიხა ხელაშვილი ვარ, ფშაველი, ჩემს ალაგზე ვარ, შენ და შენი მილიციელები კი წესრიგის დაცვის მაგივრად უწესობას შვებით, ქალები ცხვართან არიან, მათთან რა ხელი აქვს უცხო ხალხს! -  შეეპასუხა იგი.
- ეს რა დიაკვანია? ამისთანა კაცი დასაჭერია, სოფელს ააბუნტებს,
- განრისხდა კომისარი.
ლევანმა დააშოშომინა იგი და თავისთან წაიყვანა პურის საჭმელად. მიხას მაუზერის დაბრუნება ეწადა.
- უთხარი, დამიბრუნოს! - შეეხვეწა იგი ლევანს, მაგრამ მან ანიშნა, რომ იქაურობას გასცლოდა და თოფიც თან წაეღო.
იმედგადაწურული მიხა თავისი თოფით ტყეში მიიმალა. საუბარში გართულმა კოლამ მისი წასვლა ვერ შენიშნა.
- მაგ დიაკვნის წაყვანა ახლავე სჯობს, - ამცნო მასპინძელს თავისი გადაწყვეტილება ჯაგნელიძემ, მაგრამ უკვე გვიანი იყო.
ტყეში გასული მიხა მთავრობას ერიდებოდა, ხალხს კი არას უშავებდა. მის ოჯახს რამდენჯერმე მიუვარდნენ მილიციიდან, ეძებდნენ მიხას, მაგრამ ვერსად პოულობდნენ. მთავრობის საწინააღმდეგო აგიტაციას ეწეოდა ხელაშვილი. მოსახლეობაც უჯერებდა მას, ენდობოდა კაცთმოყვარეობითა და მხიარული ხასიათით თანატოლებში გამორჩეულს.
მიხა ხელაშვილი კარგი მოსაუბრე, ლაღი, მოსიმღერე, მიმზიდველი ქცევა-მანერების მქონე ახალგაზრდა გახლდათ. სახით მომხიბვლელი მიხა, გოლიათური აგებულების ზურაბსა და მის სხვა შვილებთან შე დარებით, დაბალი იყო. საშუალო ტანისას მსხვილი და ძალოვანი აღნაგობა ჰქონდა. ტყეში გასულს ორი-სამი დღეც რომ ეშიმშილა, საჭმლის თხოვნა არ შეეძლო, მწყემსები და მგზავრები თვითონ აწვდიდნენ სარჩოს. ასეთი გახლდათ “ის ქვეყნის დამაქცევარი ყაჩაღი”, პირადი ცხოვრება და ბედნიერება შორს რომ დარჩა. ჩუმი და მოპარული გახდა მისთვის წუთისოფლის ლხენა და ნეტარება. მიხა ხელაშვილს აშკარად არც ცოლი ჰყავდა და არც შვილი, მათ მეტწილად ჭოგრიტით უყურებდა ტყიდან, ფრთხილობდა, რომ მის გამო ათასჯერ აწიოკებული ოჯახი კიდევ არ შეეწუხებინათ.
ავტორიტეტით, გარეგნობით, ძალ-ღონით, სისწრაფით, სროლითა თუ მოლექსეობით გამორჩეულმა დიაკვანმა მისდაუნებურად დაჩრდილა, დაჯაბნა ჩარგლის ახალგაზრდობა. ამიტომ ექიშპებოდა მას ზოგიერთი მათგანი. მაღაროსკარში იმხანად კომისრად იყო ალექსი მისრიაშვილი, მიხას კარგი მეგობარი. ის აფრთხილებდა ხელაშვილს ჩარგლელთაგან მოსალოდნელი ღალატის შესახებ. ერთხანს ლუკა მარცვალაშვილი გავიდა მიხასთან ტყეში, მაგრამ იგი ცოტა ხნის შემდეგ მთავრობას შეურიგდა. მიხა ადრევე მიხვდა ლუკას განზრახვას, ფრთხილობდა, არ ენდობოდა. ივანე გარსევანაშვილი და ვახტანგ რაზიკაშვილიც მისი მოქიშპეები იყვნენ, ცდილობდნენ, როგორმე მთავრობის ხელში ჩაეგდოთ იგი. მისრიაშვილმა შეატყობინა მიხას, რომ ჯაგნელიძე სამოცი მილიციელით მასზე თავდასხმას აპირებდა და ურჩია, იქაურობას გარიდებოდა. ხელაშვილი კი არ გაერიდა, ერთ დილას თვითონვე მიუხტა ჯაგნელიძეს და მოკლა. მიხამ მილიციელებს იარაღი აჰყარა და მაღაროულაში გადაყარა. დაშინებულებმა აქეთ-იქით გაქცევით უშველეს თავს, ეგონათ, ტყვია მართლა არ ეკარებოდა მიხას.
კანცელარიაში შეჭრილ ხელაშვილს კედელზე აკრული კაცი დაუნახავს, იარაღი მიუღერებია შესაშინებლად.
- აქ რას აკეთებ? სიკვდილის ღირსი ხარ, მაგრამ ძმებს არა ვხოცავ!
- უთქვამს დამფრთხალისათვის და კაბინეტის გაღება დაუვალებია. მას კი ვერც ფეხი მოუცვლია და ვერც კარი გაუღია. მიხას შეუმტვრევია კარი, კარადებიც გაუხეტავს, ლენინის სურათი ჩამოუგდია და ფეხით გაუთელავს, მერე ზანდუკიდან თავისი მაუზერი ამოუღია.
- მისრიაშვილის ცხენი მომგვარე! - დაჰკივლა თურმე იოსებ ბოძაშვილს მიხამ. მანამდე კი წასულა და თურმანაულების სახლის სახურავზე საქართველოს დროშა დაუმაგრებია. შემდეგ ამხედრებული გასულა არაგვზე ხელაშვილი, ცხენი იქვე დაუტოვებია და ტყეს შეჰფარებია. ეს ამბავი თვით იოსებ ბოძაშვილს გაულექსავს:

„მაღაროსკარში ვმსახურობდი ერთ დროს მენაცაო,
მამაძაღლმა ხელაშვილმა, დახე, რა გვიყვაო:
ჩვენი კოლა კომისარი კარზე მოგვიკლაო,
მე კედელს ვეფარებოდი, ის მე მომადგაო,
ნაგანი და მაუზერი ორივ მომაპყრაო:
- ჯაგნელიძეს მაუზერი, მითხარ რა იქნაო?
ცივი ატკაზი მოუსვი: -არ მინახიაო.
- ხელაშვილ მოგაძებნინებს, ბალღო, მაიცაო.
კაბინეტისაკ წასულმა წინ გამიმძღვარაო,
მისი შკაფი და კამოდი, ორივ გატეხაო,
ლენინის სურათი ნახა, ზედ გაიარაო,
მაუზერი ამოიღო, გადაიკიდაო,
კარებზე ჩამოიარა, ჩამოთამაშდაო,
მისრიაშვილის ლურჯაი მამაყვანინაო,
შეჯდა და გამოაჭენა, წყალგაღმ გავიდაო.
ახ, ნეტავი, ბოძაშვილო, შენ ტყვია მოგცაო,
რომ მოგეკლა ხელაშვილი, სახელ გაგეთქვაო“.

მაღაროსკარიდან აფხუშოში წავიდა მიხა, დედა და და-სიძე გააფრთხილა, ბინას გასცლოდნენ. პატარა ბალღები კოდში ჩასხეს და ზედ ფლასი გადააფარეს. სალომე და თევდორე მახლობელ ტყეში გავიდნენ, მოხუცი კი ხოდისაკენ გაემართა, თან წაიღო თავისი ტანსაცმელი და სხვა რამეებიც, რაც ვირზე აეკიდებოდა. რაზმელებმა - იოსებ ჯანაშვილმა, ლევან ბოძაშვილმა, ჩოხელაშვილმა და სხვებმა დაინახეს მიმავალი. ჯერ შორიდანვე ესროლეს მიხას დედას, მერე კი მისცვივდნენ და წამებით მოკლეს.
ნადავლი ჯანაშვილსა და ჩოხელაშვილს გაუნაწილებიათ (სალომე თავის ტანსაცმელს ჯანაშვილის ცოლ-შვილის ტანზე ხედავდა მოგვიანებით). დედის დასაფლავებისათვის მივიდნენ სოფელში მიხა და მისი და-სიძე. მანამდე სოფლის თავკაცს, ოსა ზურაბაშვილს მისწერა მიხამ მუქარის წერილი. ხელაშვილი მოითხოვდა ეკლესიის გალავანში დაეკრძალათ დედამისი და ისე მოეხერხებინათ, რომ მილიციას ხელი არ შეეშალა დასაფლავებისათვის. მოხუცი წესისა და რიგის მიხედვით დაკრძალეს დათქმულზე ერთი დღით ადრე, რადგან სოფელს მილიციისა მაინც ეშინოდა. დასაფლავებას მიხაც დაესწრო. ხმა არავის ამოუღია, არც ვინმეს უსროლია, იმის მიუხედავად, რომ ხალხში გადაცმული მილიციელებიც იყვნენ. ჩარგალში აღარ ედგომებოდა მიხას. ხევისჭალელი ლევან ხავაზურის რჩევით, ჩოლოყაშვილის რაზმთან შეერთება გადაწყვიტა და ეს თავისიანებსაც შეატყობინა. ტანსაცმელი მოუმზადა სალომემ. წასვლის წინ მიხამ საცოლე მოინახულა, უნდოდა ახადში თავის მამასთან მიეყვანა, მაგრამ მოხუცი დედის მარტო დატოვება არ ინდომა დედუნამ.
- არ გათხოვდე! - ეს იყო მიხას უკანასკნელი თხოვნა სატრფოსადმი.
ქაქუცა ჩოლოყაშვილს გამორჩეულად ჰყვარებია მიხა. ენდობოდა და ფშავ-ხევსურეთში გზავნიდა ხალხის მისამხრობად. იგი ყოველთვის სიხარულით ასრულებდა ამ დავალებას. დროდადრო ახერხებდა ფშავში გადასვლას შინაურებისა და სატრფოს სანახავად. მიხა ფოცხვერას სიძე გახდა დაფარულად. გაუცხადებლად, საიდუმლოდ მოეწყო ყველაფერი. გაუგებარი მაინც არაფერი რჩებოდა, მილიცია აწუხებდა დედუნას. ხუმრობით კარის პოეტს უწოდებდა ჩოლოყაშვილი მიხას. ჰპირდებოდა, რომ გამარჯვების შემთხვევაში კარგ სწავლა-განათლებას მიაღებინებდა.
- კარის კი არა, ველის პოეტი ვარ, - ხუმრობდა ისიც.
სულხანიშვილის მოგონებებიც ადასტურებს მათ კარგ ურთიერთობას.
ორი წელი დაჰყო მიხა ხელაშვილმა ჩოლოყაშვილის რაზმში.
1924 წლის ზაფხულში, როცა დამარცხებული ქაქუცა თანამოაზრეებთან ერთად საზღვარგარეთ წავიდა, მიხა და ლევან ხავაზური კახეთში დარჩნენ. სამშობლოში მოსალოდნელი სიკვდილი ამჯობინეს უცხოეთში ყოფნას. ერთხანს შირაქი და ცივ-გომბორი მოიარეს მეგობრებმა. საიმედო ადგილი უნდა მოენახათ გამოსაზამთრებლად. ხელაშვილს ჩარგლისაკენ მიუწევდა გული და მცირე ხნით იქ წასვლა გადაწყვიტეს. მიხა ჩარგალში რომ დაიგულეს, კვლავ თავიანთ ბნელ საქმეებს შეუდგნენ მისი მოქიშპენი.
ლუკა მარცვალაშვილმა განაახლა მასთან “მეგობრობა”. ერთხელ ლუკა პირს ჰპარსავდა თურმე მიხას. მას ალბათ გული უგრძნობდა მოსალოდნელ ღალატს:
- რაღა სხვას დარჩეს ჩემი მკვლელისათვის მთავრობის დაწესებული ჯილდო, შენზე უფრო ალალია. აი, ახლა შეგიძლია სამართებელი ყელში გამომისვა და მომკლა, _ უთქვამს მიხას ლუკასათვის.
- მაგას როგორ ვიზამ, ძმასავით მიყვარხარ, შენ რომ ჩოხა მაჩუქე, იმისთანა საჩუქარი ძმას არ მოუცია ჩემთვის, - უპასუხნია ატირებულ მარცვალაშვილს.
მიხა ხელაშვილის მკვლელს ჰპირდებოდნენ იარაღს, სამსახურს, 100 მანეთსა და ყოველგვარი გადასახადისაგან განთავისუფლებას. მილიცია დევნიდა, არბევდა მის დახმარებაში შემჩნეულებს. არაერთგზის ააწიოკეს ფოცხვერას ოჯახიც, მაგრამ მიხა თადარიგიანად იქცეოდა, არ ეკარებოდა დედუნას სახლს, ცოლ-შვილს ჭოგრიტით უჭვრეტდა. დევნილს ახლოდან არც უნახავს თავისი ქალიშვილი, დედამისის სახელი _ თამარი რომ დაარქვეს. ლევან ხავაზური გვერდიდან არ შორდებოდა მიხას, მოქიშპეთა ამარა არ ტოვებდა და ცდილობდა ისევ კახეთში წაეყვანა, მაგრამ ვერ დაითანხმა. იმ წელს, გვიან შემოდგომაზე წავიდა კახეთში ხავაზური (1940 წლამდე იმალებოდა ტყეში, მერე შეურიგდა მთვარობას). მიხა ჩარგალში დარჩა. იანვრის გასულისათვის გადაწყვიტა ხევისჭალაში წასვლა.
მიხა ხელაშვილის მკვლელობა 1925 წლის იანვრის ბოლოს მოხდა. ნაქეიფარმა მიხამ მარცვალაშვილის საბძელში დაიძინა, კახეთში უნდა წასულიყო მეორე დღეს. მტრებმა დრო იხელთეს, მძინარე მიხას ლევან გარსევანაშვილმა დაახალა ტყვია თავში, ლუკა მარცვალაშვილმა ვერ გაბედა. მკვლელი იმავე ღამეს ჩავიდა ჭალისსოფელში (ჩარგლის უბანი) ვახტან რაზიკაშვილთან. მან კი მაღაროსკარში მილიციას შეატყობინა მომხდარის შესახებ. მკვლელობის ადგილას, მარცვალაშვილის სახლთან მისულმა მილიციელებმა სროლა დაიწყეს, რათა ხალხს მათი მოკლული ჰგონებოდა ხელაშვილი. მეორე დღეს დუშეთში ჩაიტანეს მარხილზე დადებული მიხას ცხედარი და მილიციის შენობის წინ დააგდეს, ხალხის საჩვენებლად და დასაშინებლად. რამდენიმე ხანს იქვე დატოვეს, შემდეგ დაუმარხავად ჩააგდეს თხრილში. არავის ანებებდნენ მის დაკრძალვას. ცხედარი თითქმის დაიშალა. დამ და სიძემ მოიპარეს მიხას ნეშტი, ხევსური მილიციელის დახმარებით, ცხენს გადაჰკიდეს, ჩარგალში აიტანეს და მეორე ღამეს ფარულად დამარხეს დედამისის საფლავის თავთით, წმიდა გიორგის ეკლესიის გალავანში. არ ეღირსა მიხა ხელაშვილს საკუთარი სამარე და “შინ გათლილი კუბოს ფიცარი”. ეს ნატვრა ხომ დაღუპული მეგობრებისადმი მიძღვნილ ერთ-ერთ ლექსში გამოხატა.
მიხა ხელაშვილის მეგობარ-თანამოაზრეთა ნაწილი ადრევე დახოცა მილიციამ. გადარჩენილებმა დაიტირეს ვაჟკაცი, საფლავთან კი ვერა, თავისსავე კერაზე: ვანო ხორნაულმა - კაწალხევში, ლევან ხავაზურმა - ბაწარას ტყეებში, თავისიანებმა კი ახადსა და ჩარგალში. ასე წავიდა საწუთროდან სამშობლოსათვის თავდადებული ახალგაზრდა, შეეწირა თავისუფლებისა და ღირსების დაცვას, იმას, რაც სწამდა და თავზე მეტად უღირდა. უგვან სიცოცხლეს წინაპრებთან სახელოვანი მისვლა ამჯობინა საქართველოს მთის ტრადიციებზე აღზრდილმა კაიყმამ, მიხა ხელაშვილმა..
დაიცარა მიხას მტრების ბედიც: მარტო თოფი მიუღია მთავრობისაგან ლევან გარსევანაშვილს. იგი მოსისხლეებმა მოკლეს იმავე ზაფხულს. ლუკა მარცვალაშვილი გამოცდილ ძებნილს, გოგია ჭიჭოშვილს მოუკლავს შირაქში, ტარიბანაში. წამებად იქცა ვახტან რაზიკაშვილის ცხოვრებაც, საოცრად დახლართული ჯაჭვით გადაბმული მიხა ხელაშვილის ბედთან.
25 წლის ასაკში გამოასალმეს მიხა ხელაშვილი სიცოცხლეს, მაგრამ ვერ მოკლეს, რადგან არაერთი დარბევა-განადგურების მიუხედავად გადარჩა მისი ლექსების ნაწილი. ამან, ღირსეულ სიცოცხლესთან ერთად, ლეგენდად აქცია, უკვდავყო მიხა ხელაშვილის სახელი. მიხას მამისეულ სახლში, ახადში, მილიციას სულ გაუნადგურებია პოეტის ბავშვობის დროინდელი ნაწერები. კახეთში შექმნილი ჩოლოყაშვილის რაზმელობის პერიოდის ლექსთა ნაწილი, რომელიც მის მეგობარ ივანე ყაყიდაშვილთან ინახებოდა, მან ძმის მეგობარსა და მიხას შემოქმედების თაყვანისმცემელს, ვანო ხორნაულს გადასცა. ვანომ ლექსები კლდეში დამალა, რამაც გარკვეულწილად დააზიანა ისინი. გარკვეული ხნის შემდეგ მან მიხა ხელაშვილის ლექსები ფსევდონიმებით “მიხა ახადელი” და “მიხეილ ზურაბაშვილი” - გამოაქვეყნა თავის მიერ გამოცემულ ხალხური სი ტყვიერების კრებულში.    /თამარ ხელაშვილი/


Комментариев нет:

Отправить комментарий