მიხაკო წერეთელი

ქართული პოლიტიკური ემიგრაციის ერთ–ერთი ყველაზე გამორჩეული მოღვაწე მიხეილ (მიხაკო) წერეთელი გახლდათ მსოფლიო მასშტაბის მეცნიერი ძველი აღმოსავლეთის ისტორიის დარგში. ფილოლოგი, პუბლიცისტი, სოციოლოგი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, პროფესორი, ცნობილი ექიმის, პუბლიცისტისა და ეროვნული მოღვაწის, ვასილ წერეთლის უმცროსი ძმაა. 
მიხაკო წერეთელი დაიბადა 1878 წლის 23 დეკემბერს, შორაპნის მაზრის სოფელ ცხრუკეთში. იგი იმერეთის სამეფო ტახტის აზნაურის, იმერთა მეფეების – ალექსანდრე V-ის და სოლომონ I–ის კარის მოძღვრის სვიმონ წერეთლისა და იმერეთის მეფის დავით II–ის პირდაპირი შთამომავალი იყო. წერეთლების ოჯახში მწიგნობრული გარემო სუფევდა. მამა –  გიორგი წერეთელი თავისი დროისთვის უაღრესად განათლებული პიროვნება და ბრწყინვალე კალიგრაფი იყო, შესანიშნავად იცოდა ქართული სასულიერო და საერო მწერლობა. დედა – მაია იაშვილი მოწინავე არისტოკრატიული ოჯახის წარმომადგენელი, ცნობილი იყო როგორც ჭკვიანი და დარბაისელი ქალი. კულტურისა და სულიერების გარემომ, რომელიც ოჯახში სუფევდა, განსაკუთრებული როლი ითამაშა მიხაკო წერეთლის პიროვნების ჩამოყალიბებაში.
ქუთაისის კლასიკური გიმნაზიის დამთავრების შემდეგ, მიხაკო წერეთელი ჩაირიცხა კიევის უნივერსიტეტში, საიდანაც გარიცხეს 1899 წელს აქტიური პოლიტიკური და ანტიიმპერიული მოღვაწეობისათვის. შემდეგ სწავლობდა სორბონისა და ჟენევის უნივერსიტეტებში. 1912 წელს წარმატებით დაამთავრა ჰაიდელბერგის (გერმანია) უნივერსიტეტის ისტორია–ფილოლოგიის ფაკულტეტი ძველი აღმოსავლეთის ისტორიის განხრით.
1900-1906 წლებში მ. წერეთელი ცხოვრობდა და მოღვაწეობდა საფრანგეთსა და შვეიცარიაში. აქტიურად იყო ჩართული ანარქისტულ და ეროვნულ–განმათავისუფლებელ მოძრაობაში. ამასთან, ეწეოდა ნაყოფიერ პუბლიცისტურ მოღვაწეობას.
მიხაკო წერეთელი წარმოდგება ერთ–ერთ გამგრძელებლად ილია ჭავჭავაძის მიერ დასახული გზისა. ილიას მკვლელობის შემდეგ, გაზეთ "ისრის" 1907 წლის 2 სექტემბრის ნომერში გამოქვეყნდა მ. წერეთლის ცნობილი წერილი "კაცია ადამიანი?!", ხოლო ილიას დაკრძალვაზე მის მიერ წარმოთქმულ სიტყვას უდიდესი რეზონანსი ჰქონდა ქართულ საზოგადოებაში.
1910 წელს თბილისში გამოიცა მ. წერეთლის მნიშვნელოვანი სოციოლოგიური გამოკვლევა "ერი და კაცობრიობა", რომელიც წარმოადგენს ქართულ ენაზე გამოცემულ პირველ სოციოლოგიურ მონოგრაფიულ გამოკვლევას. 1912 წელს მან გამოაქვეყნა თავისი ცნობილი ნაშრომი "შუმერული და ქართული", რომელიც, მოგვიანებით, ინგლისურ და ფრანგულ ენებზე გამოიცა.
საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, 1918-1919 წლებში მ. წერეთელი იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელი გერმანიასა და სკანდინავიის ქვეყნებში, მოღვაწეობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ წერეთელი იძულებული გახდა სამუდამოდ დაეტოვებინა სამშობლო.
ემიგრაციაში იგი აგრძელებდა აქტიურ სამეცნიერო და პოლიტიკურ მოღვაწეობას, იკვლევდა სამყაროს უძველეს ენებსა და კულტურებს, რათა მიეგნო ქართული მოდგმის უშორესი ფესვებისათვის, დაედგინა ქართველთა წარმომავლობაც და ქართული კულტურის თავისებურებანიც.
XX ს–ის 20-იანი წლების პირველ ნახევარში სტამბოლის ქართველ კათოლიკეთა სავანესთან არსებულმა გამომცემლობამ გამოსცა მ. წერეთლის მიერ ნათარგმნი ასურულ–ბაბილონური ეპოსი "გილგამეშიანი". 30-იან წლებში ბერლინში გამოიცა სულხან–საბა ორბელიანის "სიბრძნე–სიცრუისა"–ს მ. წერეთლისეული გერმანული თარგმანი. 
სახელოვანი მეცნიერი აქტიურად მოღვაწეობდა რუსთველოლოგიის დარგში. 1963 წელს პარიზში გამოქვეყნდა "ვეფხისტყაოსნის" მ. წერეთლის მიერ დადგენილი ტექსტი, ხოლო 1975 წელს – პოემის წერეთლისეული გერმანული პროზაული თარგმანი.
აღსანიშნავია მიხაკო წერეთლის პოლიტიკური მოღვაწეობა. იგი გახლდათ ქართული პატრიოტული ორგანიზაცია "თეთრი გიორგის" ერთ–ერთი ლიდერი და იდეოლოგი. II მსოფლიო ომის წლებში მ. წერეთელი იყო გერმანიაში მოქმედი "ქართული სამოკავშირეო შტაბის" ერთ–ერთი ხელმძღვანელი. შტაბის ძალისხმევით, გერმანიის საკონცენტრაციო ბანაკებიდან განთავისუფლდა ასობით ქართველი სამხედრო ტყვე.
1945 წელს სახელოვანი მამულიშვილის პირად ცხოვრებაში ტრაგედია მოხდა: ბრმა შემთხვევამ იმსხვერპლა მისი ერთადერთი ვაჟი – ქართული პოლიტიკური ემიგრაციის თვალსაჩინო მოღვაწე ოთარ წერეთელი. 
განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია მ. წერეთლის თანამშრომლობა ქართულ ემიგრანტულ პრესასთან. მისი უშუალო მონაწილეობით პარიზში დაარსდა სამეცნიერო ჟურნალი "ბედი ქართლისა". გარდა ამისა, მიხაკო წერეთელი იყო ლონდონში გამომავალი ინგლისურენოვანი სამეცნიერო ჟურნალ "Georgica"–ს სარედაქციო საბჭოს უცვლელი წევრი. მ. წერეთლის საყურადღებო ნაშრომები გამოქვეყნებულია პროფესორ ვიქტორ ნოზაძის რედაქტორობით პარიზში გამოცემულ ჟურნალში "კავკასიონი". 
სიცოცხლის ბოლი წლები მიხაკო წერეთელმა მიუნხენში გაატარა, გარდაიცვალა 1965 წელს. მოგვიანებით, მისი ნეშტი მიუნხენიდან გადასვენებული იქნა საფრანგეთში, ლევილის ქართველთა სასაფლაოზე.
საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება დიდი მამულიშვილის სამშობლოში, მთაწმინდის პანთეონში გადმოსვენების თაობაზე.

 სახელი:მიხეილ წერეთელი
დაბადების თარიღი:23 დეკემბერი, 1878
გარდაცვ. თარიღი:1965  (86 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ლევილის ქართველთა სასაფლაო, საფრანგეთი
იყო:ისტორიკოსი, მეცნიერი, პოლიტიკოსი, პუბლიცისტი, სოციოლოგი, ფილოლოგი

Комментариев нет:

Отправить комментарий