გენერალი კოტე აფხაზი

კონსტანტინე (კოტე) აფხაზი (1867 წლის 27 ნოემბერი, კარდენახი ― 1923 წლის 19 მაისი, თბილისი), 
ქართველი საზოგადო, პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწე, არტილერიის გენერალი, 1921-1923 წლების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის წევრი და სამხედრო ცენტრის ხელმძღვანელი (1922-1923), საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი ფუძემდებელი (1917) და ამ პარტიის თავმჯდომარე (1921-1923), ილია ჭავჭავაძის დის შვილი.
დაიბადა სამხედრო და საზოგადო მოღვაწის, თავად ნიკოლოზ აფხაზის ოჯახში. ეს საგვარეულო აფხაზეთის მთავრების, – შერვაშიძეთა კახეთში დამკვიდრებულ შტოს წარმოადგენდა. XVII ს. დამდეგს ოსმალეთის მიერ აფხაზეთის აკლებისა და სამეგრელოში დადიანების გაბატონების შემდეგ შერვაშიძეთა ამ შტოს იქ აღარ ედგომებოდა. მეფე თეიმურაზ II-ისაგან ებოძათ მათ ვაჩნაძეთა ერთ-ერთი ამოწყვეტილი ოჯახის მამული კარდენახში. ადგილობრივი მოსახლეობა მათ აფხაზებად იხსენიებდნენ, საიდანაც შემდეგ მათი გვარი წარმოდგა.
კოტე აფხაზმა დაამთავრა თბილისის კადეტთა სასწავლებელი (1885) და პეტერბურგის სამხედრო აკადემია (1890).
კონსტანტინე აფხაზი ცარისტული რუსეთის არმიაში მსახურობდა 1890 წლიდან და გაიარა გზა არტილერიის გენერალ-მაიორობამდე (1914). I მსოფლიო ომის წლებში (1914-1916წლებში) სარდლობდა საარტილერიო ბრიგადას.
1906-1913 წლებში იგი არჩეული იყო თბილისის საადგილმამულო ბანკის სამეურვეო კომიტეტის წევრად, იმავე ხანებში მისი უშუალო ხელმძღვანელობით კახეთში გაყვანილ იქნა რკინიგზა.
1913-1914 და 1916-1917 წლებში აფხაზი ასრულებდა ქართლ-კახეთის თავადაზნაურთა წინამძღოლის (მარშლის) მოვალეობას.
1917-1918 წლებში იგი იყო თბილისის ქართული უნივერსიტეტის დამფუძნებელი საზოგადოების თავმჯდომარე და ივანე ჯავახიშვილთან და სხვა სახელოვან მოღვაწეებთან ერთად დიდი წვლილი შეიტანა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებაში.
1917 წლის ივნისში კონსტანტინე აფხაზი იყო საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი ფუძემდებელი (1921-1923 წლებში იგი ასრულებდა ამ პარტიის თავმჯდომარის მოვალეობას).
იმავე წლის თებერვალ-სექტემბერში იგი აქტიური მონაწილე გახლდათ ქართული მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიისაღდგენისა, რაც წარმატებით დაგვირგვინდა 1917 წლის სექტემბერში.
იმავე 1917 წლის 22 ნოემბერს საქართველოს ეროვნულმა ყრილობამ (რომელიც განიხილავდა საქართველოს სრული სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის საკითხს) იგი აირჩია საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად.
1918 წლის 26 მაისამდე საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის ფუნქციებს ასრულებდა საქართველოს ეროვნული საბჭო, რომლის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მოღვაწე იყო კონსტანტინე აფხაზი.
მისი თავმჯდომარეობით შემუშავდა “საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი”. სხვა ცნობილ მოღვაწეთა ხელმოწერებთან ერთად ამ აქტს ამშვენებს აფხაზის ხელმოწერაც.
1919-1921 წლებში იგი იყო 1919 წელს არჩეული ეროვნული პარლამენტის, – საქართველოს დამფუძნებელი კრების, წევრი.
1919 წელს კონსტანტინე აფხაზმა აქტიური მონაწილეობა მიიღო საქართველოს შეიარაღებული ძალების შესახებ კანონის შემუშავებაში, რომელიც დამტკიცებულ იქნა დამფუძნებელი კრების მიერ აღნიშნული წლის ივლისში. აღსანიშნავია, რომ გამოჩენილ სამხედრო მოღვაწეებთან გიორგი კვინიტაძესთან, გიორგი მაზნიაშვილთან და სხვებთან ერთად მან დიდი წვლილი შეიტანა ქართული ეროვნული არმიის შექმნაში. ზემოხსენებული კანონის მიღების დროს საქართველოს რეგულარულ არმიაში უკვე ირიცხებოდა 50 ათასამდე მებრძოლი.
საქართველოსთვის ავბედითი გამოდგა 1921 წლის 25 თებერვალი, როდესაც ბოლშევიკური რუსეთის მე-11 წითელმა არმიამ აიღო თბილისი, რასაც მოჰყვა საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობის გაუქმება. საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია-ანექსიის შემდეგ აფხაზი ემიგრაციაში არ წასულა. დღიდან ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია-ანექსიისა გენერალი აფხაზი იყო ერთ-ერთი ლიდერი ქართველი ერის განმათავისუფლებელი მოძრაობისა.
1921 წლის დამდეგსვე იგი არჩეულ იქნა საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარედ. 1922 წელს მისი და პოლკოვნიკ ქაქუცა ჩოლოყაშვილის თაოსნობით მოხდა აჯანყება ხევსურეთში, რომელმაც, მიუხედავად დამარცხებისა, საგრძნობი ზიანი მიაყენა რუსულ საოკუპაციო არმიას. იმავე წელს კონსტანტინე აფხაზი იყო საქართველოს ინტერპარტიული პარიტეტული კომიტეტის (იგივე საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტი) შექმნის ერთ-ერთი ინიციატორი. მისივე თაოსნობით შეიქმნა ამ კომიტეტის სამხედრო ცენტრი. ცენტრი საერთო სამხედრო კოორდინაციას უწევდა მზადებას საყოველთაო-სახალხო ეროვნული ამბოხებისათვის. სამწუხაროდ, გამცემლობის შედეგად, საგანგებო კომისიამ (ე.წ. ,,ჩეკა,,) შეძლო სამხედრო ცენტრის მიგნება. 1923 წლის თებერვალში ჩეკისტებმა დააპატიმრეს გენერალი კონსტანტინე აფხაზი და სამხედრო ცენტრის სხვა 14 წევრი.
კ. აფხაზთან `სამხედრო კომიტეტის~ დელეგატი მივიდა და გააფრთხილა მისი შესაძლო დაჭერის შესახებ. დელეგატი სთხოვდა სასწარაფოდ საზღვარგარეთ წასვლას, სადაც მისი ცოლ-შვილიც იმყოფებოდა.
– დიდად მადლობელი ვარ კომიტეტის მზრუნველობისათვის, მაგრამ ჩვენს ქვეყანასა და ხალხს ვერ მივატოვებ ამ მის ბრძოლის გაჭირვების ხანაში.
გარდა ქართულ ძველ ისტორიულ ტრადიციისა, რომელიც ასეთ დროს იშვიათად ატოვებინებდა ქართველ კაცს თავის სამშობლოს, სად გაგონილა, რომ ღენერლები ჯარს ბრძოლის ველზე სტოვებდნენ… მე ვრჩები და დავრჩები ბოლომდე, რათა დავეხმარო საქართველოს მებრძოლ ბანაკს მის განთვისუფლებისათვის ბრძოლაში!” – უპასუხია კოტე აფხაზს.
მართლაც, დიდი დრო არ გასულა… 1923 წლის 3 მარტს გაიცა კ. აფხაზის დაპატიმრების ორდენი.
მარტის ბოლოს თითქმის ყველა დამნაშავე “ჩეკას” საგანგებო ჯურღმულებში ჰყავდა გამომწყვდეული. სხვა სამხედრო მოღვაწეებთა ერთად ერთ-ერთი ძვირადღირებული ნადავლი კოტე აფხაზი გახლდათ.
თითქმის 3 თვე მიმდინარეობდა დაპატიმრებულთა არაადამიანური ტანჯვა-წამება, მაგრამ მტარვალებმა ვერ შეძლეს მათი სულიერი გატეხვა…
1923 წლის 19 მაისს ამიერკავკასიისა და საქართველოს საგანგებო კომისიამ მიიღო დაადგენილება კოტე აფხაზის 24 საათში დახვრეტის შესახებ.  განაჩენი დაუყონებლივ აღასრულეს. 15 ქართველ ოფიცერთან ერთად კოტე აფხაზი ქალაქგარეთ, ახლ ვაკის პარკის მიდამოებში დახვრიტეს. დახვრეტამდე კოტე აფხაზს მიუმართავს მათთვის, ქართველ გენერალს არ შეშვენის ამ სიტყვების წარმოთქმა, გთხოვთ, ჩემი მეგობრების სიკვდილს ნუ მაყურებინებთ, პირველი მე დამხრტიტეთო.
“გაუმარჯოს თავისუფალ საქართველოს!” – ამ შეძახილებით ხვდებოდნენ გმირები სიკვდილს. კოტე აფხაზმა კი წარმოთქვა ლეგენდად ქცეული სიტყვები:
” – მე ვკვდები სიხარულით, რადგან ღირსი გავხდი საქართველოს სამსხვერპლოზე ზვარაკად მიტანისა. ჩემი სიკვდილი გამარჯვებას მოუტანს საქართველოს!”
კონსტანტინე აფხაზის მეუღლე, – ელენე (1870-1942) და ვაჟი – ნიკოლოზი (1900-1988) 1923 წლიდან იყვნენ პოლიტიკური ემიგრანტები. ელენე განისვენებს საფრანგეთში, პარიზის სენ ჟენევიევ დე ბუას სასაფლაოზე. ვაჟი, – ნიკოლოზ აფხაზი, განათლებით იყო იურისტი (დაასრულა სორბონის უნივერსიტეტი). იგი ჯერ ცხოვრობდა საფრანგეთში, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ კი გადასახლდა კანადაში, სადაც ეწეოდა ნაყოფიერ მოღვაწეობას ადვოკატურასა და დეკორატიულ მებაღეობაში.
post-66-1229720223ამონაწერი ამიერკავკასიის და საქართველოს საგანგებო კომისიათა კოლეგიების 1923 წლის 19 მაისის გაფართოებული სხდომის #19 ოქმისა
თავმჯდომარეობდა ამიერკავკასიის საგანგებო კომისიის თავმჯდომარე ამხ. მოგილევსკი
ესწრებოდნენ ამხ. პანკრატოვი, ზონოვი, მახნოვსკი, ნიკოლაევი, კვანტალიანი, ბერია, მიქელაძე, ელიავა, ორახელაშვილი და ლომინაძე
მოისმინეს: (მომხსენებელი ამხ. აშუკინი)
I) 1. ანტისაბჭოური პარტიების სამხედრო ორგანიზაციის საქმე, რომლის მიხედვითაც ბრალად ედება კონსტანტინე ნიკოლოზის ძე აფხაზს, 55 წლისას, უმაღლესი განათლების მქონეს, ყოფ. თავადს, ყოფ. გენერალს, ყოფ. თავადაზნაურთა წინამძროლს საქართველოს ეროვნულ დემოკრატთა პარტიის ცენტრალური კომიტეტის თავმჯდომარეს, – საქართველოს საბჭოთა ხელისუფლების წიმააღმდეგ შეთქმულების მოწყობა, საქართველოში ბანდიტური მოძრაობის შექმნა და მასში მონაწილეობა, ანტანტის სასარგებლო შპიონჟი, მუშურ–გლეხური სახელმწიფოს გაცემა და ღალატი.
დაადგინეს:
კონსტანტინე ნიკოლოზის ძე აფხაზი, 55 წლისა, უმაღლესი განათლების მქონე, ყოფ. თავადი, ყოფ. გენერალი, ყოფ. თავად–აზნაურთა წინამძღოლი, საქართველოს ეროვნულ დემოკრატთა პარტიის ცენტრალური კომიტეტის თავმჯდომარე, რომელიც შევიდა სამხედრო ცენტრში და მონაწილეობდა საქართველოს საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ აჯანყების მომზადების ხელმძღვანელობაში, ეროვნულ დემოკრატთა ცენტრალურ კომიტეტში აჯანყების საკითხის განხილვისას, როგორც თვითონ აღიარა, ხმა მისცა დაუყოვნებლივ შეიარაღებულ აჯანყებას – დაიხვრიტოს. განაჩენი მოყვანილ იქნეს სისრულეში 24 საათში.
 
ამიერკავკასიის საგანგებო კომისიის სარეგისტრაციო განყოფილების უფროსი მაისოვი
26 მაისის საძირკველი.
“1917 წლის ნოემბერში ილია ჭავჭავაძის დისწულმა კოტე აფხაზმა ეროვნულ საბჭოს გადასცა ილიას ბანკის შენაძენი ქონება 26 მილიონი ოქროს მანეთის ღირებულებისა (ე.ი. 8 მილიარდი ფრანკის) და ის დაედვა საფუძვლად ჩვენს დამოუკიდებლობას”.
რევაზ გაბაშვილი. “დაბრუნება” ტ. III, გვ. 22
1917 წლის 29 ოქტომბერს თბილისში ჩატარდა თავადაზნაურთა საგანგებო კრება, რომელიც მიეძღვნა თავად-აზნაურთა საკრებულოს უძრავ-მოძრავი ქონების ბედს. კრებამ მოისმინა თბილისის გუბერნიის თავად_აზნაურთა საკრებულოს წინამძღოლის, გენერალ კონსტანტინე აფხაზის სიტყვა, დაეთანხმა მოხსენების დედა-აზრს, რომ ქართველი თავადაზნაურობა გამოუყოფელი ნაწილია ქართველი ერისა და მისი ქონება ეკუთვნის მთელ ერს.
საგანგებო კრებას ესწრებოდა დასავლეთ საქართველოს თავადაზნაურთა საკრებულოს წინამძღოლი დავით ნიჟარაძე და ცნობილი საზოგადო მოღვაწე ნიკო ნიკოლაძე.
 
ეროვნული ყრილობა
1917 წლის 19 ნოემბერს 1 საათსა და 15 წუთზე თბილისის სახელმწიფო თეატრის შენობაში გაიხსნა საქართველოს პირველი ეროვნული ყრილობა. ყრილობას ესწრებოდა 320-ზე მეტი დელეგატი საქართველოს ყველა კუთხიდან, პოლიტიკურ პარტიათა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები.
ყრილობა გახსნა საქართველოს ინტერპარტიული საბჭოს თავმჯდომარემ აკაკი ჩხენკელმა.
I ეროვნულ ყრილობაზე მონაწილეობისათვის თავად-აზნაურთა საერთო კრების მიერ არჩეულნი იყვნენ:
კონსტანტინე ნიკოლოზის ძე აფხაზი – თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა საკრებულოს წინამძღოლი, გენერალი;
დიმიტრი ერასტის ძე ჩოლოყაშვილი – თბილისის მაზრის თავად-აზნაურთა წინამძღოლი;
მიხეილ ალექსანდრეს ძე სუმბათაშვილი – ბორჩალოს მაზრის წინამძღოლი;
მიხეილ ვასილის ძე მაჩაბელი;
ივანე დიმიტრის ძე აფხაზი;
დავით ალექსანდრეს ძე გურამიშვილი;
კონსტანტინე ზაქარიას ძე მაყაშვილი;
ვასილ ილიას ძე რცხილაძე;
ვარლამ ჯანასლარის ძე ჩერქეზიშვილი;
მიხეილ ალექსანდრეს ძე გედევანიშვილი;
გენერალი გიორგი ალექსანდრეს ძე ჯამბაკურ-ორბელიანი;
დავით ოტიას ძე ნიჟარაძე – დასავლეთ საქართველოს თავად-აზნაურთა წინამძღოლი.
 
გენერალი კოტე აფხაზი:
“მე წარმოვდექი თქვენს წინაშე თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურობის დავალებით, რათა გაუწყოთთავადაზნაურთა ყრილობის დადგენილება ღვინობის თვის 29 დღისა. ამ დღეს გადაწყდა, რომ მთელი თავად-აზნაურობის ქონების ღირსეულ მემკვიდრედ გამოცხადებულ იქნას ქართველი ერი. ეს ქონება არ იყო მამა-პაპის მიერ შთამომავლობით დატოვებული, არამედ იყო თავად-აზნაურობის მიერ შენაძენი ამ ორმოცდაათის წლის განმავლობაში. თავად-აზნაურობას დიდი წარსული აქვს სამხედრო ასპარეზზედ. ამას გარდა სამოქალაქო ასპარეზზედაც მრავალი შესანიშნავი პირი მოგვცა ამ წოდებამ”.
 
“სათავადაზნაურო ბანკი 1874 წელს დიმიტრი ყიფიანის მუყაითობით დაარსდა. ბანკის წესდებაში აღიარებული იყო, მისი მოგების ნახევარი მოხმარდეს მიწის მუშას. ბანკმა დიდი შემოსავალი მისცა თავადაზნაურობას. დღეს ბანკი წლიურად 300 000 მანეთ წმინდა შემოსავალს იძლევა. ამ მოგებით იკვებება 30 ქართული კულტურული დაწესებულება.
კახეთის რკინიგზა. ამ გზას დიდი ხნის ისტორია აქვს. თავადაზნაურობას დიდი შრომა დასჭირდა ამ საქმის კეთილად დასაგვირგვინებლად. 1915 წელს ამ გზაზე მატარებელმა დაიწყო მუშაობა. ამ გზამ დიდი სამსახური გაუწია კახეთის მცხოვრებლებს. აღვნიშნავ მხოლოდ, ეს რკინიგზა რომ არ ყოფილიყო, კახეთის მცხოვრებლები ამ ომის დროს შიმშილით დაიხოცებოდნენ. ამ რკინიგზის ღირებულება 18 მილიონ მანეთს შეადგენს.
თავადაზნაურობის შენობა, სასახლის ქუჩაზე, რომლის შემოსავალი წლიურად 120 000 მანეთს იძლევა! 

თავადზანაურობას აქვს ელექტრონის სადგური, რაც წლიურად იძლევა 100 000 მანეთ წმინდა შემოსავალს.
ქართული გიმნაზია, რომლის შენობის ღირებულება ორ მილიონ მანეთს აღემატება…”

Комментариев нет:

Отправить комментарий