სერგო ზაქარიაძე

სერგო ზაქარიაძე დაიბადა 1909 წელს, ქართველი რკინიგზელის ოჯახში. მაშინ ბევრი ქართველი ცხოვრობდა და მუშაობდა ბაქოში. რამდენიმე წლის შემდეგ ზაქარიაძეების ოჯახი ზესტაფონში გადავიდა საცხოვრებლად. ქალაქში ისე გაიპარა, რომ მხოლოდ ძმას, ბუხუტის გაენდო – არაფერი არ მჭირდება, მაგრამ, თუ დედა მოისურვებს, ლობიო და მჭადის ფქვილი გამომიგზავნოს, თორემ, ვაითუ შიმშილით მოვკვდეო. 
იქნებ ცოტა ხნით გადაედო კიდევ წასვლა, მისი აზრით, ბედნიერ შემთხვევას რომ არ შეეწყო ხელი: ძმასთან ერთად, ერთი სკოლის ამხანაგს აცილებდა, რომელიც პოლიტექნიკურ სასწავლებელში ჩასარიცხად მიდიოდა დედაქალაქში. გაცილებისას ფეხი აითრია, დაძრული მატარებლიდან ჩამოსვლა „ვეღარ მოასწრო“ და „უნებურად” დარჩა ვაგონში. ასე მოხვდა ის თბილისში, მაგრამ, ცარიელი ხელით როდი ჩამოვიდა, რამდენიმე რეკომენდაცია ჩამოიტანა, რომლებიც ადრევე გამოართვა უშანგი ჩხეიძესა და მის ამხანაგებს. სიმართლე რომ ითქვას, რეკომენდაციები არც კი ყოფილა მსახიობები რუსთაველის თეატრის მსახიობ, მიშა ლორთქიფანიძეს, სალამს უთვლიდნენ და სთხოვდნენ, დახმარებოდა კარგ ყმაწვილს, რომელსაც სტუდიაში მოწყობა უნდოდა. 1922 წლის აგვისტო იყო, როცა სერგომ პირველად იხილა მისი სანუკვარი თბილის-ქალაქი. სწორედ იმავე ზაფხულს, სერგო რომ ჩამოვიდა დედაქალაქში, მოსკოვიდან სამშობლოში დაბრუნდა სახელგანთქმული კოტე მარჯანიშვილი, იგი მაშინ უკვე 50 წლის იყო. სერგო კი თავის წლოვანებას მალავდა. თოთხმეტისაც არ იყო და, ჩვიდმეტისა ვარო, განაცხადა სტუდიაში. მაინც შეიტანა განცხადება, ყველაფერი სიმართლე დაწერა, მხოლოდ  წლოვანება მოიმატა. გამოცდებამდე დარჩენილი დრო ქალაქის გაცნობას მოანდომა. თბილისმა მასზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა – ეროვნული სიამაყით აღავსო, ესთეტიკური გრძნობები გაუღვივა. დადგა გამოცდის, დიდი ხნის ნანატრი და საშიში დღე. თბილისში ყოფნისას სერგო ღამეს ერთ ზესტაფონელ ამხანაგთან ათევდა, რომელიც ბიძამისთან ცხოვრობდა ნაძალადევში. დედის ნაჩუქარი ველოსიპედის გაყიდვით აღებული ფულით გვარიან კოსტიუმში გამოეწყო და უთენია წავიდა სტუდიაში. საშინელი ამბები დახვდა იქ: ჯერ ერთი, თურმე, მასთან ერთად კიდევ ოთხმოც პრეტედენტს ჰქონია განცხადება შეტანილი; მეორეც, აღმოჩნდა, რომ გამოცდები საჯარო იქნება – გარეშე ხალხი, ქალაქის ინტელიგენციის წარმომადგენლები: მწერლები, ვექილები, ექიმები, ჟურნალისტები დაესწრებიან და მესამეც, გამომცდელთა შორის ვიღაც ცნობილი მარჯანიშვილი იქნებაო. პრეტენდენტები ერთმანეთს ცვლიდნენ გამომცდელთა მაგიდასთან. 
 
ხან იმედის ნაპერწკალი უღვივდებოდა სერგოს გულში ხან სასოწარკვეთილება ეუფლებოდა და ბურანში იყო. გამოსაცდელთა გვარებს რომ ასახელებდნენ, თითქოს არც კი ესმოდა, მხოლოდ ნერვიულად თვლიდა „კარგებს“ და „ცუდებს“ – მისი აზრით, ჯერ კიდევ თავისუფალ ვაკანტურ ადგილებს ანგარიშობდა. გულში კი, გადაწყვიტა, როცა გამომიძახებენ, არ გავალ, ვითომ არც მოვსულვარო, მაგრამ, რამდენჯერაც ეს გაიფიქრა, იმდენჯერვე, თითქოს, მეორე შინაგანი ხმა შეეპასუხა – „თვითონ ამათ გითხრან უარი!“ „სერგო ზაქარიაძე!” – ორჯერ დაიძახა აკაკი ფაღავამ. სერგომ მაშინვე ჰალსტუხზე იტაცა ხელი, მოიგლიჯა, ყელზე დედამისის თავსაფრის შემოხვევა დაიწყო და გამომცდელთა მაგიდისკენ გასწია. დარბაზში სიცილი ატყდა. ყმაწვილი საკმაოდ მოსული ტანისა იყო, მაგრამ, გამომეტყველება ჰქონდა მეტისმეტად ბალღური. ფაღავამ რომ უთხრა, მოიწიეო, სერგოს „გაიწი” მოესმა და განზე გახტა, ამან კიდევ უფრო გააძლიერა დამსწრეთა სიცილი. „მოიწი, მოიწი”, – გაუმეორა ფაღავამ, – დაჯექი! რამდენი წლის ხარ?
– ჩვიდმეტის, – უპასუხა სერგომ. რას ჩქარობ, ორი, სამი წლის მერე მოდი. 
– ძალიან მინდა... ახლა...
– კარგი, წაიკითხე. 
სერგომ წარმოადგინა სცენა „გადაჭრილი მუხიდან“, გიმნაზისტს ლექსის ბოლომდე წაკითხვა რომ უჭირს, აი, ისე. მაინც ჩაჭრილად ჩათვალა თავი, მით უმეტეს, რომ, სხვა აბიტურიენტებისგან განსხვავებით, არც სმენა შეუმოწმეს, არც რიტმი, მაგრამ, აი, მიშა ლორთქიფანიძე მივიდა მასთან, მხარზე ხელი დაარტყა და უთხრა: „რა გადარდებს, ბიჭო, ნახევარზე მეტს ხომ აჯობე!“ ამ სიტყვებმა ჯადოსნურად იმოქმედა სერგოზე. „მიმიღეს!“ – გაიფიქრა გახარებულმა. მიღებულთა სიებს ხვალვე გამოვაკრავთო, – უთხრეს, მაგრამ, ხვალამდე ლოდინი ჯოჯოხეთად იქცა. თავისი ამხანაგის სახლში რომ დაბრუნდა, ისეთი ხალისით შეხვდნენ მის გამარჯვებას მასპინძლები, ლხინიც გადაიხადეს. მერე მთელი ღამე თეთრად გაათენა, თვალი არ მოუცილებია კედლის საათისთვის. ღამის 3 საათზე სწრაფად წამოდგა, ჩაიცვა და ჩუმად გამოვიდა სახლიდან, ითვლიდა სახლებს, ხეებს, ფარნის ბოძებს. რუსთაველის პროსპექტი ორჯერ გაიარა აქეთ-იქით და აქ სხვა თავშესაქცევი მოძებნა – ქვაფენილის ფილებს ითვლიდა და ისე გაერთო, ვერც კი დაინახა, როგორ გამოაკრეს სიები. მივარდა და სწრაფად ჩაჰყვა გვარებს. „რაა ეს? ვაიმე! რატომ არ ვწერივარ?“ სული რომ მოიბრუნა, სტუდიის ადმინისტრატორს შეეკითხა: 
 
– მე რატომ არ ვწერივარ, ბატონო, ხომ ჩავაბარე? – კი ჩააბარე, შეგაქეს კიდეც, თვითონ გავიგონე, მაგრამ, წლოვანებამ შეგიშალა ხელი. 
დიდხანს იდგა გაქვავებულივით თეატრის წინ, მაგრამ, მერე ახალგაზრდობამ მაინც თავისი გაიტანა. გულის კუნჭულში იმედმა გაუელვა –  გაახსენდა თავისი მეგობარი მსახიობები, რომლებიც სულ მალე უნდა დაბრუნებულიყვნენ ზესტაფონიდან თბილისში. ვინ არ შეუსრულებდა პატარა თხოვნას – სტუდიაში მიეღოთ ერთი კარგი ბიჭი! სეზონის გახსნისას სერგომ მთელი თავისი ფული ბილეთებში დახარჯა. ასე რომ, უახლოესი სპექტაკლების ნახვა უზრუნველყოფილი ჰქონდა. რუსთაველის თეატრში იგი ისე შევიდა, როგორც ტაძარში. ზესტაფონის თეატრის შიშველი კედლებისა და ჭერის ჩაშავებული კოჭების შემდეგ, ძერწილმა ჭერმა, ბროლის ჭაღმა ისე დააბნია სოფლიდან ჩამოსული ბიჭი, რომ კედლის დიდი სარკე ფოიეს გაგრძელება ეგონა და პირდაპირ განაგრძო გზა...
იმ წუთას ისე შესჯავრდა ყველაფერი, რომ უკან მოუხედავად გამოიქცა თეატრიდან, მაგრამ, მეორე დილით უკვე აღარ ახსოვდა წინა ღამის განცდები. ამიტომ, გადაწყვიტა, მოეძებნა დოდო  ანთაძე, რომელიც რეჟისორის თანაშემწე იყო. დოდომ სარეპეტიციო დარბაზში შეიყვანა სერგო, სადაც იმ დროს ფაღავა მსახიობებთან მუშაობდა. ზაქარიაძემ დაინახა, თუ როგორ მიუახლოვდა ფეხის წვერებზე ანთაძე ფაღავას და მოწიწებით რაღაც წასჩურჩულა ყურში. ასე თუ ისე, ფაღავა დათანხმდა დოდო ანთაძეს, ზაქარიაძე თავისუფალ მსმენელად ჩაერიცხათ. დოდომ სტუდიის მდივანთან წაიყვანა სერგო. ფოტოსურათი მოიტანე და მოწმობას მოგცემო, – უთხრა მდივანმა, მაგრამ, სიტყვაც არ ჰქონდა დამთავრებული, რომ სერგო უკვე ქუჩაში გარბოდა. ალექსანდრეს ბაღში შევარდა, სურათი გადაიღო და სირბილით დაბრუნდა სტუდიაში. „ძალიან გთხოვთ, ახლავე ჩამიკარით!“ – უთხრა მდივანს. 
 
– კი ბატონო, ახლავე! სტუდიიდან გამოსულს, მოწმობა გადაშლილი ეკავა ხელში, ვითომდა, სურათის გასაშრობად, უფრო კი იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ წაეკითხა ძუნწი ფრაზა: „მიეცა ესე სერგო ზაქარიაძეს მასზედ, რომ იგი ნამდვილად ირიცხება...“ იგი მართლაც ირიცხებოდა, მაგრამ, სამწუხაროდ, დიდხანს არ გაგრძელებულა ასე... პირველ ხანებში ყველაფერი ძალიან კარგად მიდიოდა. დედამისი ჩამოვიდა და დიდად გაიხარა, სერგო რომ სტუდიელი თუ სტუდენტი გამხდარიყო, მაგრამ, როცა შეიტყო, რომ მის შვილს იატაკზე ეძინა ბინძურ ფიცრულში, გული აუჩუყდა და ტირილი დაიწყო. მერე ქალაქში მცხოვრები შორეული ნათესავები მოძებნა და უკეთეს პირობებში უშოვა ბინა თავის ბიჭს. სტუდიაში კარგად მიიღეს. მართალია, პატარა იყო და არავინ ემეგობრებოდა, მაგრამ, პირველ ხმას კარგად ამბობდა გუნდში და ეს ძალიან მოსწონდათ. მაგრამ, სერგოს დიდხანს არ დასცალდა სტუდიაში ყოფნა – ერთმა უაზრო ფათერაკმა პირველივე კურსიდანვე ააკრეფინა გუდა-ნაბადი...
დედის ჩამოსვლის შემდე სერგოს ცხოვრება თბილისში ნორმალურ კალაპოტში ჩადგა. ბინა რომ უშოვა, მერე მე-14 შრომის სკოლაშიც მოაწყო. ასე რომ, დღისით საერთო-საგანმანათლებლო საგნებს სწავლობდა, საღამოს კი სტუდიაში დადიოდა...
ცხოვრებაში ზაქარიაძეს ყველაზე დიდი სიხარული „ოტელომ“ მოჰგვარა, ყველაზე დიდი მწუხარება კი – „ჭიქა წყალმა“: პლასტიკის გაკვეთილის დაწყებამდე სტუდიელები გარს შემოერტყნენ მასწავლებელ ქალს, გვარად ჟღენტს, რომელიც აღტაცებით ლაპარაკობდა მცირე თეატრზე. იმ მომენტში, როდესაც სერგო მივიდა მათთან, მასწავლებელმა წარმოთქვა სერგოსთვის საბედისწერო ფრაზა – „ჭიქა წყალი“. ზრდილობიანმა ყმაწვილმა ეს რომ გაიგონა, იფიქრა, მასწავლებელს სწყურიაო. მყისვე გაიქცა, პირთამდე აავსო დიდი ტოლჩა და იმ დროს მიუტანა წყალი, როცა იგი გაცხარებით ეკამათებოდა ერთ-ერთ სტუდიელს. პედაგოგმა ლანძღვა დაუწყო „მეტიჩარა” მოწაფეს, თანაც, რატომღაც რუსულად ელაპარაკებოდა. სერგომ რუსული არ იცოდა. ძალიან დაიბნა, ვერაფერს მიხვდა, – „არ გნებავთ და ნუ გნებავთ”, – ჩაიბურტყუნა და უკანვე წაიღო ტოლჩა. მაგრამ, კლასში დაბრუნება აღარ მოუწია – გარეთ გამოაბრძანეს. სერგო გაჯიუტდა, სტუდენტები მასწავლებელს მიემხრნენ, მით უმეტეს, რომ სერგო, თავისი წლოვანების გამო, თანაკურსელებთან ვერ მეგობრობდა, თანაც, მისი ბიჭური ანცობა ბევრს ყელში ჰქონდა ამოსული. საქმე იქამდე მივიდა, რომ ჟღენტმა ტირილი მორთო: „მაშინ, მე წავალ!“ სერგო ადგილიდან წამოვარდა: „თუ შეგიძლიათ“... – ეს სიტყვები თხოვნის დასაწყისი იყო, მაგრამ, ყველამ ისე გაიგო, როგორც მორიგი უხეშობა. ამ დროს იქ მყოფ ფაღავას რეჟისორი ქორელი ცვლიდა, რომელმაც ჟღენტის საჩივარი სამართლიანად ჩათვალა და განკარგულება გასცა, დაუყოვნებლივ გარიცხეთ ზაქარიაძეო. შემდგომშიც არაერთხელ გაურიცხავთ იგი, მაგრამ, 14 წლის ყმაწვილისთვის ყველაზე მწარე და დამამცირებელი მაინც ეს უცნაური შემთხვევა ყოფილა. ქორელის ჯავრი სერგო ზაქარიაძემ გულში ჩაიმარხა (სამაგიერო შემდგომ იმით გადაუხადა, რომ მისი ქალიშვილი შეირთო ცოლად), ფაღავას დაბრუნებას დაელოდა და პატიება სთხოვა. მართალია, არ აღადგინეს, მაგრამ, მეცადინეობებზე დასწრების უფლება მისცეს. ასე რომ, მოწაფედ არ ითვლებოდა, არაფერს ეკითხებოდნენ, არაფერს სთხოვდნენ. უსიამოვნებათა პირველ ქარცეცხლში გამოვლილს, არა მარტო უფლებების დაბრუნება ეწადა, არამედ მოვალეობათა დაკისრებაც. მას არ შეეძლო, არ უნდოდა პასუხისმგებლობის გარეშე ცხოვრება. იგი თანდათან ჩამოსცილდა სტუდიას, მაგრამ, სანამ ფარდას დაუშვებდნენ, ბედმა მაინც გაუღიმა: იანვრის არდადეგების დროს, სტუდიელების საღამოზე, კოტე მარჯანიშვილმა გასართობი სპექტაკლი დადგა. ეს იყო ერთი ისეთი შესანიშნავი ხუმრობა, როგორიც ძალიან უყვარდა ხოლმე სახელგანთქმულ რეჟისორს და ბრწყინვალედაც გამოსდიოდა.
ორი წლის შემდეგ თბილისის უნივერსიტეტში ფილოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი გახდა. სასწავლებლის დამთავრების შემდეგ ჯერ რუსთაველის სახელობის თეატრში დაიწყო მუშაობა, ცოტა ხანში კი მარჯანიშვილის მიერ ქუთაისში დაარსებულ თეატრში განაგრძო მოღვაწეობა. 1956 წლიდან სერგო ზაქარიაძე კვლავ რუსთაველის თეატრის მსახიობია, ხოლო 1969 წლიდან სერგო სათავეში ჩაუდგა ამ თეატრს, როგორც დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი. სწორედ ამ პერიოდში გავიდა რუსთაველის თეატრი საერთაშორისო სარბიელზე. დასი პირველად გასტროლებზე რუმინეთსა და გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში იყო.
სერგო ზაქარიაძეს მინიჭებული აქვს უამრავი სახელმწიფო ჯილდო, მაგრამ მისმა პოპულარობამ პიკს მიაღწია "ჯარისკაცის მამის" ეკრანზე გამოსვლის შემდეგ. სად აღარ იწვევდნენ მსახიობს, ყველგან საზეიმო შეხვედრებს და საღამოებს უწყობდნენ.
ცნობილია ერთი რუსი ჟურნალისტის მოგონებები სერგოზე.  ეს გახლდათ ვადიმ სერგეევი, ჟურნალ "ოგონიოკის" კორესპონდენტი.  სერგოს არ უყვარდა ინტერვიუები. მაღალჩინოსანსაც რომ ეთხოვა, ჟურნალისტი მოვა შენთან და გაგესაუბრებაო, იმასაც კი ტაქტიანად მოიშორებდა თავიდან. სერგოს "თბილი დამოკიდებულება" ჟურნალისტებთან ყველაზე კარგად ისევ და ისევ "მეოთხე ხელისუფლების" წარმომადგენლებმა იცოდნენ. როცა ვადიმი  რედაქტორმა იხმო და დაავალა, რადაც უნდა დაგიჯდეს, თბილისში უნდა გაფრინდე, მივლინებას რამდენდღიანსაც გინდა, გამოგიწერ და ზაქარიაძესთან ინტერვიუ უნდა ჩაწეროო, ვადიმს "დასცხა" თურმე. იცოდა, ეს არ იყო იოლი საქმე. ორი კვირა ითხოვა მასალის მოსაპოვებლად. წინდაწინ ყველა ინფორმაცია მოაგროვა მსახიობზე. გაიგო ისიც, რომ სერგო "ფანატიკოსი" გულშემატკივარი ყოფილა თბილისის "დინამოსი" და არც ერთ თამაშს არ აცდენდა, ყველას ესწრებოდა. უსაზღვროდ გაიხარა, როცა გაიგო, რომ მისი მივლინება და "დინამოს" ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მატჩი ერთმანეთს ემთხვეოდა. თუმცა ქართველების მოწინააღმდეგე გუნდი ვადიმის საყვარელი მოსკოვის "ტორპედო" აღმოჩნდა. სხვა რა გზა იყო?
ვადიმს უნდა ეთამაშა არა "ტორპედოს", არამედ  თბილისის "დინამოს" გულშემატკივრის როლი. ჟურნალისტმა ასეთ ტაქტიკას მიმართა: ზაქარიაძეს სახლთან ჩაუსაფრდა. შინიდან გამოსულ სერგოს უკან აედევნა. მსახიობი "დინამოს" სალაროებთან მივიდა. ჟურნალისტიც უკან ამოუდგა, ასე რომ, მათი ადგილებიც გვერდიგვერდ მოხვდა. იმ დღეს მთელი სტადიონი გუგუნებდა, ნემსი არ ჩავარდებოდა, იმდენი ხალხი იყო მატჩის საყურებლად მოსული. სერგოს ყურადღების მიღმა არ დარჩენილა სლავი ახალგაზრდა, რომელიც ქართველ ფეხბურთელთა ყოველი შეტევის წამოწყებაზე ემოციას ხმამაღლა გამოხატავდა.
- ბიჭოს, რა ხდება? - უკითხავს გაკვირვებულ სერგოს მისთვის, - რუსი ხარ და ქართველებს გულშემატკივრობო?
- კი! - უპასუხია ვადიმს, - ქართველების თამაშზე ვგიჟდები და საერთოდ, ძალიან მიყვარს თქვენი ქვეყანაო.
 
გადარეულა სერგო თურმე, ამისთანა კაცი უპატივცემულოდ როგორ გაგიშვაო, თან იმ დღეს ჩვენებს მოუგიათ... და რუს "გულშემატკივარს" ხელი ჩაავლო ზაქარიაძემ, ჩემთან გეპატიჟებიო. რაღა თქმა უნდა, სიხარულით გაჰყვა ვადიმი თავის "მოუხელთებელ" რესპონდენტს.

რაზე აღარ ილაპარაკეს სტუმარმა და მასპინძელმა, საქართველოზე, ფეხბურთზე, რუსებისა და ქართველების ურთიერთობაზე, კინოზე, თეატრზე, ნადირობაზე... ჭკუაზე არ იყო "ოგონიოკის" ჟურნალისტი, ეხუმრებით საქვეყნოდ აღიარებული მსახიობის ასეთ გულწრფელ სიტყვა-პასუხს? ჰოდა, წასვლის წინ, როცა სერგომ პატარა ყანწი "აჯახა" სტუმარს, ვადიმმა დალოცა ზაქარიაძეების ოჯახი, მისი თავკაცი, ქვეყანა, სადაც სერგოსნაირი დიდებული მსახიობები და ადამიანები იბადებიან და... ვერ მოითმინა, - საყვარელო კაცო, არ მიწყინოთ, თუკი დღევანდელი დღის ამსახველ რეპორტაჟს ნახავთ "ოგონიოკის" ფურცლებზეო. ღიმილი შეეყინა სერგოს სახეზე, ხელში ჭიქა ეჭირა, თითქოს ხელიც გაუშეშდაო. დაძაბული წუთები ისე გაიწელა, სტუმარს ეგონა, აღარასოდეს დასრულდებოდა, მაგრამ სერგომ მოჭმუხნილი წარბები გაშალა, ჯერ გაეღიმა, მერე კი კარგა გვარიანად გადაიხარხარა. ოგონიოკელმა ჟურნალისტმა იმ მასალაში პრემია აიღო და დღემდე მიიჩნევს, რომ საუკეთესოა იმათ შორის, რაც კი დაუწერია.
 1965 წელს მოსკოვში მეხუთე საერთაშორისო კინოფესტივალი გაიმართა. მიწვეულ სტუმრებს შორის ცნობილი იტალიელი მსახიობი სოფი ლორენი გახლდათ. სწორედ იქ გაიცნეს ერთმანეთი იმ დროს განთქმულმა "ჯარისკაცის მამამ" და "მეძავმა ფილუმენამ" ფილმიდან "ქორწინება იტალიურად".
სერგო ზაქარიაძე და სოფი ლორენი ერთმანეთს პირველად სცენაზე, დაჯილდოების ცერემონიალზე შეხვდნენ. ორივე მსახიობი კინოფესტივალის პრიზიორი გახდა. ღონისძიების დასრულების შემდეგ კი ბევრი ისაუბრეს, ერთადაც ივახშმეს და რამდენიმე სამახსოვრო ფოტოც გადაიღეს. 
ამბობდნენ, რომ მსოფლიოში უცნობილესმა და ულამაზესმა ქალმა, სოფი ლორენმა თავად მოისურვა სახელოვან ქართველ მსახიობთან ფოტოს გადაღება. მოგვიანებით, როცა სერგო ზაქარიაძე თბილისში დაბრუნდა, ტელევიზიაში შეხვედრა მოუწყვეს და კინოფესტივალის შთაბეჭდილებებზე ჰკითხეს. რა თქმა უნდა, არც სოფი ლორენი დავიწყებიათ - ალბათ სიამოვნებით ითამაშებდით ამ ლამაზ ქალთან ერთადო.
მე მსახიობი ვარ და ყველა ჩემს კოლეგასთან, ქართველთან, რუსთან თუ ფრანგთან სიამოვნებით ვიმუშავებ. თუმცა, სოფისთან თამაშზე არ ვიოცნებებ, რადგან მე ისეთ მსახიობებთან მითამაშია, როგორებიც ნატო ვაჩნაძე და თამარ ციციშვილია. ისინი ტოლს არ უდებენ არც სილამაზით, არც ნიჭიერებით იტალიელ მსახიობსო.თავად სერგო ზაქარიაძე კი ამ შეხვედრის შესახებ ბევრს არაფერს ამბობდა, მხოლოდ იმას აღნიშნავდა, რომ სოფი მართლაც ულამაზესი და უშუალო ქალია, მაგრამ ქართველებს სილამაზე სხვაგან საძებარი არ გვაქვსო.
 
'ჯარისკაცის მამის' სცენარის მონახაზი, რეზო ჩხეიძისთვის ძველი კინოსტუდიის ეზოში მიუტანია სულიკო ჟღენტს. რეზო ჩხეიძე მაშინ სხვა ფილმს იღებდა, სადაც სერგო ზაქარიაძე თამაშობდა. რეზო ჩხეიძეს ძალიან მოსწონებია 'ჯარისკაცის მამის' სცენარი (ამაზე სხვა დროს). მეორე დღეს, გადაღებაზე საგრიმიოროში შესულა სერგო ზაქარიაძესთან. როდესაც სერგო ზაქარიაძე როლისთვის ემზადებოდა, მასთან საუბარი არ იყო ადვილი, მთლიანად შთანთქმული იყო გარდასახვით.
რეზო ჩხეიძეს უთქვამს მისთვის, საინტერესო რაღაც მოგიტანეთო. მერე, მოკლედ უამბო შინაარსი. სერგო ზაქარიაძე ყურადღებით უსმენდა. ბოლოს თვალებიდან ცრემლები წამოსვლია, ისე შეძრა სიუჟეტმა.

დიდი ხელოვანი სერგო ზაქარიაძე 1971 წლის 13 აპრილს გარდაიცვალა, 62 წლისა.…ბევრის გაკეთებას აპირებდა, ბევრ როლზე ოცნებობდა... არ დასცალდა... გულთან მიჰქონდა ყველაფერი და სწორედ გულმა უმტყუნა. იგი მთაწმინდის მიწამ მიიბარა.

Комментариев нет:

Отправить комментарий