დოდო აბაშიძე

მეშვიდე თუ მერვე კლასამდე საოცრად წყნარი და რბილი ხასიათის ბავშვი ყოფილა. თურმე, სახლში იჯდა და ქარგავდა ბალიშისპირებს. ახლაც შენახული  აქვს ოჯახს მისი ბავშვობისდროინდელი ნაქარგები. გოგოებთან თამაში უყვარდა, მაგრამ სიტყვა „გოგოს“ ვერ გამოთქვამდა და `„დოდოს“ ამბობდა, ამიტომ შეარქვეს სახელად დოდო, თორემ დავითი ერქვა. როცა წამოიზარდა, ჰანტელებით ვარჯიში დაუწყია და მეათე კლასში უკვე ისეთი „ყოჩი“ დამდგარა, რომ აუღებელ ციხესიმაგრეს ჰგავდა.

* * * *
„მშობლებს ხშირად თან დაჰყავდათ თეატრში, ხავერდის ქურთუკში გამოპრანჭული. იჯდა ხოლმე ლოჟაში და სცენას თვალს არ აშორებდა. ერთხელ,  თურმე,  თეატრში ახმეტელის „ლამარა“ გადიოდა. სცენაზე ვნებები იწყებდა აბობოქრებას, საცაა, ხევსურებს ხმალზე უნდა გაეკრათ ხელი, რომ უეცრად ბიჭუნას ხმა გაისმა – სახეანთებული, თმააბურძგნილი ბავშვი ფეხზე წამოხტა და დარბაზში რეპლიკა ისროლა. სცენაზე მსახიობებმა საბრძოლველად შემართული ხმლები დაუშვეს. მამამ დაინახა და დედას სცენიდან ხელით ანიშნა – ბავშვი გაიყვანეო. ის იყო დარცხვენილი ქალბატონი ნინო წამოდგა და კარისკენ გაემართა, რომ ლოჟის შემოსასვლელში ალექსანდრე (სანდრო) ახმეტელი გამოჩნდა, დაამშვიდა ნინო და უთხრა, რომ ბიჭი უთუოდ მსახიობი გამოვიდოდა“

* * * *
„როცა 5-6 წლის ვიყავი და ნულ კლასში დავდიოდი, – იგონებს დოდო, მშობლებმა საქსოვ ფაბრიკაში წამიყვანეს კონცერტზე. კონცერტის დროს რომელიღაც მსახიობმა თქვა: მოდი, ვნახოთ, პატარა დოდო მიმიკურ სცენებს როგორ ითამაშებსო. მკრეს ხელი და სცენაზე გამაგდეს. ახლა აღარ მახსოვს, რას ვაკეთებდი და ვის ვასახიერებდი, მაგრამ, პირველი ტაშით მოგვრილი სიამოვნება კარგად მახსოვს, როგორ მიხაროდა. ასე დაიწყო ჩემი აქტიორული კარიერა. პირველად მაშინ ვიგრძენი მაყურებელი. ინსტიტუტში „ნაცნობობით“ მიმიღეს. მამაჩემი მაშინ ჯერ კიდევ არ იყო რეაბილიტირებული, მაგრამ ბევრ კოლეგას მისი ოჯახის წინაშე თავი ვალდებულად მიაჩნდა. ამბობდნენ, სანამ შენი პროგრამა ბოლომდე დააგუგუნე, კომისიის წევრები დაყრუვდნენო (შეეცადნენ გავეჩერებინე). დუმილი ჩამოწვა. აზრის გამოთქმას არავინ ჩქარობდა. მაინც მიმიღეს. მართალია, პირობით, სესიის ბოლომდე, მაგრამ მაინც. რა მომივიდა? მე მგონი, იმიტაციისადმი თანდაყოლილმა სწრაფვამ მიმტყუნა. გრიშაშვილის ლექსებს ვამბობდი და უნებურად კილოთი მივბაძე პოეტს – წამღერებით წავიკითხე და, თან, რადგან ძალიან აგზნებული ვიყავი, რაც ძალი და ღონე მქონდა, ვღრიალებდი. რაღაც საშინელება გამომივიდა, მაგრამ, ნახევარი წელიც არ იყო გასული, რომ ეტიუდის თამაშისას, ოსტატობაში პირველი „ხუთიანი“ მივიღე. ეტიუდის თემა ასეთი იყო: დილით, ბაღის მერხზე კარგად გამოძინებულმა და გამოფხიზლებულმა კაცმა აღმოაჩინა, რომ ღამით მისთვის ვიღაცას ტანისამოსი მოუპარავს. რა ქნას, როგორ მივიდეს სახლამდე? მე სწრაფად ავუღე ალღო ვითარებას. გავიაზრე წარმოდგენითი სამყარო და დავიწყე: ჯერ, რამდენჯერმე ვეცადე შეუმჩნევლად გამოვსულიყავი სკამის უკნიდან, სადაც დაფეთებული ვიმალებოდი, მაგრამ, ვითომ გამვლელთა დანახვაზე ისევ სკამის ზურგს ვეფარებოდი ან მის ქვეშ ვძვრებოდი, ბოლოს გონება გამინათდა: საჩვენებელი თითი ბაღის ქვიშას გავუსვი, გულზე ნომერი დავიწერე, ხელები მოვმუშტე და ქუჩაში სირბილით გავიჭერი. რას აღარ ვაკეთებდი! ხან ისევ ვაი-სპორტსმენს ვასახიერებდი და ამაყად თავაღერილი, გულმოდგინედ გავრბოდი. მილიციონერის მაგივრადაც მე ვუსტვენდი, მოკლედ, რაც შემეძლო, ყველაფერს თავისუფლად, მხიარულად ვაკეთებდი და პედაგოგებსაც ძალიან მოეწონათ. ინსტიტუტში ჩემი ყოფნა-არყოფნის საკითხი, რა თქმა უნდა, ამ „ხუთიანმა“ გადაწყვიტა. მეტიც, შემდეგ წელს კოტე მარჯანიშვილის სახელობის სტიპენდიანტის პირველი მფლობელი გავხდი“. /დოდო აბაშიძე/
                                                                                    
                                                                                     * * * *
 მოჩიტულმა ვერისუბნელმა ბიჭებმა ეზოებიდან და ვიწრო ქუჩებიდან „სემიონოვკას დასახლებად“ წოდებულ უკაცრიელ მინდორზე გადაინაცვლეს. თავისუფლების მოყვარე ბიჭები ხან ბურთს თამაშობდნენ, ხან ერთმანეთს ეჭიდავებოდნენ და ერთგვარ ტურნირებს მართავდნენ ქალაქის უბნების „ყოჩების“ ასარჩევად. უფროსებთან დაჩივლება და ენის მიტანა მიუტევებელ ქალაჩუნობად ითვლებოდა. 12 წლის ბავშვების მხიარულებას ხშირად ჩრდილავდა იმ უბნის ერთ-ერთი ყოჩის – მეტსახელად „ბალადას“ ხეპრული ჩარევა. პატარები ცრემლის ყლაპვით, უხმოდ აძლევდნენ საუზმის ფულით ნაყიდ საერთო ბურთს და, მერე, მრავალი კვირის განმავლობაში, „ავჭალურითღა“ იქცევდნენ თავს – ცალი ფეხით კენწლავდნენ ქალის წინდაში გამოკრულ ჭინჭის გორგალს. ბოლოს, ისევ შეიძენდნენ სანატრელ ბურთს და, ასე გრძელდებოდა მანამ, სანამ დოდოს 16 წელი არ შეუსრულდა. იმ დღეს დოდომ თავის გუნებაზე იზეიმა: თანატოლები შეკრიბა და ყველანი მინდორში გაიყვანა. იქ კი, მუშტი-კრივის ყველა წესის დაცვით პატიოსან ორთაბრძოლაში მიბეგვა ბალადა. შერცხვენილი „ყოჩი“ კარგა ხანს ვერ შეელია სამაგიეროს გადახდის იმედს და დროდადრო ისევ იწევდა ხოლმე დოდოსკენ საჩხუბრად, მაგრამ, ყოველთვის დამარცხებული რჩებოდა. ასე გახდა დოდო მოზარდთა „ყოჩი“. სპორტში ვარჯიში დოდომ ჯერ კიდევ მოწაფეობის დროს დაიწყო. მისი მწვრთნელები ჭიდაობაში ჭაბუკების იმდროინდელი კერპები, იორდანაშვილი და დიკოვსკი იყვნენ და კარგ შედეგსაც მიაღწია.
* * * *
1956 წელს დოდო ალექსიძემ რატომღაც ოიდიპოსის როლზე დამიძახა, სამი ოიდიპოსი იყო უკვე – აკაკი ხორავა, აკაკი ვასაძე, ეროსი მანჯგალაძე. მე ვთქვი, „რად მინდა მე ოიდიპოსი“? მერე, რომ ვნახე, იმხელა ტექსტი იყო, ვიფიქრე, რა მასწავლის-მეთქი და გავიქეცი თეატრიდან, წავედი კინოში, დავრჩი და დავრჩი კინოში. მერე კინომ მიმიჩვია იმით, რომ მას სიყალბე არ უყვარს. ტექსტები პატარაა, უფრო იოლია. ქე ვიყავი, გენეცვალე, ასე და ვარ ამ დაწესებულებაში“ / დოდო აბაშიძე/






შეთავსებით სუფლიორი

გული მწყდება, რომ დოდო აბაშიძესთან, ამ შესანიშნავ მსახიობთან და მართლაც სამაგალითო ქართველ ვაჟკაცთან, მხოლოდ ერთხელ მომიხდა მუშაობა. ეს იყო ფილმში "დათა თუთაშხია", სადაც დოდომ სეთურის როლი ითამაშა. დოდო ტიპური კინოარტისტი იყო. არ უყვარდა ტექსტის სწავლა, თავს კი იმით იმართლებდა, მეხსიერების ამბავი არ მაქვს მთლად კარგადო... სიზარმაცეს ვერც სეთურის ხათრით მოერია. რა უნდა მექნა? - დოდო ამ როლში მართლაც შეუცვლელი იყო და... მე თვითონ ვიკისრე სუფლიორის მოვალეობა. ამ სცენის გადაღების დროს, თქვენი მონა-მორჩილი იდგა კადრს მიღმა და დოდოს ტექსტს ჰკარნახობდა. ერთხელაც დოდომ ვერ გაიგონა, რა ვუკარნახე, კისერი დაიგრძელა, ცალი თვალი მოჭუტა და ჩამეკითხა: "ჰა?" - ეს იმდენად სახასიათო სცენა გამოვიდა, რომ კადრიდან ამოსაჭრელად ვერ გავიმეტე და დავტოვე. ეს ეპიზოდი, შეიძლება ვინმეს უადგილოდაც კი მოეჩვენოს, მაგრამ ეს დოდოსეული "ჰა?!" ჩემთვის ერთ-ერთი უსაყვარლესი კადრია... ერთი-ორჯერ ვნახე დოდო ჩხუბის დროს და იცით, რა დამემართა? - იმ წუთებში ჩემ თვალწინ "ვეფხისტყაოსანი" გაცოცხლდა და: თვალნათლივ დავინახე, რას ნიშნავდა "კაცი კაცსა შემოსტყორცნა"... დოდო აბაშიძე ჩემთვის იყო ტარიელიც, ავთანდილიც და ფრიდონიც, ის იყო ჩემთვის ქართველი გმირის განსახიერება - ფიზიკურად უძლიერესი კაცი, ბავშვური სილაღით. ვერც ერთი "ოსკაროსანი", რომელსაც ეს ჯილდო მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის მიუღია, ვერ მივა დოდო აბაშიძის სოსანასთან, რომელიც მან ფილმში "დიდი მწვანე ველი" განასახიერა. გარდაცვალებამდე, ერთი კვირით ადრე ვნახე დოდო. ეს უზარმაზარი ვაჟკაცი, თოჯინასავით დაპატარავებული იწვა სასთუმალზე, თუმცა, სენიც და სიკვდილიც მხოლოდ ხორცზე ზეობს. ლეგენდები, არც ავად ხდებიან და არც კვდებიან. /გიგა ლორთქიფანიძე/ 

Комментариев нет:

Отправить комментарий