* * * * *
მამას მუსიკისადმი სწრაფვას, დაკვრა ცამეტი წლისას დაუწყია. ძალიან უნდოდა ფეხბურთელობა და სულ ამბობდა: ფეხი რომ არ მტკენოდა, აუცილებლად ფეხბურთელი გავხდებოდიო. ბიჭებთან ერთად ტრამვაის შეხტომია, სადღაც ჩავარდნია ფეხი და იღრძო. ერთხელ ჰკითხეს, რა გინდა საჩუქრადო და უთქვამს, პიანინო მიყიდეთო. ყველა გაოცდა. ბებია კი ამბობდა, სულ ისეთ რაღაცეებს ღიღინებდა, გაგონილი რომ არ მქონდა, მაგრამ ვინ წარმოიდგენდა, რომ სიმღერების წერას დაიწყებდაო.
განგებამ ასე ინება, რომ გოგის ბედი მუსიკისაკენ წარიმართა. მამაჩემი სულ ამბობდა, მე რომ ფეხი მქონოდა, ფეხბურთელი ვიქნებოდიო. ვინმეს რომ ენახა, როგორი გულშემატკივარი იყო, არ შეეპარებოდა ეჭვი ამ სიტყვებში.
* * * * *
ბებიას უნდოდა, რომ ექიმი გამოსულიყო და ჩააბარა კიდეც სამედიცინოზე. პირველ კურსზე, პრაქტიკებზე რომ დაიწყო სიარული, მორგში წაიყვანეს. მერე იხსენებდა: შევედი თუ არა, მივხვდი, რომ ჩემი საქმე არ იყოო. ბებიაჩემი ცხოვრების ბოლომდე ვერ მიხვდა, რა პროფესიის იყო მამა. დილას დაუკრავდა, იმღერებდა, წავიდოდა, მოვიდოდა, ისევ დაუკრავდა... მერე კონსერვატორიაში ჩააბარა. ბებია მაინც სულ ამბობდა: ჩემთვის რომ დაეჯერებინა, დღეს კარგი ექიმი იქნებოდაო.
* * * * *
– უბანში ერთი მალაკანი ცხოვრობდა – კარო, უბნის ერთ-ერთი ყოჩი. მამა იხსენებდა: ნოტებს პერანგის ქვეშ ამოვიდებდი ხოლმე. ერთხელ კარომ ისე, უბრალოდ, ხელი მომარტყა.
– მანდ რა გიდევს?
– ნოტები-მეთქი.
– რა, მუსიკაზე დადიხარ?
– კი-მეთქი, – ვუპასუხე. იქვე, ქუჩაზე, ვიღაცასთან ოჯახში შემიყვანა, სადაც ინსტრუმენტი იყო და მითხრა.
– აბა, დაუკარი.
„ბლატნოი“ სიმღერები დავუკარი და ვიმღერე.
– ახლა ის დაუკარი, რასაც მუსიკალურში გასწავლიან.
დავუკარი. მერე ვუთხარი, სიმღერებსაც ვწერ-მეთქი. გაგიჟდა. გარეთ რომ გამოვედით, ბიჭებს უთხრა: ვინც დღეიდან ამ ბიჭს უბატონოდ ხმას გასცემს, ჩემთან ექნება საქმეო. ალბათ, კაროს სიტყვებმაც ითამაშა გარკვეული როლი იმაში, რომ დღეს გოგი ცაბაძე არსებობს, როგორც ქართული საესტრადო სიმღერების კომპოზიტორი. იმ პერიოდში საზოგადოების, ბიჭების აზრი უბანში მნიშვნელოვანი იყო.
* * * * *
რასაც მამა აკეთებდა, ორმოცდაათი პროცენტი თამრიკოს შემოქმედება იყო. დედა მისი პირველი შემფასებელი გახლდათ. თუ რაღაც ისე არ გამოვიდოდა, პირველად დედას უნდა ეთქვა, კარგიაო და მერე მოჰყვებოდნენ გარჩევას. ერთხელ დედა სამზარეულოში რაღაცას აკეთებდა. მამამ დაუკრა ერთხელ, ორჯერ, სამჯერ, ოთხჯერ... გაუკვირდა, რატომ არ გამოდის თამრიკო სამზარეულოდანო. მერე მივიდა და უთხრა: არ მოგეწონა, რომ არ გამოხვედიო. მთელი სამი დღე ებოდიშებოდა – მომეწონა, მომეწონაო. ბავშვივით უხაროდა ყველაფერი და ბავშვივით სწყინდა.
* * * * *
მოვიდა ბუბა და მორისის დიდი ლექსი მოუტანა. მერე შეამოკლეს. „მეფაიტონე“ იმ პერიოდში მართლა გამორჩეული სიმღერა იყო. პირველად რომ დაუკრა, მე და დედამ გაოცებული თვალებით შევხედეთ ერთმანეთს და ოთახში შევვარდით. ზუსტად ასეთივე რეაქცია ჰქონდა მსმენელს, როცა „გოფილექტის“ ბაღში საზაფხულო სცენაზე ბუბამ ეს სიმღერა იმღერა. ბუბა ყვებოდა: მოვრჩი სიმღერას და სცენიდან გავედი. გავვოცდი, ტაშს არავინ უკრავს – ვიფიქრე, ყველაფერი დამთავრდა. სიმღერა არ მოეწონათ. ამ დროს ტაშმა მთელი ძალით იგრიალა, ათჯერ გამამეორებინესო.
* * * * *
რეზო ლაღიძე ბოლო დროს ავადმყოფობდა და სიარული უჭირდა. ერთხელ სოხუმში, ქუჩაში ვზივართ მე და მამა სკამზე, ვხედავთ, რეზო მოდის. ცაბო, როგორ დარჩი ასეთი კეთილიო, უთხრა და გვერდით ჩაგვიარა. თვითონ რეზო იყო სიკეთის განსახიერება. მამა, თავისი ვაჟკაცური ბუნების მიუხედავად, პატარა ბავშვივით იყო. ნებისმიერ რამეზე დაგეთანხმებოდა, დაგიჯერებდა. ვერ იგებდა, რა არის ტყუილი, არ ესმოდა, საერთოდ რა ფენომენი იყო ის ცხოვრებაში. იცით, როგორი ადამიანი იყო? თვალებში უყურებდი და გამზადებულიც რომ გქონოდა ტყუილი, ვერ ეტყოდი, არ მოგინდებოდა. თანამდებობა არ ჰქონდა, მაგრამ სულ ვიღაცეების საქმეებზე დარბოდა. ზოგს ბინის მიღება უნდოდა, ზოგს მანქანის გამოყვანა. ბოლოს, ასეთი საქმეებისთვის დღეც კი დააწესა.
* * * * *
– გიორგი შენგელაია რომ „ვერის უბნის მელოდიებზე“ მუშაობდა, იმ პერიოდში მამას ბათუმში მოუწია წასვლა საქმეებზე. იქაც შეკვეთა ჰქონდა. იქიდან მატარებლით ვიღაცას გამოატანა ნოტები. ფოლგის ქაღალდში გახვეული იყო ჩაი, ცოტა ფული და ზემოდან გადახვეული ნოტები. დედამ ჩაი აიღო, ფული მე და ჩემმა ძმამ გავიყავით, ნოტები კი დავჭმუჭნეთ და სადღაც გადავაგდეთ. არ დავაკვირდით, რა იყო. იქიდან რეკავს, – მიიღეთ ჩაიო. კი მივიღეთო, – უთხრა დედამ. ჰოდა, სამ საათზე გიორგი შენგელაია მოვა და ნოტები გაატანეთო. დედა ის ქალი არ იყო გოგისთვის, ეს ამბავი ეთქვა და უთხრა, – კი, რომ მოვა, მივცემთო. იმაზე წამსვლელიც იყო, თვითონ დაეწერა, ოღონდ, გოგის რამე არ სწყენოდა. სწრაფად დავტრიალდით, მოვძებნეთ, დედაჩემმა დააუთოვა და თბილ-თბილი ნოტები მივართვით გიორგის.
* * * * *
– ერთხელ მოვიდა სახლში და დედაჩემს ეუბნება: თამრი, საპატიო თბილისელის წოდებას მანიჭებენ. ნინო და ილიკო სუხიშვილები იცეკვებენ, ანა კალანდაძე ლექსს იტყვის და მე რაღა უნდა გავაკეთოო. შენ იმღერეო, – უთხრა დედამ. შეარჩია „ჩემო თბილის ქალაქო“, რომელსაც უკვე ნანი ბრეგვაძე მღეროდა. მოუწია ამ ერთი დღისთვის ჩაეწერა ეს სიმღერა, თორემ ყველა სიმღერა თავისი შესრულებით შემთხვევით აქვს ჩაწერილი. არასდროს მიდიოდა ჩასაწერად, სხვებს დაჰყვებოდა.
* * * * *
ერთი კარდიოლოგი მეგობარი ჰყავდა, – გივი კალანდარიშვილი, რომელიც მის ჯანმრთელობას აკონტროლებდა. ერთხელ უთხრა: ახლა მოწიე სიგარეტი და მე კარდიოგრამას გადაგიღებო. ახლა ერთად დავლიოთ სადილზე ერთი ბოთლი და მერე ისე გადაგიღებო. აინტერესებდა როგორ მოქმედებდა მასზე ეს ყველაფერი. მერე უთხრა: მოდი, ახლა დაუკარი და იმღერეო. ყველაზე ცუდი კარდიოგრამა დაკვრის მერე ჰქონდა, იმდენ ემოციას დებდა. უპირველესად, სიმღერა აუკრძალა, მერე სიგარეტი და მერე დალევა. ვერც ერთის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოედგინა.
* * * * *
ერთხელ ბიძინა კვერნაძე მოვიდა ჩვენთან, ცოტა შეზარხოშებული იყო. მამაჩემს ეუბნება, 110 მანეთი დამიბრუნეო. მამაჩემი მიხვდა, რომ ლაზღანდარობდა, მაგრამ დედაჩემს გაუკვირდა, ნეტავ, რა ფული ესესხაო. ბოლოს აღმოჩნდა, რომ მცხეთაში, რესტორანში მამას სიმღერა – „მანანები“ მოუსმენია და თერთმეტჯერ შეუკვეთავს. თითო ჯერზე ათი მანეთი მიუცია. მერე ჩვენთან მოვიდა და მამას ეუბნება: ეს რა სიმღერა დაწერე, რომ ვერა და ვერ გავძეხი მისი მოსმენით. მოკლედ, არ ვიცი, ჩემი 110 მანეთი გმართებსო.
* * * * *
პატარა რომ ვიყავი, ტრადიციად გვქონდა მე და მამას თბილისში გასეირნება – ჩავსხდებოდით მანქანაში და სანაპიროსკენ მივდიოდით. გააჩერებინებდა მამა მანქანას, გადმოვდიოდით სანაპიროზე და ფეხით ვსეირნობდით. ვხედავდი, როგორ ჩუმად ეფერებოდა ამ ადგილებს, ხმას არ ამოიღებდა, ისედაც არ უყვარდა ბევრი ლაპარაკი და ასეთ სიტუაციაში – მით უმეტეს. ამით იმაზე მეტს ამბობდა, რაც, შეიძლება, სიტყვით ეთქვა. დღესაც თვალწინ მიდგას ეს დაუვიწყარი სურათი – ესიყვარულებოდა თავის ქალაქს მდუმარე მამაჩემი. ეს ყველაფერი უსიტყვოდ ხდებოდა, არადა, რა უნდა ეთქვა იმაზე მეტი, რასაც მე თბილისისადმი მის დამოკიდებულებაში ვგრძნობდი?! ორიოდე საათს ვჩერდებოდით მეიდანსა და მეტეხზე, მერე ცნობილ საკონდიტრო მაღაზია „ფრანციაში” გამოვივლიდით, ავიღებდით ნამცხვრებს და კუს ტბაზე ავდიოდით. იქიდან თბილისის საოცარი პანორამა მოჩანს. ამ რიტუალისას ვგრძნოდი, როგორ იბადებოდა მამაჩემის მელოდიების უკვდავი აკორდები...
Комментариев нет:
Отправить комментарий