ნიკოლოზ (ნიკიფორე) ჯიშკარიანი

ნიკოლოზ (ნიკიფორე) ჯიშკარიანი 1880 წელს დაიბადა ლეჩხუმში. ქუთაისის კლასიკური გიმნაზიის დამთავრების შემდეგ სწავლა ოდესის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე გააგრძელა. 1910-12 წლებში მუშაობდა მურომში ფილინის ჰოსპიტალში გინეკოლოგიურ და ინფექციურ დაავადებათა ექიმად. 1911 წელს, როცა მანჯურიაში შავმა ჭირმა იფეთქა, ნიკოლოზ ჯიშკარიანი მოხალისედ წავიდა. 1912 წელს კი მიწვევით გაემგზავრა ხარბინში და "აღმოსავლეთის რკინიგზის" ცენტრალურ ჰოსპიტალში შინაგან სნეულებათა უფროსი ექიმის თანამდებობაზე უფროს ექიმად დაინიშნა. პარალელურად მუშაობდა სამაზრო ჰოსპიტალში. ჩინეთის ხელისუფლებამ მას კერძო პრაქტიკის ნებაც დართო.
XX საუკუნის დასაწყისში ქართველები ხარბინში მრავლად ცხოვრობდნენ. 1908 წლიდან აქ მოქმედებდა ივლიანე ხაინდრავას მიერ დაარსებული ქართული სათვისტომო. 1918 წელს დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობამ ნიკოლოზ ჯიშკარიანი ელჩად დანიშნა ვლადივოსტოკსა და ხარბინში.
1921 წელს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციისა და 1924 წლის აჯანყების დამარცხების შემდეგ ხარბინის ქართულ კოლონიას ბევრი ქართველი შეუერთდა. 1928 წელს დაარსდა ხარბინის ქართული სკოლა, რომლის მზრუნველთა საბჭოს წევრი ნიკოლოზ ჯიშკარიანი იყო. იგი მონაწილებდა ქართული სათვისტომოს ყველა ღონისძიებაში და ხალხს უანგაროდ მკურნალობდა.
1930 წელს საბჭოთა კავშირსა და ჩინეთს შორის რკინიგზის კონფლიქტი დაიწყო, ხარბინში სამხედრო მდგომარეობა გამოცხადდა. ხარბინელ ქართველთა დიდი ნაწილი, მათ შორის ნიკოლოზ ჯიშკარიანი, შანხაიში გადასახლდა. აქ მან ბრიტანელებისა და ფრანგებისაგან ენდოკრინოლოგიაში სამეცნიერო კვლევა–ძიების ლიცენზია მიიღო. მუშაობა დაიწყო საერთაშორისო სეტლემენტში, სადაც შექმნა ვერძის სისხლზე დამზადებული სამკურნალო სისხლის ექსტრაქტი "ჰემოდინი".
1931 წელს იაპონიის მიერ მანჯურიის ოკუპაციის და მანჯოუ–გოუს გამოცხადების შემდეგ, ქართველებმა პარიზის საელჩოს მანჯურიაში ახალი წარმომადგენლობის გახსნა სთხოვეს. ახლადგახსნილი წარმომადგენლობა მანჯოუ–გოუს საგარეო საქმეთა წარმომადგენელმა სცნო და ყოფილი ელჩი ნიკოლოზ ჯიშკარიანი ქართული საზოგადოების რწმუნებულად დაინიშნა.
II მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ ნიკოლოზ ჯიშკარიანი იძულებული გახდა 1939 წელს 60 წლის ასაკში ამერიკაში გადასახლებულიყო. შტატებში მას უკვე კარგად ორგანიზებული ქართული სათვისტომო დახვდა. ვასილ დუმბაძის რჩევითა და დახმარებით იგი მინის მრეწველ გრიგოლ კობახიძეს (ჯორჯ კობი) დაუკავშირდა და თავისი კვლევის შედეგები გააცნო. გრიგოლმა თავის მეზობლად, მასჩუსეტსის შტატის ქ. ეტლობოროში (ბოსტონთან) მოუწყო ლაბორატორია და შეუქმნა სამუშაო პირობები. მიქსტურისა და აბების სახით ჯერ კიდევ 1931 წელს ჩინეთში შექმნილი "ჰემოდინი" წარმატებით გამოიყენებოდა შაკიკის, ნევრასტენიის, ისტერიის, კლიმაქსის, ნევრალგიის, ანემიის, კვების უკმარისობისა და სხვა დაავადებათა სამკურნალოდ, მაგრამ კლინიკურად პრეპარატი ამერიკაში დაიხვეწა. 1941 წლის დეკემბერში ამერიკის შეერთებული შტატები ომში ჩაერთო და საჭირო გახდა "ჰემოდინის" დიდი რაოდენობით წარმოება, სამწუხაროდ ნიკოლოზ ჯიშკარიანი, მოულოდნელად, გულის შეტევით გარდაიცვალა. საომარი მდგომარეობის გამო გრიგოლ კობახიძის მინის მწარმოებელ ქარხანას სასწრაფო შეკვეთები ჰქონდა და მან ჯიშკარიანის ლაბორატორიისათვის ვერ მოიცალა. პრეპარატი ამერიკელების ხელში გადავიდა. მას სახელი შეუცვალეს, გააუმჯობესეს და წარმოებაშიც გაუშვეს. დღემდე დაუდგენელია, თუ რა სახელი უწოდეს ამერიკელებმა პრეპარატს. ნიკოლოზ ჯიშკარიანის სალიცენზიო ბროშურა მხოლოდ მისი სიკვდილის შემდეგ დაიბეჭდა ჯორჯ კობის ძალისხმევით.

ნიკოლოზ ჯიშკარიანს ოჯახი და შთამომავლობა არ დარჩენია.

დაიბადა:1880
გარდაიცვალა:1941  (61 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:აშშ
იყო:ექიმი

Комментариев нет:

Отправить комментарий