ეროსი მანჯგალაძე

ეროსი მანჯგალაძის იუმორს, იმპროვიზაციის უნარსა და ფანტაზიას ყველა იცნობდა, ეროსის, მისდა უნებურად, პერსონაჟის ტექსტის გარდა, სხვა სიტყვებიც წამოსცდებოდა.
„ერთხელ, „ესმერალდას“ წარმოდგენის დროს შუქი გამოირთო. გაისუსნენ სცენაზე მსახიობები, დარბაზში – მაყურებელი. ამ სიჩუმეში ვანიჩკა საყვარელიძე ეუბნება: განვაგრძოთ, განვაგრძოთო. ეროსის ხმა მოგეხსენებათ... მანაც ჩუმად უპასუხა, მაგრამ მთელმა დარბაზმა გაიგონა: „რადიო ხარ, შე შობელძაღლო?!“ – მაყურებელმა ხარხარი ატეხა“. /მიხეილ თუმანიშვილი/

***
ერთ-ერთ შეხვედრაში თბილისის „დინამო“ დიდი ანგარიშით მარცხდებოდა. დინამოელთა საჯარიმოსთან მსაჯმა ჯარიმა დანიშნა. ქართველმა ფეხბურთელებმა, წესისამებრ, „ცოცხალი კედელი“ აღმართეს. ეროსი მანჯგალაძემ, რომელიც „დინამოს“ თამაშით უკმაყოფილო იყო, თავისი განწყობილების შესაფერისი ფრაზა რადიოეთერში პირდაპირ თქვა: „აღმართეს მკვდრებმა ცოცხალი კედელი“

***
„მეცხრე კლასის მოსწავლეს სკოლის სპექტაკლებში – „პატარა კახი“ და „რღვევა“ მთავარი როლი უთამაშია და დიდი მოწონება დაუმსახურებია, თავადაც აღფრთოვანებულა და მსახიობობა გადაუწყვეტია. ამ სპექტაკლების რეჟისორმა, მაჩაბელმა, ეროსის მამას, ბატონ აკაკის სთხოვა, ბიჭისთვის მსახიობობაში ხელი არ შეეშალა. ძმები, თურმე, ხშირად კამათობდნენ მომავალ პროფესიაზე. რეზო ეხუმრებოდა ძმას, ბილეთების გამოგზავნა არ დაგავიწყდესო. /ჯემალ ღაღანიძე/

***
ძალიან  უყვარდა ახალგაზრდები ეროსი მანჯგალაძეს... ბაზრიდან იმდენ სურსათს მოიტანდა, გაგიკვირდებოდა.
- რად გინდა ამდენი საჭმელი, ეროსი? - ჰკითხავდნენ.
- ბიჭებს უნდათ! - იყო პასუხი.


*** 
ეროსის ძაღლი მოუკვდა - ტანგო. დაასაფლავეს. ეროსი ტიროდა - რაღა ჩემს ბალიშზე და ჩემს ლოგინში მოკვდაო... ამიერიდან ძაღლი აღარ მიხსენოთო.
გავიდა დრო. ეზოს ძაღლმა ლეკვები დაყარა. დალი მაცაბერიძემ ერთი ამოარჩია და წაიყვანა თეატრში. იმ დღეს ეროსის სპექტაკლი ჰქონდა - "პეპო". შეუყვანა საგრიმიოროში და დაასვა გულზე. ეს რა არისო, - აბუხუნდა! ლეკვი შეშინდა, თუ რა იყო, დააფსა თეთრ მაისურზე. გაგიჟდა სიხარულით. უყურე რა ქნა... ჩემია, ჩემიო! სპექტაკლი დამთავრდებოდა თუ არა, ლეკვთან გარბოდა, - რას შვრება, როგორააო... აჭამეთ, ბუფეტიდან რამე მოუტანეთო... ეს ძაღლი ისე უყვარდა ეროსის, რომ გასტროლებზე რომ წავიდა უცხოეთში, იქიდან ერთი დიდი, წითელბაფთიანი ძვალი ჩამოუტანა.


 ***
„1946 წელს, მაშინ ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდა რადიოკომენტატორს, მოსკოვში მივლინებისას თბილისის „დინამოსა“ და ერთი იქაური გუნდის მთელი მატჩის რეპორტაჟი უნდა წამეყვანა. 

დაიწყო შეხვედრა და მალე თბილისელებმა ანგარიშიც გახსნეს. გახსნეს და, რა თქმა უნდა, სიამოვნებით ვაუწყე ქართველ რადიომსმენელებს. წარმოვიდგინე მათი დიდი სიხარული - მოსკოვის იმ გუნდის დაჯაბვნა იოლი არ იყო. აი, თბილისელებმა კიდევ ერთი ბურთი გაიტანეს. რაღაც ეშმაკი შემიჩნდა, მოდი ამ ერთ ბურთს „შავი დღისთვის“ შემოვინახავ-მეთქი და მსმენელებს... არაფერი ვაუწყე! პირველი ტაიმი დასასრულს უახლოვდებოდა. ორი ბურთის უპირატესობა, რა თქმა უნდა, საგრძნობი იყო, მაგრამ რა იცოდნენ ამის შესახებ თბილისში. იქ ხომ ისევ იმ ერთადერთ ბურთს დაჰკანკალებდნენ. ტაიმი დამთავრდა. „ამხანაგო რადიომსმენელებო! ამით ვამთავრებთ პირველი ნახევრის რეპორტაჟს მოსკოვიდან. ანგარიშია 1:0 თბილისელთა სასარგებლოდ“.


და აი, დაიწყო მრავალტანჯული მეორე ტაიმი. სად ჰქონდა ამდენი ენერგია მოსკოვის გუნდს! მალე მან გაქვითა ერთი ბურთი. აქ „ოლიმპიური სიმშვიდე“ გამოვიჩინე და განვაცხადე: „ანგარიშია 1:1. ყველაფერი თავიდან იწყება“. ამასთან ბრძოლა კიდევ უფრო გამწვავდა და აი მოსკოველმა თავდამსხმელმა მეორე ბურთი გაიტანა. ახლა კი საშინლად შემეცოდნენ თბილისელები. ანგარიში თანაბარი იყო, მაგრამ მათ კი ეგონათ, რომ „დინამო“ აგებდა! შემეცოდა და „გამოვიყენე“ კიდეც 40 წუთის წინ „შენახული“ ბურთი. გულწრფელად განვაცხადე: „არა, თბილისელები არ აგებენ. ანგარიში თანაბარია - 2:2“.

ამ ორომტრიალში მეც საშინლად ავღელდი. კიდევ კარგი, რომ თბილისელებმა საოცარი თავშეკავება გამოიჩინეს და არ დაჰყარეს ფარხმალი. მალე მათ მესამე ბურთიც გაიტანეს. ეს უკვე გამარჯვება იყო - 3:2. მატჩიც სწორედ ასეთი ანგარიშით დასრულდა. დიახ, ყველაფერი კარგია, რაც კეთილად დამთავრდება.“

***
არ უყვარდა თავხედი ადამიანები. თვითონ საკმაოდ მორცხვი იყო, იმდენად, რომ თვალებში ვერ გიყურებდა. /სოსო ლაღიძე/

* * *
სამხედრო პარადის რადიორეპორტაჟი მიყავს ეროსი მანჯგალაძეს.. ჩაივლიან სხვადასხვა სახეობის ნაწილები ტრიბუნასთან, აცხადებს ამას ეროსიც, ტექსტი საქინფორმის უდევს, მშრალი ოფიციალური (ტექსტი როცა მთავრდება, წერია ემბარგო მოხსნილია, ე.ი.დამთავრდა) მოკლედ, ჩაიარეს სამხედრო ნაწილებმა და ჩაასრულა ეროსიმაც ტექსტი, ემბარგოც მოხსნილია, მარში შეწყდა, მოედანზეც სიჩუმეა... და უცებ, ეროსისთვის მოულოდნელად კიდევ დაცხო მარშმა და ხედავს მორიხინებს რაკეტები რომ ადგათ და პულიმიოტები რომ აქვთ მიბმული გრუზავიკებს ისეთი კოლონა... ეროსი ვერ მიხვდა რა ხდება, დაწერილი ტექსტი ჩამთავრებულია (როგორც მერე გაირკვა ეშხში შესულ ეროსის გაუსწრია ქრონომეტრაჟისთვის) ისევ ეთერშია, მაგრამ თავი ვეღარ შეიკავა და აღმოხდა: "ეს რაღა ჯანდაბაა კაცო?!" 


* * * 



 








Комментариев нет:

Отправить комментарий