ჩუმი მელოდია... შემოდგომაა.... წელიწადის ყველა დროზე მეტად მიყვარს იგი თავისი სიუხვით, ფერებითა და მშვენიერებით.
ფოთოლცვენაა.. საოცარი ფერთა გამა ენაცვლება ერთიმეორეს. ფოთლები ფარფატით ეშვებიან დედამიწაზე.
ისეთი განცდა მაქვს, თითქოს ზამთრის სუსხისაგან სურთ დაიცვან იგი და ხალიჩებად ეფინება გულ-მკერდზე. ფერადი ფარდაგებია დაფენილი და სიოს თითოეულ მონაქროლზე კიდევ უფრო ფუმფულა ხდება მისი ზედაპირი.
აქა-იქ მწვანედ მოჩანს წიწვოვნები. სხვები კი წითელ, ყვითელ, ნარინჯისფერ და ზოგიც ჯერ კიდევ შერჩენილი მწვანე ფერით მოვარაყებულნი ამაყად დაგვცქერიან ზემოდან. მათ თვალწინ დაიბადნენ, დავაჟკაცდნენ და ჭარმაგები ნელი ტაატით ეშვებიან ძირს ფარფატა ფოთლები. ნეშომპალად იქცევიან...
იციან ხეებმა, რომ ისევ მოვა გაზაფხული, კვირტები დაიბერებიან, ფოთლები აშრიალდებიან, დაიზრდებიან და შემდეგ ისევ დედამიწას დაუბრუნდებიან. იციან და ზამთრის მომლოდინენი შემოდგომის ჩუმი მელოდიის ფონზე ინარჩუნებენ სიმშვიდეს.
Комментариев нет:
Отправить комментарий