ალექსანდრე ყიფშიძე (ფრონელი)


ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძე (ფსევდონიმი ფრონელი) (დ. 13 იანვარი, 1862, სოფ. წვერი, დღევანდელი ქარელის მუნიციპალიტეტი — გ. 29 ივნისი, 1916, თბილისი) — ქართველი ისტორიკოსი, პუბლიცისტი, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე.

ალექსანდრე თავდაპირველად გორის სასულიერო სასწავლებელში სწავლობდა, რომელიც 1878 წელს დაამთავრა და იმავე წელს სწავლა განაგრძი თბილისის სასულიერო სემინარიაში. 1884 წელს იგი რუსეთში მიემგზავრება და აბარებს ხარკოვის უნივერსიტეტის ისტორიულ–ფილოლოგურ ფაკულტეტზე, რომელიც 1888 წელს დაამთავრა და სამშობლოში დაბრუნდა.     ალექსანდრე ყიფშიძეს დიდი სურვილი ჰქონდა თავისი ცოდნა და გამოცდილება ახალგაზრდების სწავლა–განათლების საქმისთვის მოეხმარებია და სახალხო მასწავლებლის მძიმე უღელი ეტვირთა, მაგრამ არ გაუმართლა... კავკასიის მაშინდელი სწავლა–განათლების მზრუნველმა იანოვსკიმ, მასწავლებლად დანიშვნაზე სასტიკი უარი უთხრა და განუცხადა: "ტუზემცებისთვის" ადგილი არ მაქვსო.
    იგი იძულებული გახდა ხელი აეღო თავის ოცნებაზე და ემუშავა სახაზინო პალატაში, საგუბერნიო სამმართველოში მდივნის თანამდებობაზე, საგლეხკაცო საქმეთა საკრებულოს მდივნად, ახალციხეში მომრიგებელ მოსამართლედ და ა.შ.
    ალექსანდრე ყიფშიძეს მასწავლებლად არ უმუშავია, მაგრამ მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება კალმითა თუ სიტყვით ემსახურებოდა სახალხო განათლებისა და სკოლების გავრცელების საქმეს. იგი აქტიურ მონაწილეობას იღებდა "ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" მუშაობაში, ეხმარებოდა მათ ადგილობრივი სკოლების გახსნასა და მის მოვლა–პატრონობაში.  იყო ამ საზოგადოების გამგეობის წევრი. 
    900–იანი წლების დასაწყისიდან ალექსანდრე განსაკუთრებული მზრუნველობით ხელმძღვანელობდა "ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" მიერ გახსნილ ერთადერთ ქართულ სკოლას. ამ საქმეში მას დიდ დახმარებას და თანადგომას უწევდა იაკობ გოგებაშვილი.
  1905–1906 წლებში ალექსანდრე ყიფშიძე დაინიშნა ქუთაისის გუბერნატორ სტაროსელსკის თანაშემწედ, მაგრამ თავისი საქმიანობით მან მეფის მთავრობის რისხვა დაიმსახურა და მეფის გენერალმა ალიხანოვმა ქუთაისში შესვლისთანავე მოხსნა გუბერნატორი სტაროსელსკი და ყიფშიძეც ზედ მიაყოლა. ისინი ჟანდარმების თანხლებით თბილისში გამოისტუმრა და ალ. ყიფშიძე მეტეხის ციხეშიც მოათავსეს.
   1906 წლის ბოლოს თბილისის დეპუტატთა საკრებულოსთან დაარსდა "საადგილმამულო კომისია", რომლის მმართველადაც დაინიშნა ალექსანდრე ყიფშიძე. ამ კომისიაში, როგორც სამიწათმფლობელო და საგლეხო საქმეთა საუკეთესო მცოდნემ, დიდი მუშაობა ჩაატარა რათა საბატონო მიწები ქართველ გლეხობას შეეძინა და მათ ხელში გადასულიყო. ამ თანამდებობაზე მან სიკვდილამდე დაჰყო და დიდი როლიც შეასრულა ქართველი ხალხის კულტურული გათვითცნობიერებისა და ეკონომიური აღორძინების საქმეში.
   ალექსანდრე ყიფშიძე აქტიურად თანამშრომლობდა ქართულ პრესასთან. აქვეყნებდა გაზეთ "ივერიაში", ჟურნალ "კლდეში" და "ნაკადულში". თავისი ცხოვრების უკანასკნელ პერიოდში აქტიურ მონაწილეობას იღებდა გაზეთ "საქართველოს" დაარსებაში და ითვლებოდა მის უახლოეს თანამშრომლად. მეტად საინტერესო და მრავალი ინფორმაციის მომცველია მისი ისტორიული მონოგრაფიები: "მთიულეთი 1804 წელს", "ამბოხება კახეთისა", "დიდებული მესხეთი", "მთის არწივი შამილი" და სხვა. ყიფშიძე ეწეოდა მთარგმნელობით მუშაობასაც.


ყიფშიძე ერთი პირველთაგანი იკვლევდა ქართველი ხალხის ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას, ქართველი ხალხის ანტიკოლონიალურ და ანტიფეოდალური ბრძოლის ისტორიას. ყიფშიძის ნაშრომებისათვის დამახასიათებელია ცალკეული ისტორიული მოვლენებისა და ფაქტების საერთო ისტორიის ფონზე განხილვა. ყიფშიძე ეწეოდა მთარგმნელობით მუშაობასაც.
    ხანგრძლივმა და დაუღალავმა შრომამ ალექსანდრე ყიფშიძის ჯანმრთელობა შეარყია და იგი სრულიად მოულოდნელად გარდაიცვალა 1916 წლის 29 ივნისს.
   დაკრძალულია ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
   2013 წელს ქ-ნ ნინო ციხისთავი-ხუციშვილის დიდი ძალისხმევის შედეგად გამოიცა წიგნი: „ამბავი ერთი სემენარიელისა“, რომელიც ეძღვნება ალექსანდრე ფრონელს და შექმნილია მისი დღიურების მიხედვით.

  


Комментариев нет:

Отправить комментарий