მურად–ბეი (1750 – 1801) – ეგვიპტის გამგებელი

მურად–ბეი ყმაწვილობაში თბილისიდან თურქების მიერ ტყვედ იყო წაყვანილი და ეგვიპტელ მამლუქებზე გაყიდული. დიდი ძალისხმევის ფასად არათუ მონობიდან გამოისყიდა თავი, არამედ ბეის ტიტულსაც მიაღწია - ეგვიპტის გამგებელიც კი გახდა:
მურად–ბეიმ ეგვიპტის მბრ
ძანებლობა ხელში ჩაიგდო წინანდელი გამგებლის – ალი–ბეის მიმართ დაპირისპირებით – სალაჰიესთან ბრძოლაში მან მხარი მისცა ძველი პატრონისგან გამდგარ სირიის ჯარების სარდალ აბუ–ზ–აჰაბს, რომელსაც წინდაწინვე შეეცვალა მრავალი თანამემამულესათვის  განწყობა ალი–ბეისადმი,  წილისწამებით: ალი–ბეი მაჰმადის რჯულს ღალატობს, რუსეთსა და სხვა ქრისტიანულ ქვეყნებს დაუკავშირდაო!მანამდე უძლეველი ალი–ბეის ლაშქარი, ფეხი შედგა თუ არა უდაბნოში, რომელიც ღაზას ეგვიპტისგან გამოყოფდა, სალაჰიესთან გადაეყარა ათას რჩეულ მამლუქს, რომელთაც სარდლობდა ახალგაზრდა მურად–ბეი. ფარულად ჩასაფრებულმა რაზმმა ფიცხელი იერიშით მოწინააღმდეგის რიგები არივ–დარია. შენიშნა თუ არა ალი–ბეი, მურად–ბეიმ მას ხმლის ერთი მოქნევით თავში მიაყენა ჭრილობა და მიჰგვარა აბუ–ზ–აჰაბს.
როგორც ამბობდნენ, მურად ბეის სქციელი რამდენადმე ქალის ტრფიალითაც ყოფილა გამოწვეული – მურად-ბეი  ალი–ბეის ცოლს გამიჯნურებია და მუჰამედ აბუ–ზ–აჰაბისგან მიუღია დაპირება, თუ ალი–ბეის თავს მომართმევ, იმ ქალს შეგრთავო. ეს ქალი გახლდათ წარმოშობით ასევე ქართველი, მზეთუნახავი და უჭკვიანესი სიტეჰ–ნეფისეჰი, რომლის კდემამოსილებას  და სათნოებას ქებით იხსენიებდნენ ნაპოლეონის ექსპედიციის ევროპელი ისტორიკოსები. ერთი ევროპელი ავტორი წერდა: „ქალთა შორის ცოტა ვინმეს თუ უჩვენებია იმდენი ღირსება, რამდენიც მან აჩვენა.მისი კეთილშობილური ხასიათი და კდემამოსილება ფრანგების აღტაცებას იწვევდა. ახასიათებდა ისეთი განსწავლულობა, რასაც აღმოსავლეთის ქალებში ჩვეულებრივად ვერ ვხვდებით.“
ალი–ბეი მესამე დღეს მიიცვალა, ხოლო მურად–ბეი  იბრაჰიმ–ბეისთან ერთად ჩაუდგა სათავეში ეგვიპტეს. თითოეული მაგანი, რაღაცნაირად გრძნობდა, რომ თანამოძმის გარეშე გაუჭირდებოდა მმართველობა. მათ შექმნეს საკმაოდ არამყარი დუუმვირატი, რომელმაც მაინც გაძლო 20 წელიწადს. თან ერთად პყრობდნენ ეგვიპტეს, თანაც ექიშპებოდნენ ერთმანეთს, მეტისმეტი სიმკაცრით ქვეყნის მართვაში. დიდი იყო გლეხებისათვის შეწერილი გადასახადები.  შეიარაღებული  რაზმები მთელ დელტას მოარბევდნენ ღალის ასაკრეფად – გლეხებს ყანები დაუმუშავებელი რჩებოდათ, საირიგაციო არხები ზიანდებოდა, მოსავალი იკლებდა.
მურადის ხელქვეითნი დიდ ფულებს სძალავდნენ ევროპელ ვაჭრებს, გაკოტრებამდე მიიყვანეს რამდენიმე ფრანგული კომპანია. ფრანგების მუქარის პასუხად თურქეთის სულთანი იძულებული გახდა ჩარეულიყო და 1786 წელს  იქაური ქართველი ჰასან–ფაშა, თავისი ლაშქრით,  აქაურ ქართველებს – მურად–ბეისა და იბრაჰიმ–ბეის აძევებს ზემო ეგვიპტეში. 
ფრანგები დაჟინებით მოითხოვდნენ ეგვიპტელთაგან უცხოელ პარტნიორთა კომერციული ინტერესების დაცვას და,  როდესაც 1798 წლის 1 ივლისს ბონაპარტემ ალექსანდრიას მოაყენა 400 სამხედრო გემი, 33000 შესანიშნავად ეკიპირებული ჯარისკაცით, ეგვიპტელები ჯეროვნად არ აღმოჩნდნენ მზად ამგვარად განვითარებული მოვლენებისათვის.
თუმცა, მთელი 1798–99 წლების განმავლობაში მურად–ბეი სათავეში ედგა მამლუკთა ბრძოლას ეგვიპტეში შემოჭრილი  ფრანგული არმიის წინააღმდეგ, მაგრამ პირამიდებთან ბრძოლაში ნაპოლეონის არმიასთან მარცხის შემდეგ, მურადი ზედა ეგვიპტეში მიიქცა, სადაც პარტიზანული ბრძოლები გააჩაღა, რის აღკვეთასაც ერთი წლის მანძილზე ცდილობდა დეზე. ამ პერიოდში მურად–ბეიმ არაერთი ომი გადაიტანა. ფრანგული საბუთი გვამცნობს დეზესთან ბრძოლაში მურად–ბეის მიერ 1798 წლის შემოდგომაზე მოპოვებულ ერთ–ერთ ბრწყინვალე გამარჯვებას. მამლუქებს ტყვედ ჩაუგდიათ ორმოცდაექვსი კაცი, მათ შორის  – სამი პოლკოვნიკი, ორი კაპიტანი, ოთხი ლეიტენანტი, ორი ქირურგი, ცხრამეტრი დაბალი სამხედრო ჩინის მეთაური, ოთხი კომისარი და რვა ლაქია.
1800–1801 წლებში მურად–ბეი ცდილობდა საერთო ენის გამონახვას   ბონაპარტის გენერლებთან – კლებერთან და მენთან, მაგრამ 1801 წელს შავმა ჭირმა იმსხვერპლა. მისი ცოლი ნეფისეჰი შავით შეიმოსა და ქმარს აკლდამა აუგო კაროფეში – იმამ აშ–შაფიის მავზოლეუმის გუმბათის ახლოს. მურად–ბეის საფლავზე, თავიანთი ბელადის დაკრძალვის დღეს, მამლუქებმა დაამსხვრიეს აბჯარ–საჭურველი და მათი ნამსხვრევებისაგან საყვარელ წინამძღოლს სახელდახელოდ აუგეს პირამიდების ფორმის ძეგლი. „ამიერიდან არ ვართ ღირსნი ვატაროთ ეს ხმლებიო“ – ამბობდნენ ისინი.
მურადის პორტრეტს ასე აღწერენ თანამედროვენი: ის იყო საშუალო ტანის, ღია ფერის თმებით საშუალო ტანის ხშირი წვერითა და გამოკვეთილი ცხვირით. სახეზე ხმლის ნაიარევი აჩნდა.
მის შესახებ ნაპოლეონი ამბობდა: „განგებამ იგი დაჯილდოვა დიდებულებით, შესანიშნავი სიმამაცითა და შორსმჭვრეტელობით. თავისი გონებრივი ხედვით იგი  იპყრობდა   ბრძოლის ველს ისეთი ხელოვნებით, რომ  მისი შეშურდებოდა ყოველ დიდ მხედართმთავარს!“ „ბონაპარტე დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა მურად–ბეის განადგურებას, –აღნიშნავდა ბურიენი –  რადგან მას თვლიდა ყველაზე მამაც, ყველაზე აქტიურ და ყველაზე საშიშ მტრად მთელ ეგვიპტეში.“ აღსანიშნავია, რომ მურადის ხმალს, ეგვიპტიდან ნადავლის სახით წამოღებულს, ნაპოლეონი დიდხანს ინახავდა თავისთან. მხოლოდ 1814 წელს, ელბაზე გამგზავრებამდე ცოტა ხნით ადრე, საჩუქრად გადასცა იგი მარშალ მაკდონალდს.

Комментариев нет:

Отправить комментарий