ალი-ბეი ალ-ქაბირი (1728-1773) - ეგვიპტის მმართველი

"კაიროს ე.წ. მკვდართა ქალაქში, უამრავ საფლავს შორის სამი ძალიან ცნობილი პიროვნების უკანასკნელი განსასვენებელია. სამივე ქართველი მამლუქი გახლდათ, სამივე ტყვეთა ბაზარზე ნაყიდი მონა. ალი-ბეი ალ-ქაბირი ეგვიპტის ყველაზე გამოჩენილი ქართველი გამგებელი იყო, ისმაილ-ბეი - ეგვიპტის მამლუქთა ოსმალურ ფრთას მეთაურობდა, იბრაჰიმ ქათხუდას კი ეგვიპტეში განუზომელი სიმდიდრე და გავლენა ჰქონდა. 
       განსაკუთრებით აღსანიშნავი ქართული ელემენტი ეგვიპტის სამხედრო-პოლიტიკურ ასპარეზზე XVIII საუკუნიდან გახდა, როდესაც ამ ქვეყნის ეროვნულ-გამათავისუფლებელი ბრძოლის დროშა წარმოშობით ქართველმა მხედართმთავრებმა აღმართეს. პირველი ქართველი, რომელმაც ეგვიპტის ოსმალეთის იმპერიისაგან გათავისუფლებისათვის ბრძოლაში განსაკუთრებული როლი ითამაშა, გამაჰმადიანებული მამლუქი, ალი-ბეი ალ-ქაბირი იყო. 



ალი-ბეი ალ-ქაბირი  (1728-1773) - ეგვიპტის მმართველი 

ალი–ბეი ქაჰია იბრაჰიმის მონა იყო და 1728 წელს დაიბადა ამაზიაში,კეთილშობილ ოჯახში.მამამისი მსახურობდა მართლმადიდებული ეკლესიის მოძღვრად,სახელად დაუთი ანუ დავითი ერქვა.ალი–ბეის მოტაცებამდე იოსები რქმევია.მის გარდა ამაზიელ მღვდელს დავითს ჰყოლია ორი ქალიშვილი. 13 წლის იოსები ტყეში თამაშობის დროს ყაჩაღთა რაზმს მოუტაცია. ალი ბეი უნდა ყოფილიყო ლაზეთიდან მოტაცეული ბავშვი.პატარა იოსების(მომავალი ალი ბეი)ქურთ ვაჭარს აჰმედს ეგვიპტეში ჩაუყვანია.იქ ბავშვი უყიდია იბრაჰიმ ქაჰიას. იბრაჰიმ ქაჰიაც 
ქართველი ყოფილა .იბრაჰიმი მსგავს ბავშვებს სპეციალურად მომავალ მამლუქ-მეომრებად ზრდიდა და მის გარდა უშუალო განკარგულებაში დაახლოებით კავკასიური წარმოშობის ორიათასამდე მამლუქი-აღსაზრდელი ჰყოლია და მათგან ბეგის ტიტულამდე ბევრი ამაღლებულა. იოსები კაიროში უყიდიათ ებრაელ მებაჟე მოხელეებს,ძმებს– ისაკ და იუსუფს და იბრაჰიმ ჰაქიასთვის წარუდგენიათ. ქართველ ბიჭს აქ ასწავლეს ცხენის ტარება, კარაბინის მოხმარება, ჯერიდის ტყორცნა, ხმლის მოქნევა და ანბანი,არაფერი დააკლეს,რაც მამლუქთა აღზრდას შეეფერებოდა.ახალგაზრდა ალი თავდაპირველად პატრონის სახლში საჭურველმტვირთველის თანამდებობას ასრულებდა.თავისუფალ ადამიანად რომ აქცია პატრონმა მას წვერ–ულვაშის მოშვების ნება დართო. ქალიც მაშინ უთხოვა ბატონმა ალის და შემოსავალიც გაუჩინა. 22 წლის ალი ბატონმა ქაშიფების რაზმში ჩარიცხა. 
მალე ქაჰაია იბრაჰიმი ეგვიპტელი მამლუქების და ბეგების მეთაურად - ე.წ. "შეიხ ელ ბალადად" დაინიშნა, რამაც მალე დიდი ბუნებრივი ნიჭით დაჯილდოებული მისი შეგირდის, ალი-ბეის სწრაფი დაწინაურება გამოიწვია. მისი დახმარებით ის ჯერ "ქაშიფების" (მაზრების გამგებლები) სამხედრო რაზმში ჩაირიცხა. ახალგაზრდა ქაშიფმა დიდი გმირობა მექის მლოცველების დასაცავად გამოიჩინა, როდესაც მისი სარდლობით მამლუქთა რაზმმა ბედუინ არაბთა მოთარეშე ბანდა მოიგერია. ამ ვაჟკაცობისათვის ალი-ბეის მეტსახელად ჯენ-ალი ანუ ალი-სატანა შეარქვეს.
      თუმცა, ქაჰაია იბრაჰიმის მისდამი მფარველობა დიდხანს არ გაგრძელებულა. ალი-ბეი სულ 25 წლის იყო, როდესაც იბრაჰიმი ოსმალეთის იმპერიის მოსყიდული ჯაშუშების ხელით 1754 წელს მოულოდნელად დაიღუპა. გადატრიალების გზით ტახტზე პროოსმალურად განწყობილი აბდარახმანი ავიდა. ალი-ბეი ამ დროისთვის ქაიროს დივანის (მამლუქებისა და ბეგების მთავარი საბჭო) სრულუფლებიან წევრს წარმოადგენდა. მალე მან ისეთი პოპულარობა მოიხვეჭა, 1763 წელს აბდარახმანს მმართველობა საერთოდ ჩამოართვა და ეგვიპტიდან გააძევა. ხოლო "შეიხ ელ-ბალადის" თანამდებობა თვითონ მიითვისა. მიუხედავად ამისა, 4 წლის განმავლობაში მრავალი სასტიკი ბრძოლის გადახდა დასჭირდა, რათა ეგვიპტის საჭეს ნამდვილად დაჰპატრონებოდა.
       ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ყველგან შედარებითი სამართლიანობა დაამყარა. პროვინციები ავაზაკებისგან გაწმინდა, კორუმპირებული ბიუროკრატიისა და სასულიერო არისტოკრატიის თავნებობა აღკვეთა, მოსახლეობის დიდი ნაწილი აუტანელი გადასახადებისაგან გაათავისუფლა, მომთაბარე არაბი ბედუინები უდაბნოში გადარეკა, საშინაო და საგარეო აღებ-მიცემობის გასავითარებლად ეროვნული ფულის ერთეული მოჭრა. ქვეყნის 18 პროვინციიდან 11-ში ქართველი ბეგები დანიშნა. ეგვიპტეში განლაგებული ოსმალური ჯარების რაოდენობა ერთიორად შეამცირა. როდესაც ქაიროში სტამბოლის იურისდიქციას უშუალო საფრთხე დაემუქრა, სულთანმა მისი ფიზიკური ლიკვიდაციით მოცილება გადაწყვიტა, მაგრამ პირადი აგენტურის მეშვეობით ალი-ბეიმ მოსალოდნელი საფრთხე შეიტყო და საშიშროება თავიდან აიცილა.
1768 წელს რუსეთ-ოსმალეთის ომი დაიწყო, რაც ოსმალთა უღლის გადასაგდებად ალი-ბეიმ კარგად გამოიყენა. თავდაპირველად ქაიროს თურქი ფაშა ქვეყნიდან გააძევა და ეგვიპტე ოფიციალურად დამოუკიდებელ სამეფოდ გამოაცხადა, რასაც სტამბოლის მხრიდან სათანადო რეაქცია მოჰყვა. მის წინააღმდეგ დამასკოს ფაშას სარდლობით ოსმალთა 25-ათასიანი არმია დაიძრა. მაგრამ ტიბერიატის ტბის ნაპირებთან (ისრაელში) თურქები სასტიკად დამარცხდნენ და ალი-ბეიმ პირველი დიდი გამარჯვება მოიპოვა.
ოსმალთა წინააღმდეგ ბრძოლა კვლავ აქტიურად გრძელდებოდა. ალი-ბეის ქართველმა სარდლებმა ისმაილ-ბეიმ და ჰასან-ბეიმ გამარჯვებათა სერიალი გააგრძელეს და 6 თვეში მოახერხეს მთელი არაბეთის ნახევარკუნძულის დაკავება. აიღეს მექა და მედინაც.
მექაში შერიფმა მოწიწების ნიშნად ალი-ბეის გაუგზავნა დიპლომი, სადაც პირველად მას ოსმალთა მბრძანებლის მსგავსად ეგვიპტის სულთანს და ორივე ზღვის ბატონ-პატრონს უწოდებდა.
გარდა ამისა, ალი-ბეიმ ისარგებლა რა რუსეთ-ოსმალეთის ომით, აქტიური კონტაქტი დაამყარა თურქთა მეტოქე რუსებთანაც. კერძოდ, უშუალო კავშირი გააბა ხმელთაშუა ზღვაში რუსეთის ფლოტის სარდალთან, ორლოვთან.
პარალელურად, ეგვიპტელებმა შეტევა გააგრძელეს და 1771 წლის დასაწყისში ალი-ბეის სარდალმა მუჰამედ აბუ-ზ-აჰაბმა დაიკავა ქალაქები ღაზა, ნაბლუსი, იერუსალიმი, იაფა და მთელი პალესტინა. პალესტინისა და არაბეთის ნახევარკუნძულის ოკუპაციის შემდეგ ალი-ბეიმ ჯერი სირიაზე მიიტანა. სირიაზე მოიერიშე მამლუქთა ჯარს ამჯერადაც მუჰამედ აბუ-ზ-აჰაბი სარდლობდა. ოსმალეთის მხრიდან სრულ საომარ სამზადისში იმყოფებოდნენ დამასკოს, საიდას, ტრიპოლისა და ალეპოს ფაშები. გენერალური ბრძოლა დამასკოს კედლებთან 1771 წლის ივნისში გაიმართა. ქართველი მამლუქისა და მისი მოკავშირის, პალესტინელი შეიხ ზაჰირის გაერთიანებულმა ჯარებმა თურქული მხედრობა ამჯერადაც დაამარცხა, ხოლო რამდენიმე დღეში დამასკოც დაიკავა.. ალი-ბეი ქართველმა აიღო მეორე მექად წოდებული დამასკო – სირიის დედაქალაქი და იქიდან პალესტინაში შევიდა საზეიმოდ აღჭურვილ ქართველ მამლუქთა ათასეულებით!..
მიუხედავად ამისა, მოპოვებული გამარჯვებების შენარჩუნება ალი-ბეიმ დიდხანს ვერ მოახერხა. მიზეზი ღალატი გამოდგა. სირიის ჯარების სარდალმა, მუჰამედ აბუ-ზ-აჰაბმა 1771 წლის შემოდგომაზე, ყოველგვარი მიზეზის გარეშე, ჯარებს უკან დაახევინა და ქაიროში დაბრუნდა, მაგრამ ქართველი მამლუქი ამან ვერ გატეხა. 1772 წლისათვის იმავე სირია-პალესტინაში მეორე არმია მოამზადა და აბუ-ზ-აჰაბის წინააღმდეგ დაძრა. გადამწყვეტი ბრძოლა ქაიროს მახლობლად, ელზამატების ველზე 1772 წლის აპრილში მოხდა. ღალატი კვლავ გამეორდა. ამჯერად მოღალატე ალი-ბეის სარდალი, ქართველი ისმაილ-ბეი აღმოჩნდა, რომელმაც თავისი ნაწილებით კრიტიკულ მომენტში თანამემამულე მიატოვა და აბუ-ზ-აჰაბის ლაშქარს შეუერთდა, რის შედეგადაც მოწინააღმდეგემ თითქმის უბრძოლველად გაიმარჯვა. ალი-ბეიმ თავს გაქცევით უშველა და 800 მამლუქით სირიაში თავის არაბ მოკავშირეს, შეიხ ზაჰირს შეუერთდა.
პარალელურად სირიისაკენ ალი-ბეის საბოლოოდ დასამარცხებლად ოსმალთა 20-ათასიანი არმია ამოქმედდა. ეს მაშინ, როცა ქართველი მამლუქისა და მისი არაბი მოკავშირის შეერთებული მხედრობა მხოლოდ 7 ათასს აღწევდა. გადამწყვეტი ბრძოლა ქალაქ საიდას მახლობლად, ლიბანში მოხდა. ბრძოლაში მამლუქებს ალი-ბეის ფავორიტი სარდალი, ასევე წარმოშობით ქართველი, ალი-ბეი ტანტავი სარდლობდა. თურქები დამარცხდნენ. გამარჯვება მამლუქებს დარჩათ. მოწინააღმდეგის შვიდივე ფაშამ ბრძოლის ველი სრული კატასტროფით დატოვა.
ამ სახელოვანი გამარჯების შემდეგ ალი-ბეიმ თავისი არმია კვლავ ქაიროსაკენ დაძრა. წარმატების იმედს აბუ-ზ-აჰაბის მიმართ ეგვიპტის მოსახლეობის დაუმორჩილებლობაც აძლევდა, მაგრამ სალაჰიესთან გამართულ განმეორებით შეტაკებაში მისი არმია კვლავ დამარცხდა, რომელშიც გადამწყვეტი როლი კვლავაც ქართველი ბეგების ღალატმა ითამაშა. ეგვიპტის თავისუფლებისათვის მებრძოლი ქართველი მამლუქი სასიკვდილოდ დაიჭრა და გარდაიცვალა. უმოკლეს დროში მისი მემკვიდრეობა მოღალატე ქართველებს, იბრაჰიმ შინჯიკაშვილსა და მურად-ბეის დარჩათ.
ეგვიპტელებმა“ორი ზღვის ყაენი” უწოდეს ქართველ მამლუქს. ეს პატივი არავის რგებია არც მანამდე და არც მის შემდგომ… ძლიერ მმართველობაზე დაფუძნებული ტახტი ედგა ალი-ბეის კაიროში. ზემო და ქვემო ეგვიპტეს მის დროს ორ ათეულამდე ბეგი განაგებდა, რომლებიც სულთანს მორჩილებდნენ. ბეგთა უმრავლესობა ქართველი მამლუქები იყვნენ. ჰოდა, სწორედ ქართველი მამლუქი – მუჰამედ აბუ-ზაჰადი, ალი-ბეის თანამებრძოლი და ახლობელი ჩაუდგა სათავეში შეთქმულებას ორი ზღვის ყაენის წინააღმდეგ. აბა, რას იფიქრებდა ალი-ბეი, რომ მის მიერვე აღზევებული და შვილივით ნაპატრონები თვისტომი მოუსწრაფებდა სიცოცხლეს…
ალი-ბეის აღსრულების შემდეგ ეგვიპტის მმართველობა ისევ ქართველებს ერგოთ. ზემო ეგვიპტის მმართველი შეიქნა მურად-ბეი, ხოლო ქვემო მხარისა – მარტყოფელი იბრაჰიმ-ბეი შინჯიკაშვილი. ისევ მძლავრობდა მათ ხელში ნილოსის ქვეყანა. ისევ ქართველები განაგებდნენ ყველა საკვანძო პოსტებს ეგვიპტეში.

Комментариев нет:

Отправить комментарий