ოთარ მეღვინეთუხუცესი

„დათა ვარ, თუთაშხია“

ერთხელ ოთარ მეღვინეთუხუცესმა მანქანით მოძრაობის წესები დაარღვია და ავტოინსპექტორმა “ჩაუსტვინა”:
- საბუთები, მოქალაქევ!
– მე ოთარ მეღვინეთუხუცესი ვარ, – მშვიდად ეუბნება მსახიობი.
ავტოინსპექტორმა თავისი გვარი და სახელი უთხრა და გაუმეორა:
– მოქალაქევ, მომეცით თქვენი საბუთები!
ოთარმა იფიქრა, ნამდვილად ვერ მიცნოო და მეტი დამაჯერებლობისთვის მტკიცედ უთხრა:
– მე დათა ვარ, დათა თუთაშხია, – ინსპექტორმა ყურადღებით ახედა.
– მატყუებ, იმას ცხენი ჰყავდა!
– არ გატყუებ, კაცო, ნამდვილად დათა ვარ, გავცვალე ცხენი მანქანაში და…
– მაშინ, მე ნიკანდრო ვარ ქირია და მომეცი ახლა საბუთები, ცხენი მოტოციკლეტში გავცვალე.
მისცა ოთარმა საბუთები და ეს ამბავი “ზემოთ” მოახსენა. “ზემოდან” ავტოინსპექტორს დაურეკეს და “ტყავი გააძრეს”. შერცხვა იმ ინსპექტორს და ბატონი ოთარისთვის საბუთები თვითონ რომ არ მიეტანა, მეგობარს გაატანა. კარი ოთარმა გააღო.
– ბატონი დათა ბრძანდებით, ხომ? – მეგრული კილოთი ეუბნება ინსპექტორი.
– დიახ?!
– დაიბრუნეთ თქვენი საბუთები.
– თქვენ ვინ ბრძანდებით? – დაინტერესდა ოთარი.
– მუშნი ვარ, ზარანდია.

* * * * 


ერთხელ   გურანდა შინ ხმამაღლა ლაპარაკობდა, თან ოთარს რაღაცებს ეკითხებოდა წარამარა, არადა, ოთარი სპექტაკლიდან დაღლილი იყო მოსული, დასვენება უნდოდა. ვინ მოასვენა?! ბოლოს, როცა ძალიან შეღონდა, თავისებურად შეჰყვირა: ქალო, რა დღეში ხარ ან როგორ მიბედავ ამდენ ლაპარაკსო... გურანდა გასუსულა. გაახსენდა, რომ მის ქმარს მეფეების როლები ჰქონდა ნათამაშები (ეკრანზე - მეფე გიორგი, სცენაზე კი - ოიდიპოსი) და გადაწყვიტა, რეალურ ცხოვრებაშიც ისე მოპყრობოდა ქმარს, როგორც მეფეს. იმ დღიდან კარგა ხნის განმავლობაში მეუღლეს ასე ელაპარაკებოდა: "რას მიბრძანებთ, მეფევ ბატონო" ან "რა გეამებათ სადილად, რა მოგართვათ?" ოთარი ჯერ ვერ მიხვდა ცოლის ეშმაკობას,  შეიფერა კიდეც გადამეტებული ყურადღება და თავაზიანობა. მერე კი, როცა ხშირად მოხვდა მის ყურს "მეფევ ბატონო", გულიანად იცინა ცოლის ხრიკზე. 

* * *  

ბიჭვინთაში, სანამ რუსული გარდაქმნა ომს გააჩაღებდა და აფხაზეთს მიწასთან გაასწორებდა, რათა საქართველოსთვის წაერთმია, კინემატოგრაფისტთა დასასვენებელი სახლი იყო. ერთ-ერთი ულამაზესი და ქართველებისთვის ერთ-ერთი უსაყვარლესი ადგილი საქართველოს ზღვისპირეთში. ეტყობა, რუსებისთვისაც, რადგან იქაც ყოველთვის ყველაზე მეტნი ისინი იყვნენ, ცნობილებიც და უცნობებიც. ცნობილები გურანდა გაბუნიასაც დიდი ხანია, იცნობდნენ და ოთარ მეღვინეთუხუცესსაც. ამიტომ, არც ერთი უკვირდათ და არც მეორე. ისე, ძალიან არც ქართველები აღიზიანებდათ, რადგან თითქმის ყველასთან მეგობრული ურთიერთობა ჰქონდათ. აი, უცნობ რუსებს კი... მათ ნამდვილად ვერაფრით აეტანათ ეს ქართველები, აქაც ისე რომ იქცეოდნენ, თითქოს ეს ზღვა და მიწა მარტო მათი კუთვნილება ყოფილიყოს?!. ოჰ, ერთი ესენი გადააშენა აქედან... ქართველების გადაშენებამდე ერთი რუსი ქალი თავისი აღტაცებით სულს ართმევდა გაბუნიას – ეს რა ლამაზი ქმარი გყავს, რა წარმოსადეგი, მშვენიერი და თანაც როგორი წყნარი და მშვიდიო... – დიახ ქალბატონო, ოთარი ისეთი წყნარია, ისეთი მშვიდი... თავის სიცოცხლეში, როლების გარდა, ერთი ხმამაღალი სიტყვა არ უთქვამს, – დაუღალავად უმეორებდა გურანდა. და ერთხელაც... – უშველეთ!... ახრჩობს!.. – ვინ, ვის, სად?! – თქვენი ქმარი ვიღაც კაცს ზღვაში ახრჩობს!.. დაახრჩობს, – თავზარი ეცემა გურანდას და გარბის. მიუსწრო და როგორც იქნა, ხელიდან გამოსტაცა ის უბედური. თურმე, ეს არავის მცნობი და ყველასთვის უცნობი რუსი, ძალიან გაბრაზებულა, ამ ზღვის ნაპირზე – საგზურთან ერთად, თავისთვის ნაყიდი რომ ეგონა, ქართველების სიმრავლე-სილაღით და გაცეცხლებულ გულზე ეს მდუმარედ მოსიარულე, ცისფერთვალება მეღვინეთუხუცესიც თავისიანი ჰგონებია. ამიტომაც, როგორც თანამზრახველს, ისე გამოტყდომია: რა კარგი იქნებოდა აქაურობა, ეს ქართველები რომ მოისპობოდნენ აქედანო... – აჰა... ქართველები საკუთარ მიწაზეც შენ გიშლიან ხელსო და... პირდაპირ ზღვაში უკრა თურმე თავი და აღარ უშვებს, – ისეთ ადგილას გაგაგზავნი, ქართველებისგან სამუდამოდ დაისვენებო...

Комментариев нет:

Отправить комментарий