უფროსი ნიაზ დიასამიძე

* * *
ნიაზი ჩასულა ბათუმში პირველივე დღეს წასულა საქეიფოდ და დაუხარჯავს მთელი ფული... იღვიძებს მეორე დღეს საშინელ პახმელიაზე ჯიბეში კაპიკი ფული არააქვს. ნაცნობიც ვერავინ ნახა ფული რომ ესესხებინა. გავიდა ქუჩაში და დაინახა ვიღაც ბავშვი თამაშობდა ეუბნება:
- ბიძია შოკოლადი გინდაო?
- კიო მინდაო
- წამომყევიო
შევიდა სასაუზმეში. მებუფეტეს ეუბნება მე 100 გრამი არაყი მიომიტანე და ამ ბავშვს 1 პლიტკაო. მოუტანეს დალია ნიაზმა არაყი და ბავშმაც ბოლო მოუღო შოკოლადს.მიუბრუნდა ბავშვს
- ბიძია კიდე შეჭამ შოკოლადსო?
- კიო
ისევ იგივე შეუკვეთა..დალია გამოვიდა პახმელიიდან და მებუფეტეს ეუბნება:
- მე 2 წუთით უნდა გავიდეო შენ მანამდე ბავშვს მიხედეო...მებუფეტეც დაეთანხმა რა თქმა უნდაო... წამოვიდა ნიაზი თბილისში ბავშვს ეკითხება მებუფეტე მამაშენი სადააო??? ბავშვმა სახლში რა იყოო?? ფული არ უნდა გადამიხადოსო?? რატო უნდა გადაგიხადოს ამ ბიძიამ არ გადაიხადაო??? და დარჩა ესე გაღიმებული ეს ჩვენი მებუფეტე  ნუ რა თქმა უნდა მერე გააგზავნა ნიაზმა ფული.


 * * *
იგი ერთობ მუსიკალური პიროვნება გახლდათ. შესანიშნავად უკრავდა, თავისებური, ორიგინალური მანერა გააჩნდა. განსაკუთრებული ოსტატობით ხმარობდა მარჯვენა ხელის სამ თითს (არათითი და შუათითი დაზიანებული ჰქონდა). ასეთ სტილს როიალზე დაკვრისას მხოლოდ იგი ფლობდა.

 * * *
იმ ხანებში თბილისის კინოთეატრების ეკრანებზე ამერიკული ფილმი "მზიური ველის სერენადა" გადიოდა. ჩვენ მაშინ პირველად მოვისმინეთ ოკეანისგაღმური კლასიკური მუსიკა. ყველანი აღფრთოვანებულები ვიყავით. მახსოვს, კინოფილმის ნახვიდან მეორე თუ მესამე დღეს ნიაზს ვესტუმრეთ და ისევ აღფრთოვანებულები დავრჩით: ახლა უკვე მან და მისმა მეგობარმა, ალეკო გიორგაძემ (ცნობილი ქართველი მოქანდაკე) ხსენებული ფილმის თითქმის ყველა მელოდია უშეცდომოდ მოგვასმენინეს.

* * *
მახსოვს, ერთხელ ცერად უჯდა როიალს. ფეხი ფეხზე გადაედო, სიგარეტი პირის ცალ კუთხეში მოექცია და ისე უკრავდა. ხუთი წლის შემდეგ ერთი ამერიკული ფილმი ვნახე - "ჯარისკაცის ბედი ამერიკაში" და ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა: იქ ერთ კადრში, ჯარისკაცი სწორედ ისე მიჯდომოდა და უკრავდა ფორტეპიანოს, როგორც ნიაზი 5 წლით ადრე...

* * *
 ის გახლდათ აგრეთვე ჩვენი თაობის მოდელიორიც. ტანსაცმელის ახალ-ახალ მოდელებს თავად ქმნიდა. უსაყელო პერანგი თბილისში მან ჩაიცვა პირველად. ჰქონდა საოცარი შინაგანი გემოვნება.
"ჩვენ ჩაფართხუნებულები რომ დავდიოდით, ნიაზმა დაიწყო ვიწრო შარვლების - "ბუტილკების" ჩაცმა. ეს ჯერ მოდაში არ იყო შემოსული და არც ერთმა მკერავმა მისი შეკერვა არ იცოდა. ამიტომ ნიაზი თვითონ იკერავდა შარვლებს. თავისთვის პერანგების შეკერვაც იცოდა. განსაკუთრებულ, ჯიბეებიან პერანგებს იკერავდა. 

* * *
ნიაზს უზარმაზარი შავი დოგი დაჰყავდა ხოლმე. უბატონოდ ხმას ვერავინ გასცემდა, რადგან დოგი ნიაზის უერთგულესი იყო.
ერთხელ, ვერის აღმართიდან ამოვდიოდი და ნიაზი ცნობილი ქირურგის, ეგნატე ფიფიას სახლთან იჯდა. ეს დოგიც გვერდით ჰყავდა. ნიაზ, რა გინდა აქ-მეთქი და ფიფიასთან მოვიყვანეო, - მითხრა თავის ძაღლზე.
 * * *
ნიაზთან გატარებული ყოველი საათი, ყოველი დღე ჩემთვის დაუვიწყარია, მაგრამ ბოლოს, როცა ეს ნიჭით გაპენტილი კაცი ასეთ ახალგაზრდა ასაკში წავიდა ამ ქვეყნიდან, მე წამომყვა ძალიან დიდი ტკივილი არშემდგარი ტალანტისა. ე. ი. ტალანტი, არ შედგა. შედგა მხოლოდ როგორც ლეგენდა, როგორც ჩვენი მოგონებების საგანი, მაგრამ მას თავისი ნიჭის წყალობით შეეძლო ცხოვრებაში ფანტასტიკური რაღაცეები გაეკეთებინა".

* * *
ერთი კია, თავის მიერ ერთი ხელით გაკეთებულს მეორე ხელით ანადგურებდა. ერთხელ თაბაშირი მოიტანა და მშვენიერი ფიგურები გამოძერწა. ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, იმდენად ლამაზი ფიგურები შექმნა. მეორე დღესვე თავადვე დაამსხვრია!  
/თემურ ჩირგაძე/

* * *
იუმორის საოცარი გრძნობა გააჩნდა. ერთხელ კინოთეატრ "სპარტაკიდან" გამოვდივარ. ვხედავ რუსთაველზე ნიაზი დგას. ფილმის ჟურნალი ალკოჰოლიზმთან ბრძოლას შეეხებოდა და ვურჩიე ენახა. მითხრა: "გიგა, ბიჭო, ეგენი სულელები არიან, რატომ აჩვენებენ მაგ ფილმს, ლოთი მანდ არ შევა, სხვებს კი რაში სჭირდებათო".
 * * *
ფილარმონიაში ლიტნაწილის გამგედ 3-4 წელი იმუშავა. ერთხელაც, ნოდარ ხუნწარიამ ფელეტონი მიუტანა. ფელეტონს ვრცელი შესავალი ჰქონდა. შესავლის შინაარსი ზუსტად არ მახსოვს, გათენება და ჩიტების ჭიკჭიკს შეეხებოდა. იუმორი კი გვიან, ფელეტონის ბოლოში იწყებოდა. ნიაზს უთქვამს, არ გვინდა ეს ჩიტები, პირდაპირ იუმორით დაიწყეო. ხუნწარია უარზე იდგა. ბოლოს ნიაზმა შეიცხადა - კაცო! ჩიტები იჭიკჭიკებენ, აბა "დაკუდარას" ხომ არ ითამაშებენო.
* * *
ერთხელ ნიაზთან ვსვამდით. თითო ბოთლი ღვინო რომ დავლიეთ, ნიაზმა აიტეხა, ჟუჟუნასთან წავიდეთ და იქ გავაგრძელოთო. თავისი გაიტანა და წავედით. დარეკა ზარი და სტუმრობის საბაბად ჯარში წასვლა მოიმიზეზა - წვევამდელი ვარ და უნდა გამოგემშვიდობოთო. შეწუხდნენ მასპინძლები, შემდეგ სუფრა გაიშალა. ვიქეიფეთ. აქეთობას ნიაზს ვუსაყვედურე: მაგ ხალხს თვალებში როგორღა უნდა შევხედო, ჯარში მართლა რომ არ მიდიხარ-მეთქი. მაგასაც ნახავ თუ არ შეხედავო, დამამშვიდა.


მეორე დღეს ისევ გამომიარა: წამოდი, ნაბახუსევზე გამოვიდეთო. ისევ ჟუჟუნასთან წავედით. სირცხვილით დავიწვი, მაგრამ ყოველგვარი წინააღმდეგობა ამაო გამოდგა. გაიღო კარები და მასპინძლებმა ზღურბლთან ნიაზი დაინახეს - გამათავისუფლესო. კვლავ გაიწყო სუფრა, გაიშალა პურმარილი და ნაბახუსევზე გამოსვლა ქეიფში გადაიზარდა.  / გიგა ლორთქიფანიძე/
 


* * *
ნიაზი მოსკოვში ჩაფრინდა და აეროპორტში ხმამაღლა იყვირა,,ვსე ნასლილშჩიკი სუდა"!
აბა მოაწყდა ყველა, არიქა ტვირთი აქვს ბევრი წასაღებიო და კარგად ბლომად რომ მოქუჩდნენ, ნიაზიმ ,,პრივეტ ატ გრუზინსკიხ ნასილშიკოვ"! იყვირა.
 

* * *
ზამთარია. ყინავს. ასფალტი მოყინულია. ნიაზი და ბიჭები გოგებაშვილის ქუჩის თავში დგანან, საუბრობენ. ამ დროს ნანული სარაჯიშვილი სკოლიდან ბრუნდება და აღმართს მიუყვება. ცალი თვალი ბიჭებისკენ აქვს, მომენტს ეძებს, რომ მიესალმოს. უცებ, ყინულზე ფეხი აუცდა და პირქვე დაეცა. ბიჭები იცინიან.
– ნანული, რეშკა! - მიაძახა ნიაზმა.

* * *

ისევ შუადღე. ისევ გოგებაშვილის ქუჩის თავია "სხოდკის" ადგილი. ამჯერად ზაფხულია. ნანული ისევ სკოლიდან ბრუნდება. ამჯერად ყინულზე მოსრიალების არ ეშინია, თამამად იყურება ბიჭების მხარეს და ეძახის:
– პრივეტ, ბიჭებო!..
ყველაზე პირველი ნიაზი გამოეხმაურა, ოღონდ ასე:
– ვა, ბოლო გაკვეთილი რუსული გქონდა?

* * *

ნიაზს ქუჩაში ძაღლმა უკბინა ფეხზე. შემოეხვივნენ მეგობრები, ზოგი რას ურჩევს, ზოგი რას... ბოლოს უმრავლესობის აზრი გამოიკვეთა და უთხრეს:
– აუცილებლად უნდა წახვიდე, შრატი გაიკეთე, ცოფი არ აიკიდო...
ნიაზმა ხელი ჩაიქნია:
– მე არაფერი მიჭირს, შრატი ძაღლს გაუკეთეთ, სმა არ დაიწყოს...

* * *

ნიაზი ნაცნობთან ერთად მიდის ქუჩაში. ნაცნობი ლაყბობს, თან აქეთ-იქეთ აცეცებს თვალებს, უნდა, რაც შეიძლება ბევრმა შეამჩნიოს, რომ ნიაზთან ერთად მიდის.
– ძალიან მიყვარს თევზი, თევზს არაფერი სჯობია... -- რამდენიმე წამით გაჩუმდა და ნიაზმა ზრდილობისთვის ჩააკერა:
– ხოოო, კარგია თევზი...
ნაცნობი ისევ სხვა თემაზე გადადის, მაგრამ მალე ისევ თევზს უბრუნდება:
– რა სჯობია კარგად შემწვარ თევზს და ცოტა წითელ ღვინოს, მაგარია თევზი...
– კი, კარგია ... - უკვე უხალისოდ ეთანხმება ნიაზი.
ისევ ლაქლაქი და ხუთი წუთის შემდეგ:
– ძალიან მაგარია თევზი, აი, თევზის გიჟი ვარ, რა...
აქ ნიაზმა ვეღარ მოითმინა, გაჩერდა, ნაცნობისკენ შეტრიალდა და ეუბნება:
– თუ ძმა ხარ, თავი გამანებე, რა, - მე თევზითაც გიჟი ვარ და უთევზოდაც, გამანებე, რა, თავი...

* * *
ნიაზი და ქართლოს კასრაძე წაკინკლავდნენ. ქართლოსმა ხელი ჰკრა და ნიაზი წაიქცა. მიხვდა, რომ ქართლოსს ვერ მოერეოდა, წამოდგომას არ ჩქარობს, ფეხს ითრევს. ბოლოს ამოღერღა:
– ქართლოს, რა ლამაზი ყოფილხარ, შე ოხერო, ქვემოდან...

* * *
უნივერსიტეტში ლექცია მიმდინარეობს. ვიღაცამ დააცემინა. ნიაზი გადაიწია და მხარზე დაკრა ხელი:
– ქართლოსის უნივერსიტეტის დამთავრებამდე არ გეტკინოს არაფერი!..

* * *
 ნიაზი გამოცდას აბარებს ისტორიაში. შეხვდა "მონგოლების შემოსევა საქართველოში". მოვიდა მისი რიგი.
– მონგოლები... დაიწყეთ - მიმართა გამომცდელმა.
– მონგოლებმა სისხლიანი წერტილი დაასვეს საქართველოს ისტორიას, - დაიწყო ნიაზმა, - მაგრამ რაც ჩვენ არაბებმა გვიყვეს...
– ყმაწვილო, თქვენს ბილეთში მონგოლების შემოსევა წერია, - შეახსენა გამომცდელმა.
– მონგოლებმა დიდი სისხლიანი წერტილი დაასვეს საქართველოს ისტორიას, - ისევ უხალისოდ დაიწყო ნიაზმა, - მაგრამ, აი, რაც ჩვენ არაბებმა გვიყ...
– ყმაწვილო! თქვენს ბილეთში... თუმცა, იყოს, აბა, განაგრძეთ არაბებზე...
– არაბებმა სისხლის წერტილი დაასვეს საქართვ...
– საკითხის ირგვლივ ისუბრეთ, რა ამბავია ამდენი წერტილი - მსუბუქად აღშფოთდა გამომცდელი.
– რა, მრავალწერტილი აღარ იხმარება, პატივცემულო? - ალალი ღიმილით შესცინა ნიაზმა.

* * *
ღამის პირველ საათზე ნიაზი ძმაკაცის ბინას მიადგა და ზარი დარეკა. კარი ნამძინარევმა ძმაკაცმა გააღო.
– იცი, რაზე მოვედი?-ეუბნება ნიაზი, - შემთხვევით წითელი მელანი ხომ არ გაქვს?
– არა, კაცო, რა წითელი მელანი... - ჩაიბურტყუნა ძმაკაცმა და კარი მიუხურა.
ნიაზი გაბრაზდა, ხუმრობა რომ არ დაუფასეს. ღამის ოთხ საათზე ისევ მიადგა ძმაკაცს და ზარი დარეკა. კარი ისევ ნახევრად თვალდახუჭულმა ძმაკაცმა გაუღო და ნიაზი რომ დაინახა, აბუზღუნდა:
– აუ, კაი, რა, ნიაზ, ხომ გითხარი, არ მაქვს, ნახე, რომელი საათია...
– მერე რა გაყვირებს, ძმაო, - უთხრა ნიაზმა და უცებ სამელნე გაუწოდა - აჰა, წითელი მელანი მოგიტანე...

* * *
 ნიაზი ბიჭებთან ერთად უსაქმურად დგას. უცებ, ნიაზმა ნაცნობი ტაქსისტი დაინახა, შორიახლოს გაჩერებული.
– თავისუფალი ხარ? - მიუახლოვდა ნიაზი მოწყენილ ტაქსისტს.
– კი, ნიაზ-ჯან, - გამოცოცხლდა მძღოლი.
– არსად გეჩქარება? - კიდევ ერთხელ დააზუსტა ნიაზმა.
– არა, არა, - ხელები გაასავსავა ტაქსისტმა.
– გადმოაბრუნე მანქანა, ჭადრაკი ვითამაშოთ... - უთხრა ნიაზმა(მაშინ ტაქსებს ე.წ. ჭადრაკის დაფა წინა კარებზეც ჰქონდათ დახატული).

* * * 
ნიაზმა ტაქსის ხელი აუწია, ისიც მუხრუჭების ღრჭიალით გაჩერდა.
– თავისუფალი ხარ? - ფანჯარაში შეჰყო თავი ნიაზმა.
– კი, ჯიგარო! - მიუგეს.
– მაშ, გაუმარჯოს თავისუფლებას! - შესძახა ნიაზმა.

* * *
 დილის ექვსი სრულდება. ნიაზი მაგარ პახმელიაზეა და ლერმონტოვის ქუჩაზე შალიკო ჭითავას სახაშეში (დღეს რომ რესტორანი ”რაჭა” ჰქვია) აწვება. გზად ერთ ხელჯოხიან და ამიტომ ნელა მიმავალ ბებერ ინტრიგან მეზობელს გადაეყარა, რომელიც რძის ბიდონით დადიანის ქუჩაზე, სახაშედან რამდენიმე მეტრში, ჩამოსასხმელი რძის საყიდლად მიდიოდა.

– საით მიიჩქარით, ყმაწვილო, ამ დილაადრიან? - ჰკითხა ინტრიგანმა, რომელსაც მშვენივრად მოეხსენებოდა, სად შეიძლებოდა წასულიყო სისხამ დილით ნიაზი.
– რადიო გამიფუჭდა და მეგობართან მივდივარ ჰიმნის მოსასმენად, - უპასუხა ნიაზმა (იმ დროს სატრანსლაციო რადიოს გადაცემები დილის 6 საათზე ჰიმნით იწყებოდა), მერე საათს დახედა და - უკაცრავად, მაგვიანდებაო. - აუჩქარა ნაბიჯს და გაეცალა.

* * *

ნიაზმა თავისი მეგობრის, პროფესორ ალიკო ტატიშვილის დედას დაურეკა, ატს-დან გაწუხებთ, რაღაც სამუშაოებს ვატარებთ, ძაბვა მოიმატებს და ტელეფონები რომ არ დაგეწვათ, ვიდრე მოვრჩებოდეთ, ერთი საათით წყლიან ვედროში ჩადევითო. ორივე ტელეფონი წყალში ჩადო ტატიშვილის დედამ...

* * *

ნიაზი ავად გახდა და დროებით საავადმყოფოში მოუწია წოლა. ერთ დღესაც ქართლოს კასრაძემ და სხვა მეგობრებმა გადაწყვიტეს, მოენახულებინათ ძმაკაცი და საავადმყოფოს მიადგნენ. მაშინ მნახველებისთვის დრო ცალკე იყო გამოყოფილი და ძმაკაცებს დააგვიანდათ, კაი მოსაღამოებულზე მივიდნენ. დარაჯი არ უშვებს. ხმამაღალ ლაპარაკზე აივნიდან ნიაზმა გადმოიხედა.
– რა ხდება მანდ? - ჩასძახა მეგობრებს.
– აი, სანახავად მოვედით და დარაჯი არ გვიშვებს, - ასჩივლა ქართლოსმა ქვემოდან.
– მერე, ამოიღეთ ღვინის ბოთლი  და ჩაარტყით თავში! – „ასწავლა“ ნიაზმა.
– მერედა, სად გვაქვს ღვინის ბოთლი? - გაუკვირდათ მეგობრებს.
– აბა, ღვინის ბოთლი თუ არ გქონდათ, ჩემს სანახავად რაღას მოდიოდით, - ხელი ჩაიქნია ნიაზმა და პალატაში შებრუნდა.

*****
 ნიაზ დიასამიძე ტრამვაიში ავიდა. კონტროლიორი არ ასვენებს: „გაიარეთ წინ, ბილეთები აიღეთ!" ცოტა ხნის შემდეგ: „გაიარეთ წინ!“. შემდეგ ისევ: „გაიარეთ!“ "კაცო, ამდენი სიარული რომ მნდომებოდა, აქ კი არ ამოვიდოდი!" - გაბრაზდა ნიაზი.

*****
ნიაზმა შუაღამით ძმაკაცთან შეიარა და ქუჩიდან შესძახა. ხმაურზე მეგობრის დედა გამოეგება ფანჯრიდან:

- ნიაზ, რომელი საათია, სძინავს შენს ძმაკაცს უკვე რა ხანია, დილას გამოდიო.
- ბოდიში დეიდა, ძმაკაცობა „კრუგლოსუტოჩნი" მეგონა მეო - უპასუხა ნიაზმა და განაგძო გზა.

*****
ნიაზმა ქართლოს კასრაძეს დილის 5 საათზე დაუკაკუნა. კარი ქართლოსის დედამ გააღო: - რა გინდა ბიჭო ამ დილაუთენია რომ აბრახუნებო?
- რა და მინდოდა მეკითხა საშლელი ხომ არა გაქვთო?- უპასუხა ნიაზმა, ქართლოსის დედამ გადაწყვიტა თავიდან მოეცილებინა „აბეზარი" სტუმარი და უთხრა: არა ნიაზ, საშლელი არა მაქვსო! კარგიო ნიაზმა და წავიდა. ნახევარ საათში ისევ ჩამოიღო კარი ბრახუნით. ისევ ადგა ის საწყალი ქალი, გააღო კარები და ხედავს ოფლით გაწუწულ ნიაზს კარებში, ყურებამდე გაღიმებულს და ხელში საშლელით: დეიდა თამარ, აგე საშლელი მოგიტანეთ, წეღან რომ მითხარით არა გვაქვსო!

 *****
"ნიაზი შევიდოდა თავის პატარა ოთახში, წერდა სიმღერებს, ლექსებს... მაგრამ ჩვენ ამის შესახებ მისი გარდაცვალების მერე შევიტყვეთ. მაგალითად, ნიაზის დაწერილია ცნობილი სიმღერა "ცოდვა თუ მაქვს ჩადენილი რამე". "ფიროსმანიც" ნიაზმა დაწერა, "თეთრი ვარდები" კი თავისსავე დაწერილ ტექსტზე შექმნა. ამ სიმღერას მედეა ძიძიგური ასრულებდა. ვერ მივაღწიე, რომ "თეთრი ვარდები" ვინმეს ვამღერო. ნიაზის იუბილეს მერე ბათუმიდან რომ ჩამოვედით, გოგი დოლიძე აღტაცებული იყო ამ საღამოთი და ვთხოვე, იქნებ "თეთრი ვარდები" თქვენ იმღეროთ-მეთქი. ვერ შევძლებო, მითხრა. ნანი ბრეგვაძეს ვთხოვე, ემღერა და მითხრა: ეს კაცმა უნდა იმღეროს, კაცის სიმღერააო. "თეთრ ვარდებს" ძალიან კარგად მღეროდა ზაზა კახიანი. ნიაზი სახლში რატომღაც მხოლოდ ერთადერთ სიმღერას ("მოლიპულ გზაზე") მღეროდა ძალიან დაბალ ხმაზე".  

 *****
ნიაზ დიასამიძეს შედგენილი ჰქონდა გურული დიალექტის განმარტებითი ლექსიკონი, რომელსაც დღის სინათლე დღემდე არ უნახავს. გთავაზობთ ამონარიდს ლექსიკონიდან:
ბაღანა - ადამიანის ასაკი, რომლის სარგო ფეხსაცმელი არ იშოვება. ე. ი. ბავშვი.
გურული - ენამოსწრებული ადამიანი.
ჩიჩილაკი - მაგალითად, გოგია უიშვილს რომ მაგნიტოგორსკში ეცხოვრა და საახალწლოდ ნაძვის ხე, ანუ "იოლკა" დაედგა.
ჩალანდარი - ჩვენს დროში ტაქსის მძღოლი.
მაქანე - გასტრონომის გამყიდველისათვის, როცა ეკითხებით - მანდ რომ ხიზილალა არა  გაქვთ, როდის შეიძლება გქონდეთ?" /ტუსა დიასამიძე/ 

 *****
მახსოვს, რიუსთაველის თეატრმა ფიროსმანი დადგა. ნიკალას როლს ბატონი სერგო ზაქარიაძე ასრულებდა. მენიშნა, და დღესაც ნათლად მიდგას თვალწინ: ბ-ნ სერგო ფიროსმანს ნიაზის მეტყველების ტემპით, დიქციითა და მანერებით ანსახიერებდა. სცენაზე ნიაზი იდგა. ეს ამბავი მეორე დღესვე ვუთხარი, ხელი ჩაიქნია. ამ ხელის ჩაქნევაზე კიდევ ერთი რამ მახსენდება: მაშინდელ ოფიცერთა სახლთან არსებულ კლუბში პოლიტექნიკური ინსტიტუტის ორკესტრი კონცერტს ატარებდა. იმ დღეს იქ ხსენებულმა ორკესტრმა ნიაზხის ლექსზე დაწერილი სიმღერა შეასრულა, რომელსაც დიდი ოვაცია ხვდა წილად. ეს ფაქტიც რაღათქმა უნდა ვაცნობე ნიაზს და როგორც ზემოთ ვთქვი, ამაზედაც ხელი ჩაიქნია.
 *****

საკმარისი იყო რუსთაველზე ნიაზის გამოჩენა, რომ მის ირგვლივ უმალვე ხალხი იყრიდა თავს, ასეთი თავშეყრები იმდროინდელ თბილისის მილიციის უფროსს, რუსულად გაზრდილსა და ყველაფერში წესრიგის მაძიებელ ძლიერიშვილს, რა თქმა უნდა, ხელს არ აძლევდა და ეს ამბავი თავიდან რომ აეცილებინა, ამგვარ ხერხს მიმართა: ნიაზი თავის რეფერენტად დანიშნა. ქართული კარგად არ იცოდა და ჩვენს ენაზე საჭირო საბუთებს ნიაზი უთარგმნიდა თუ უწერდა. 
დღეის დღესავით მახსოვს: მაშინ ფეხბურთის ბილეთების შოვნა ძალზე ჭირდა, სამხატვრო აკადემიის სტუდენტები ბილეთებს ხატავდნენ კიდეც. მე არ დამიხატავს, მაგრამ შემიძენია ასეთი ბილეთი და მერე, თვითონაც მხატვარს, დამიჯერებთ? _ ნამდვილი ბილეთისაგან ვერც გამირჩევია. რამდენი მიწვალია სტადიონზე რომ მოვხვედრილიყავი, ნიაზისთვის კი ეს [პრობლემა არ გახლდათ _ ძლიერიშვილის ავტომანქანით დაბრძანდებოდა. /გიგი კეშელავა/

 *****
ერთი ავი მეზობელი ყავდა, ქვევით ცხოვრობდა. ნიაზი გვიან რომ დაბრუნდებოდა სახლში, დაწოლის წინ ფეხსაცმელს ძლიერად დაჰკრავდა იატაკს, ქვევით რომ ხმა ჩასულიყო. გავიდოდა ერთი ნახევარი საათი და მეორე ფეხსაცმელსაც მიაყოლებდა. მხოლოდ ამის მერე იძინებდა გაწვალებული მეზობელი.
ერთხელ, ჩვეულებრივ, გვიან დაბრუნდა ნიაზი. ფეხსაცმელი იატაკზე დაახეთქა და მალე ჩაეძინა. გამთენია იქნებოდა, მეზობლის განწირული ხმა რომ გაიგონა ქვემოდან: _ ნიაზ! მეორე ფეხსაცმელიც დაარტყი, მალე, ბიჭო! მოვკვდი კაცი ლოდინით. . .
 ***
ცოლის შერთვამდე ნიაზს ერთი გოგო მოსწონდა, ის კი არა, უყვარდა კიდეც. მაგრამ ის გოგო სხვას გაჰყვა ცოლად.. გოგოს ოჯახში ქორწილია, სადაცაა, სტუმრები სუფრას მიუსხდებიან. ეს ამბავი მესამე სართულზე ხდება.
კარზე ზარი ირეკება. დარბაზში ნიაზი შედის, ხელში ვარდების უზარმაზარი თაიგული უკავია, სევდიანია, თვალები ცრემლით აქვს სავსე. უახლოვდება ნეფე _ დედოფალს, თაიგულს აწვდის, ულოცავს. მერე ოხვრას გულს ამოატანს:
_ ეჰ, აღარ ღირს ჩემი სიცოცხლე!..
სწრაფი ნაბიჯით აივანზე გადის, მოაჯირს გადაევლება და უჩინარდება.
პატარძალი გონს ჰკარგავს, მექორწილეები მოაჯირს მიცვივდებიან, ქვემოთ გადაიხედავენ და...
ნიაზი ამწეს მრგვალ მოედანზე დგას (ქალაქში ლამპიონების მოსამსახურე ავტომანქანა იყო), ზევით იყურება, ღიმილით უქნევს ხელს შეშფოთებულ მექორწილეებს და ნარნარად ეშვება მიწისაკენ.

 ***
_ ერთხელ, ძალიან ადრე, ახალგაზრდობისას, ნიაზს ბათუმში შევხვდი, სასტუმრო "ინტურისტის" წინ, ბულვარში. "წმინდად დაჭრილი" აჭარული თუთუნი შემომთავაზა, მითხრა: მოდი მოვწიოთ, ჰუსეინ ბიძიამ მომცაო.
თან მახლდა ჩემი მეგობარი ჯემალ ბურჭულაძე.
ჩამოვსხედით.
ნიაზს დიპლომი ახალი აღებული ჰქონდა. გამანდო: აჭარაში მინდა დავიწყო სამსახურიო.
_ ნიაზ, რომელ ქვეყნებში ხარ ნამყოფი? _ ჰკითხა რატომღაც ჯემალ ბურჭულაძემ.
_ არც ერთში. არ მიშვებენ საზღვარგარეთ, ეშინიათ, დარჩებაო. შტერები არიან ვირიშვილები. სად უნდა დავრჩე, განა სხვა ბათუმი ან თბილისი არის კიდევ სადმე?! /სულიკო ჟღენტი/


 ***
გამთენიისას ვნახე, ორი თვით ადრე გარდაცვალებიდან. ყაყაჩოები შემოდიოდა, გაზაფხულის სუნი იდგა მთელს ვერის უბანში. ასეთ დროს სახლში ვერ ვჩერდებოდი, სულ გარეთ მინდოდა ყოფნა. გვიან საღამოს დავემშვიდობე შოთა ჩანტლაძეს და ავთო ვარაზს. ისინი სახლებში წავიდნენ. მე ქუჩაში დავრჩი. მთელი ღამე ვიწრიალე უბანში, შინ არ შევსულვარ... უკვე თენდებოდა. ქუჩის ძაღლებმა სუნსულს უმატეს. ვინატრე: ნაცნობი მაინც გამოჩნდეს_მეთქი. შოთას უყვარდა ადრიანად გამოსვლა, ავთოსაც. ვხედავ, ნიაზი ეშვება ბელინსკის ქუჩიდან, არც ველოდი, დამინახა. გახარებულმა ხელები გაშალა: "ვა, როგორ გამახარე, უნდა დავურტყათ, ირაკლი "ტრეტი" უკვე მოსული იქნებაო და ვერის ბაზრისკენ წავედით. გამთენიისას, ვერის ბაზრის უკანა მხარეს ხშირად მოდიოდა ირაკლი "ტრეტი". ჭაჭას ჰყიდდა. ბიჭებს უთენია, მაღაზიების გაღებამდე ის უმასპინძლდებოდა. თავისებურად კეთილი იყო ირაკლი "ტრეტი". მომპასებსაც წამოიმძღვარებდა ხოლმე დასაყოლებლად. კანფეტს ისე, უფასოდ გვაძლევდა, თუმცა არაყიც ბევრჯერ დაგვილევია მისგან მუქთად. ფული არც მე მქონდა არც ნიაზს. ცოტა ხანს ვიყურყუტეთ და ირაკლიც გამოჩნდა. დავლიეთ. მერე ნიაზმა მითხრა: მოდი, ავთო გავაღვიძოთო და პეროვის (პეროვსკაიას) ქუჩაზე გავედით. შევძახეთ მეც, ნიაზმაც. მაგრამ ავთო არ გამოგვპასუხებია. ვუთხარი: მე ვიცი როგორ გავაღვიძოთ_მეთქი, და ამერიკულ კინოფილმ "ლილიდან" მელოდია დავსტვინე. ავთოს ძალიან უყვარდა ეს მელოდია. გაიღვიძა. ჩამოდი_მეთქი, ვთხოვეთ. რას კისრულობთო_გვკითხა. ჩამოდი, არ გაწყენინებთო, უთხრა ნიაზმა. ჩამოვიდა. მივბრუნდით ირაკლი "ტრეტისთან". დიდი მხატვარი მოგიყვანე, დაპატიჟე, მალე ჰონორარს ავიღებ და ერთი_ათად გადაგიხდიო _ უთხრა ირაკლის.
რაც შენთვის არ დამნანებია, არც მაგისთვის დამენანებაო _ უპასუხა ირაკლიმ და ავთოს ორი ჭიქა ახუხა.
წამოვედით. ავთოს ბევრი ლაპარაკი არ უყვარდა. "სამაიას" ლუდხანამდე მივედით. ავთომ იქიდან თავის ქუჩას გახედა, უკვე კარგა გათენებულიყო. აი, ნახეთო, წამოიწყო: იცით, როგორ მიყვარს პეროვის ქუჩა, ჯერ ერთი, რომ ჩემი ქუჩაა, და მეორეც იმიტომ, რომ უტრილოს ნახატს ჰგავსო. მორის უტრილო _ ფრანგი მხატვარი გაიხსენა. გმადლობთო, გვითხრა, მოგვიბოდიშა: ახლა დაგტოვებთ, ბიჭებო, ავუსწრებ სახლში სანამ დილაა, ჩემი ქუჩის დახატვა მინდა ამ შუქზეო და გაგვშორდა.
ნიაზმა მთხოვა, წამომყევი ერთ ადგილას, დედაჩემი მომენატრაო. ვიცოდი მშობლები აღარ ჰყავდა. მივხვდი, ვაკის სასაფლაოზე მიუწევდა გული. ფეხით ვიარეთ. იქვე, გზად ყაყაჩოები დავკრიფე. საფლავზე დავაწყე. გარინდებული იდგა ნიაზი. ხმა არ ამოუღიოა. რომ იტყვიან, დანა არ უხსნიდა პირს. ამასობაში დღეც წამოვიდა და უკან გამოვბრუნდით. ჩუმად იარა. არც მე გამიცია ხმა. მივაღწიეთ ვერის (მაშინდელ კიროვის) პარკამდე. ახლა ეკლესიაში შემომყევიო ისევ მთხოვა. ეკლესია უკვე გაეღოთ, ხურდა ფული კი გვქონდა. თითო სანთელი ავანთეთ. მითხრა: ხატებს შევხედავ, შენ აქ დამელოდე და სულ მალე გამოვალო. შევიდა ეკლესიის სიღრმეში. კარგა ხანს ველოდე. შემდეგ მეც შევედი. მარჯვენა სვეტთან, ღვთისმშობლის ხატქვეშ მუხლებზე იდგა ნიაზი და აცრემლებული ბუტბუტებდა: დედავ და მამავ, სულ მალე მოვალ თქვენთანო, ეს გავიგონე და გამოვბრუნდი. მუდამ მომღიმარი და იუმორით სავსე კაცი პირველად ვნახე ატირებული. მერე მივხვდი: ის ხშირად ტიროდა, რადგან ხშირად რჩებოდა მარტო. ასე მენიშნა. ეკლესიის სიღრმიდან მალევე გამოვიდა, ნამტირალევი თვალები კი ჰქონდა, მაგრამ იღიმებოდა. ისევ იმ ნიაზად გარდაიქმნა. კვლავ ბაღში გავედით. იქ უკვე მოსულიყო ფარნა მერკვილაძე, გიტარით ხელში. ზოსიმეც და ერთი _ ორი პატარა ვერელი ბიჭი. აქ დავემშვიდობე და წამოვედი. ეს იყო ჩემი და ნიაზის უკანასკნელი შეხვედრა. /გია ლეჟავა/




* * *
ნიაზი ქალთან ერთად მიდიოდა ქუჩაში, გასტრონომთან გაიარეს. ახალი ნამცხვრის სუნი გამოდიოდა გარეთ.
-
რა კარგი ნამცხვრის სუნი იდგა, ნიაზ. _ უთხრა ქალმა ცოტა რომ გასცდნენ გასტრონომს. ნიაზმა ჯიბეზე გაიკრა ხელი, მაგრამ გაახსენდა, ფული რომ არ ჰქონდა.
-
მოგიკვდეს ჩემი თავი, წამოდი.
-
უიმე, რას ამბობ, არ მინდა, გმადლობთ, _ გაიპრანჭა ქალი.
-
წამოდი, კიდევ ერთხელ ჩავუაროთ გასტრონომს და. . . უკან წამოვიდეთ.  


* * *
ქართლოს კასრაძე იხსენებდა. ერთ დღეს ნიაზი სიცილით მეუბნება: “ ხომ იცი, ამ ბოლო დროს “ზაპოი” მაქვს, შინ რომ მივალ, დედაჩემი უკვე კარს იქიდან გრძნობს ღვინის სუნს და სახლში არ მიშვებს ხოლმე. ჰოდა, გუშინ მაგრად მოვატყუე – ვარდის ლიქიორით დავთვერი და რომ მივედი გახარებულმა გამიღო კარი, ეგონა ყვავილები მივუტანე”
* * *




Комментариев нет:

Отправить комментарий