ვახუშტი კოტეტიშვილი


“ხალხური სიტყვების ძიებაში უამრავი ადამიანი შევიძინე და საინტერესო ადამიანები გავიცანი. მათზე ბევრი მოგონება შემომრჩა. არაგვისპირეთში მომხდარ ერთ ამბავს გავიხსენებ:

- ჩემს მეგობარ გოგი წიკლაურთან ვქეიფობდი. მეგობრის დედამ, 90 წელს მიღწეულმა ხოშია გოგოჭურმა რომ გაიგო, ვახუშტის დედ-მამა არ ჰყავსო, ძალიან შეწუხდა, მოთქმა-ტირილი დაიწყო. მე ვუთხარი, რადგან ასეა, მოდი, დედა-შვილად გავიფიცოთ, მიშვილეთ-მეთქი. მართლაც იმ დღეს, როგორც ფიცვერცხლით ძმებად იფიცებოდნენ, დედა-შვილად გავიფიცეთ. ამ რიტუალს გოგი წიკლაური ხელმძღვანელობდა. რიტუალის შემდეგ ჩემს მეგობარს ვუთხარი, რადგან შენი ძმა ვარ, სახლის ნაწილიც მეკუთვნის-მეთქი და ყველაზე ლამაზი ოთახები ამოვირჩიე.

ამ დროს მოხუცი ხოშია ზის და ტირის. შვილმა უთხრა, დედი რა გატირებს, მოხუცებულობაში უშრომ-უზრუნველად პირდაპირ პროფესორი შვილი დაირტყიო. მოხუცმა უთხრა, შვილო, უკვე ოთხმოცდაათ წელს ვუახლოვდები, საცაა მოვკვდები და ვახუშტი რომ ისევ დაობლდება, იმაზე ვტირიო. მე როგორც ერთხელ დაობლებულს, მის ნათქვამზე ცრემლი მომადგა, ალალმა შვილებმა კი კარგად იხალისეს.


* * * * * * * 

„ცუდად იყო ძალიან, გული სტკიოდა. მოვიდა სასწრაფო, წინასაინფარქტო მდგომარეობა გაქვს და ახლავე საავადმყოფოში უნდა გაგაქანოთო. საკაცე შემოიტანეს. ამ დროს ვიღაც ურეკავს. როგორც ჩანს, შეეკითხა, როგორ ხარ, რას შვრებიო. წინასაინფარქტო მდგომარეობა მაქვს და მოციმციმე არითმიაო. თან ამაზე დაიწყო ხუმრობა, მე ხომ ყველაფერი მოციმციმე, მოკიაფე და მოკამკამე უნდა მქონდესო“.

* * * * * * * 
- ერთხელ დათვებზე სანადიროდ წავიყვანე. სტუმრები მაინც ვერ ივლიდნენ მიუვალ ადგილებში, ამიტომ მათ გამოვეყავით და მე და რამდენიმე კაცი მაღლა ავედით, რომ ხმაურით დათვი დაგვეფრთხო და ქვემოთ გამოგვერეკა. ჩემს თანასოფლელებს გზები უნდა შეეკრათ ნადირისთვის, თან გავაფრთხილე, – ეს თბილისელები სულ ბოლოში დატოვეთ, ქვემოთ რომ ხელი არ შეგიშალონ-მეთქი.
გამომექცა დათვი და წავიდა გეზზე, ვიცოდი, ვინც უნდა დახვედროდა იქ ჩასაფრებული. ველოდები, – საცაა, თოფი გავარდება-მეთქი. არ გავარდა. არადა, მესმის რაღაც უცნაური ხმა… მისი ექო გაღმა ტყეებს ედება. ვერ ვხვდები, რა შეიძლება ხდებოდეს.

გადმოვიარე ტყიანი გორი, გადმოვედი ზვერებში, ჩავიხედე ქვევით და რას ვხედავ, ვახუშტი დგას ქვევით, ფერდობზე, წინ მონადირეები დაუსხამს, რაღაცას უყვება. დროდადრო ისეთი სიცილი დაიქუხებს, კლდეები ბანს გამოსცემენ. ვის ახსოვს დათვი!
მომივიდა ბრაზი. დავეშვი აჩქარებული, რომ მივუახლოვდი, შორიდანვე დაუძახე, – რას შვრებით, კაცო, რატომ დატოვეთ საფრები, დათვი როგორ გაუშვით-მეთქი.
ვახუშტი მეძახის:

- გიგი, ერთი, აქ მოდი, რა დროს დათვია!
ისეთი ნაწყენი ვარ, სახეზეც მეტყობა, სულ არ მინდა იმათ სიცილ-ხარხარს შევუერთდე. მიდიხარ სანადიროდ და დათვს უშვებ ცოცხალს, ეგ დანაშაულია მთიელის გაგებით. სამარცხვინო ამბავია.
- კაცო, შენ ნუ ხარ სისხლისმსმელი, – მიცინის ვახუშტი, – ასეთ ბუნებაში კაცი დათვს მოჰკლავს?! მოდი და ეს სასმისი დაგვიცალე, თანაც დაილოცე…

ამათ თურმე საგზლად წამოღებული პურმარილი გაუშლიათ, სასმელიც ამოუღიათ და მოლხენაში არიან. მივედი. ახლა ჩემზე დაიწყო შაყირი, იხოცებიან სიცილით მონადირეები… რაღა იქნებოდა, გავიცინე მეც. ასე ჩაგვიშალა ნადირობა… ეგეთი მონადირე იყო ვახუშტი კოტეტიშვილი…
არც ერთი მონადირე არ იყო… ეგენი დათვის გამშვები კაცები იყვნენ – სიყვარულით სავსე, უსისხლოდ საქმის დამთავრების მოსურნე, საქართველოს სილამაზით დამთვრალი მონადირეები. /
გიგი ხორნაული/


* * * * * * * 

ერთხელ ბაზარში ვიყავი და რაღაცას ვყიდულობდი. შევევაჭრე. გამყიდველი მეუბნება, გიცანით, თქვენ როგორ არ დაგიკლებთო. მაგრამ შევატყვე, რომ ბოლომდე ვერ მიხვდა ვინ ვიყავი. ვეუბნები, აბა  თუ მიცანი, მითხარი, ვინ ვარ - მეთქი.  როგორ ვერ გიცანი, ზურა ხარ ქაფიანიძეო. 





Комментариев нет:

Отправить комментарий