რევაზ ლაღიძე


* * *
რევაზ ლაღიძეს ერთი უცნაური ჩვეულება ჰქონდა, სანამ ინსტრუმენტზე ჯადოსნურ ჰანგებს ააჟღერებდა, ოთახის დარაბებს საგულდაგულოდ ხურავდა. ერთხელ ამის მიზეზიც გაამხილა: "კომპოზიტორთა სახლში ვცხოვრობ და წერის დროს თუ ფანჯრები არ დავკეტე, დიდი შანსია, რომელიმე კოლეგამ "თავისი დაწერილი" ჩემივე მელოდია მომასმენინოსო


* * *
კომპოზიტორი რეზო ლაღიძე და დირიჟორი ვახტანგ ფალიაშვილი ერთ წვეულებაზე ყოფილან. პირველი თურმე, ვერ მოაშორეს ჭიქას, მეორე კი ვერ მიაკარეს...
-
პარადოქსებითაა ეს ქვეყანა სავსე - უთქვამს ბატონ ვახტანგს რეზოსათვის - ფალიაშვილი მე ვარ და მუსიკას შენ წერ...
-
რას იზამ, ლაღიძე მე ვარ და ლიმონათს შენ სვამო - უპასუხია რეზოს



* * *
რეზო ლაღიძესთან მეგობარი მივიდა. ბევრი რეკა კარებზე, მაგრამ რეზომ ვერ გაიგო, რადგან ამ დროს ვაზის ტალავერით დაბურულ აივანზე იყო გასული და ქუჩაზე ჰქონდა ყურადღება გადატანილი.. მეგობარი გამობრუნდა, ქუჩაში გავიდა და მიდის უკან, ამ დროს თავისი აივნიდან ბიძინა კვერნაძემ გადმოიხედა, რომელიზ ზედა სართულზე ცხოვრობდა და ჩასძახა სად მიდიხარო? - რეზოსთან ვიყავი სახლში არ დამხვდაო, - უპასუხა მეგობარმა. ბიძინამ: სახლში როგორ არაა, აბა ეს კაცი ტოლმაა ვაზის ფოთლებში რომ ჩანს?  


* * *
„ქართველ ერს არ გააჩნია ხალხურ სიმღერაზე უფრო დიდი განძი. ჩემი აზრით, არაფერი შექმნილა „ხასანბეგურასა“ და „ჩაკრულოს“ ფასი. დიდი მომღერალი არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ, გულწრფელად რომ გითხრათ, თითქმის ყველა კუთხის სიმღერა ვიცი. ძალიან ბევრი მიწანწალია, ამ სიტყვის ფართო გაგებით. მიწანწალია თოფით, ძაღლით, ბადით. საქართველოს ყველა მდინარეზე მაქვს ნასროლი ბადე. წყლის გიჟი ვარ. წყალი საოცრად მიყვარს, ალბათ, იმიტომ, რომ ლაღიძე ვარ. საქართველოს თითქმის ყველა წყაროს ტემპერატურა გაზომილი მაქვს. მივსულვარ ყველა წყაროსთან, სადაც კი მიაღწევდა მანქანა და ჩემი სათევზაო ამუნიცია. საოცრად მიყვარს ქართველ გლეხკაცთან გაბაასება. სიგარეტს მივაწვდი, საუბარში გამოვიწვევ, განგებ შევეკითხები: „საით მიდიხარ, ბიძია? საიდან მოდიხარ?“ საოცრად მოქმედებს ჩემზე სათნო მოხუცთან გასაუბრება. მიყვარს ჩემი ქვეყანა, მისი ყველა კუთხე-კუნჭული, მშობლიური იმერეთი, ქართლი, კახეთი, გურია, სამეგრელო... აქედან მოდის ხალხური სიმღერების სიყვარულიც. ჩემი სისხლია ეს. სიმღერა ნოტებით არასდროს მისწავლია. ღმერთმა ნურც მასწავლოს. ნოტით ვერ ისწავლი ხალხურ სიმღერას, უნდა ბევრი იწანწალო, უნდა შეგესოს შენი მიწა-წყლის ეკალი. ექსკურსანტად შენს ქვეყანას არ უნდა მოევლინო. ექსკურსიით შენს ხალხს ვერ გაიცნობ“. / რეზო ლაღიძე/

 * * *
მერვე კლასში მათემატიკის ტურში გავიმარჯვე, სიგელი დავიმსახურე. მათემატიკის გაკვეთილზე კარნახად ვიყავი ქცეული, რისთვისაც ჩემი დატუქსვა ჩვეულებრივი ამბავი იყო. მახსოვს, დაფასთან კარადა იდგა და ერთხელ იმ კარადაში შევძვერი, რომ იქიდან მეკარნახა ბავშვებისთვის, რისთვისაც გარეთ გამაბრძანეს. დღესაც ვფიქრობ, სად კომპოზიტორი და სად – მათემატიკა. ჩემი მეგობრები შვილებს რომ ვერ ამოუხსნიან სასკოლო ამოცანებს, ეუბნებიან: დამანებე, შვილო, თავი, რომელი რევაზ ლაღიძე მე ვარ, ეს ამოცანები რომ ამოვხსნაო და ჩემთან გამორბიან დახმარებისთვის.
 
* * *
ერთხელ, ჩემი მეგობრები, ბიძინა კვერნაძე და დავით ცერცვაძე მახლდნენ ღორზე სანადიროდ. გადავწყვიტე, შემემოწმებინა და დარიგება დავუწყე: გამოქანებულ ღორს უნდა მოერიდო, ჩაუსაფრდე, არ შეიძლება პირდაპირ შეხვედრა-მეთქი. უცებ ძაღლების ყეფა გაისმა, ჩამოვრჩი და ვიყვირე – ღორი მოდის-მეთქი. იმ გზას, რომელსაც მივუყვებოდით, ნაკრძალის მაღალი ღობე გასდევდა გვერდით. შეშინებულმა დავითმა დაჰკრა ბიძინას მხარზე ხელი და ღობის მეორე მხარეს აღმოჩნდა, მას ბიძინაც მიჰყვა. სიცილი ვეღარ შევიკავე და ისინიც მიხვდნენ ჩემს ხუმრობას, მაგრამ, ნაკრძალიდან გამოსვლა არც ისე იოლი საქმე იყო. სად უნდა მეშოვა ღორი, რომ ამჯერად ღობის აქეთ მხარეს გადმოესროლა ჩემი მეგობრები?! დიდ მანძილზე მოუხდათ ეკალბარდებში სიარული“. / რეზო ლაღიძე/

* * *
განსაკუთრებით უყვარდა მათემატიკა, ქიმია და, ზოგადად ყველა საგანი. ერთხელაც, რეზომ ქიმიის გაკვეთილის შემდეგ გამოიტანა ცარიელი სინჯარა, რომელშიც ადრე მარილმჟავა ეყარა, მაინც დარჩენილიყო მძაფრი სუნი. მიუტანა დამლაგებელ ქალს, ქეთოს და დააყნოსინა. იმოქმედა მასზე  სუნმა, იფიქრა, ვკვდებიო, დაიწყო მოთქმა და ანდერძის დაბარება, თან დაამატა: ლაღიძემ რაღაც მასუნინა, მაგრამ, არ დავწყევლი, კარგი ბიჭიაო. ბოლოს ყველაფერი მშვიდობით დამთავრდა... ჩვენს ეზოში ძალიან კარგი ბიჭები ცხოვრობდნენ. რეზო სულ მათთან ერთად თამაშობდა. განსაკუთრებით უყვარდათ ფეხბურთი. აკეთებდნენ „სამაკატკებს“ და მერე მართავდნენ შეჯიბრებებს. ეზოში ვდგამდით სპექტაკლებს. ერთხელ ჩვენი სახლის საკვამურში შევნიშნეთ პატარა ალი. გამოვიძახეთ სახანძრო. მალე მეხანძრეებმა ცეცხლი ჩააქრეს. ჩვენ კი გადავრჩით, მცირე ჯარიმა გვაკმარეს. რეზოს ძალიან მოეწონა მეხანძრეების თავდადება, ავიდა სახურავზე, აიტანა ფანდური, დაიწყო დაკვრა და შეთხზა სიმღერა მეხანძრეების მამაცობაზე. ხანძრის გამო შეკრებილი და შეშფოთებული მეზობლები რეზოს შემოქმედებით მოიხიბლნენ“. /ეთერ ლაღიძე/


* * *
რეზო ჩხეიძე  "ყველა ადამიანის გამარჯვება უხაროდა, არავისი შურდა, თუნდაც იგი მისთვის მაინცდამაინც სასიამოვნო კაცი არ ყოფილიყო. ერთხელ სწორედ ამ თემაზე ჩამოვუგდე საუბარი: "რეზო, ნუთუ ყველა ადამიანი ასე ერთნაირად გიყვარს, ამდენ სიკეთეს რომ არიგებ გარშემო? ნუთუ არავინ გაწყენინა, რამე ტკივილი არავინ დაგიტოვა გულში?". რეზომ ბევრი იცინა და მიპასუხა: "როგორ არა, ბევრი ცუდიც მახსოვს. განა ასეთი გულმავიწყი ვარ, მაგრამ თუ ქრისტიანი ხარ, ისიც უნდა იცოდე: ავს ავით არასდროს უნდა უპასუხო!"

* * *
"მამას ძალიან უყვარდა თავისი კათედრა. ხშირად ხუმრობით ამბობდა, წავედი კათედრაზე, თქვენ აქ ვერ მაფასებთ, იქ კი ბეთჰოვენად მთვლიანო". მართლაც, უჩვეულოდ თბილი დამოკიდებულება ჰქონდა ბატონ რეზოს კათედრის წევრებთან და მათ ოჯახებთან. ბავშვებს განსაკუთრებით უყვარდათ იგი. ერთ ზამთარს რევაზ ლაღიძის ოჯახი და კათედრის წევრები შვილებთან ერთად ვისვენებდით წყნეთში, მინისტრთა საბჭოს აგარაკებზე. ყოველ საღამოს ბატონი რეზოს მანქანა გაბმული საყვირით გვამცნობდა მოსვლას. უკვე ვიცოდით, რომ მანქანაში დიდი ქვაბით ხინკალი ედგა. ბავშვები ჟივილ–ხივილით ეგებებოდნენ. განსაკუთრებით პატარა ნიკო გომელაური აქტიურობდა (ნიკოს დედა კათედრის წევრი იყო – ავტ)., ბატონ რეზოს ის გამორჩეულად უყვარდა.  /ლელა ლაღიძე/


                                                                                 * * *
ტრადიციული მოლხენა უყვარდა. 7-8 ლიტრ ღვინოს ისე დალევდა, არაფერი შეეტყობოდა - ჰანგების მსახური რომ იყო, ქეიფის დროსაც ეტყობოდა. შუა ლხინისას, "განსხვავებულის" შესმის დრო რომ მოაწევდა, იმის ნაცვლად, რომ სუფრაზე ყანწების შემოტანა ებრძანებინა, დაიძახებდა: "კასტანიეტები!" (ესპანეთში, იტალიასა და ლათინური ამერიკის ქვეყნებში გავრცელებული სარტყმელი მუსიკალური

საკრავი). რაც იმას ნიშნავდა, რომ რვა ცალი მინის ჭიქა უნდა მიერთმიათ. ჭიქებში თითებს ჩაყოფდა, ასწევდა და კასტანიეტებივით აატკაცუნებდა. შემდეგ შეავსებდა, სათითაოდ დაცლიდა და თანამეინახეებს გადააწოდებდა. მათაც სხვა რა გზა ჰქონდათ - ვინც "კასტანიეტების" მოტანამდე ვერ მოახერხებდა სუფრიდან გაპარვას, სვამდა რვაჭიქიან "განსხვავებულს" და იქვე თავს ჩაჰკიდებდა.

* * *
ზაფხულის ერთ საღამოს მე და ალეკო ხომერიკი სტუმრად ვეწვიეთ შინ. სტუმართმოყვარე მასპინძელი ძალიან კარგ გუნებაზე იყო, ვსაუბრობდით, ვხუმრობდით. მოულოდნელად მე მას ვთხოვე ,,ილიჩ”, თუ შეიძლება ავტოგრაფით გვიძღვნათ თქვენი ოპერის არიებისა და დუეტების ნოტები. ბატონმა რეზომ თავის ქალიშვილ ლელას სთხოვა, ნოტები მოეტანა. შემდეგ ალეკოს ჰკითხა, როგორი წარწერა გსურსო. ალეკომ უპასუხა: როგორსაც ვიმსახურებო. მე კი ხუმრობით ვუთხარი: ,,თანამედროვეობის უდიდეს ბარიტონს ჯემალ მდივანს”. მან გულიანად გადაიხარხარა. და დასძინა, შეხედეთ, შეხედეთ ამ ზესტაფონელსო. ყველანი გავმხიარულდით, ნოტებს როგორი წარწერა გაუკეთა, აღარც გაგვხსენებია.
ორი კვირის შემდეგ რევაზ ლაღიძე გარდაიცვალა, … გადავშალე ნოტები და ვხედავ, მას ზუსტად ის სიტყვები დაუწერია, რაც მე ხუმრობით ვუთხარი…

* * *
ბიძინა კვერნაძე იგონებს: ”ერთხელ მე, იაშა ბობოხიძე და პიერ კობახიძე რესტორანში ვიყავით რეზო ლაღიძესთან ერთად. რეზო ამბობდა: ისეთი აზარტული ვარ, ტყეში მამაჩემი რომ შემხვდეს, შეიძლება იმას ვესროლოო... პიერმა მითხრა: - შენ ამას ტყეში არ გაჰყვე, ისეთი გვარი გაქვს, ნამდვილად გესვრისო.


* * *
რეზო ლაღიძეს ჰკითხეს ერთხელ, ყოველდღე ბევრს თუ მუშაობთო... ყოველდღე მე ვცხოვრობო, - უპასუხა.


* * *
გარდაცვალებამდე 7 წლით ადრე, ინსულტი გადაიტანა და მარცხენა ხელს ვეღარ იმორჩილებოდა. ამ პერიოდში ძირითადად აკაპელას წერდა. 1976 წელს, საქართველოში  იაკობ გოგებაშვილის „დედა ენის“ 100 წლის იუბილესთვის ემზადებოდნენ. რევაზ ლაღიძე უკვე ავად იყო. მაშინდელ განათლების მინისტრს უთხოვია, იქნებ ამ შესანიშნავი დღის აღსანიშნავად, სიმღერა შექმნათო. ასე დაიწერა დედა ენის სადიდებელი ჰიმნი.

1 комментарий:

  1. ბუჯო, ცუდად როცა ვიქნები - რაღაცეებს მოგპარავ ხოლმე... :)
    რამ მოგაგროვებინა ამდენი რამე?!
    მაგარი შრომა გაგიწევია - რესპექტ...

    ОтветитьУдалить