ნოდარ დუმბაძე



ბედნიერი კაცი ვარ, ჯერ იმით, რომ ნოდარ დუმბაძეს ბავშვობიდანვე ვიცნობდი და მერე იმით, რომ ყოველი მისი ნაწარმოები პირველმა, მე გავაცოცხლე სცენაზე. "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი" ჯერ დაბეჭდილიც არ იყო, ხელნაწერშივე წავიკითხე და გადავირიე კაცი. იმ დროს შექმნილი ნაწარმოებებიდან, ეს ერთადერთია, სადაც მთავარი გმირი "ოროსანი", უფრო მეტიც - კომკაშვირელი არ არის. არც რაიკომი იყო ნახსენები, არც აღმასკომი, კოლმეურნეობა და მოწინავე მუშაკებიც არსად ჩანდნენ. მოკლედ, დავდგი სპექტაკლი, ჩაიარა პრემიერამ და მეორე დღეს, მე და ნოდარი, დავსხედით ჩემთან სახლში და მამაპაპურად "შევუბერეთ". ორივენი გალეწილი მთვრალები ვართ. ამ დროს რეკავენ თეატრიდან და მეუბნებიან, რომ მთელი ცეკას ბიურო და მჟავანაძე (ვასილ მჟავანაძე - საქართველოს კომპარტიის ცეკას მაშინდელი პირველი მდივანი - ავტ.) მოვიდნენ, სპექტაკლს ესწრებიან და კითხულობენ - სად არიან ავტორი და რეჟისორიო? რას ვიზამდით? - დატრიალდა ჩემი მეუღლე, ცივი წყლით დაგვაბანინა პირი, გვასუნთქა ნიშადური, მოგვიწესრიგა ტანსაცმელი და გაგვიშვა თეატრში, ორივე ვცდილობთ, ბიუროს წევრებისგან შორს დავდგეთ, რომ ჩვენმა "არომატმა" მათი "პატიოსანი ცხვირები" არ შეაწუხოს. როგორც იქნა, დამთავრდა სპექტაკლი. არის მქუხარე ტაში და მადლობები. მჟავანაძე პალტოს საკიდრისკენ გაემართა. ტანდაბალი კაცი იყო, პალტო კი საკმოად მაღლა ეკიდა. ვხედავ - ასწია ხელი, მაგრამ ვერ შესწვდა. მივედი, ჩამოვხსენი პალტო და რას ვიზამდი? - მამაჩემის ხნის კაცი იყო და ჩაცმაშიც მივეხმარე. მოკლედ, მჟავანაძეს პალტო ჩავაცვი და ვხედავ, ნოდარის გაღიმებულ სახეს და აციმციმებულ თვალებს. ჩამოვდივარ კიბეზე, ნოდარს ირონიით აღსავსე ღიმილი არ სცილდება საულვაშიდან. ვეჩურჩულები: "ახლა რას იღიმები? მომჭრი, ხომ, მთელი საქართველოს მასშტაბით თავს?! - გიგამ მჟავანაძეს პალტო ჩააცვაო"... ნოდარიც მეჩურჩულება: "ბიჭო, თავს მოგჭრი კი არა, გულზე ვარ გამსკდარი, იმ კოჭლმა კაცმა, რაფრა მიმასწარი?!"

* * *

ჩემი ფეხი, ნოდარის საყვარელ სახუმარო თემას წარმოადგენდა. მიტრიალებდა, მიტრიალებდა, ბოლოს, ისევ ჩემს ფეხთან მივიდოდა და ისეთ მოსწრებულ რამეს იტყოდა, ყველაზე ხმამაღლა მე ვიცინოდი. მახსოვს, ერთხელ, "კომკავშირის ხეივანში" ვიქეიფეთ. მოგეხსენებათ, მთვრალ კაცს სხეულის შეგრძნობა არ აქვს და პირველმა მე ავიტეხე - აქედან შინ დაბრუნებისას მოკლეზე ჩავიდეთ-მეთქი. ავიშალეთ და პირველი მე დავადექი ამ მოკლე გზას, უფრო სწორად - დამრეც დაღმართს. მივდივარ ამ ვიწრო ბილიკზე, მაგრად მივდივარ; მომყვება უკან რამდენიმე კაცი, მათ შორის ნოდარიც. უფრო სწორად, ვერ მომყვებიან - უჭირთ სიარული და მესმის უკნიდან ნოდარის ხმა: შენ რა გენაღვლება, ძამა, საცალფეხო ბილიკია და... ჩვენ რა ვქნათ, ორფეხიანებმაო?!. ჩემს ფეხთან დაკავშირებით ნოდარის სახუმარო გამონათქვამების მთელი სერიალი არსებობს. ბოლოს, ვეუბნებოდი: ჩემო ნოდარ, შენს იუმორში ახალი ეტაპი დაიწყო, "პროთეზნი იუმორის" ეტაპი-მეთქი.



"პროშჩაი, ნემიტაია როსია..."
  მე და ნოდარი ლენინგრადში ვართ. ვესწრებით პრემიერას, რომელიც ძალიან არ მოსწონს ნოდარს. იმდენად არ მოსწონს, რომ გაღიზიანებულიც კია. დამთავრდა სპექტაკლი, რომლის სამხატვრო ხელმძღვანელიც იყო გიორგი ტოვსტონოგოვი, რეჟისორი კი - აგამირზიანი. მიდის კორესპონდენტი ნოდართან და სპექტაკლის შესახებ აზრს ეკითხება. ნოდარი მოკლედ პასუხობს: "აგამირზიტელნაია ტოვსტონოვკაო" - და თეატრის შენობას ტოვებს... იყო კიდევ ასეთი შემთხვევა: ნოდარმა კომკავშირის პრემია მიიღო. ჰოდა, თავისი დაჯილდოების აღსანიშნავად, მოსკოვის ცნობილ რესტორანში - "ლიტერატორების სახლში" ნოდარი მართავს ბანკეტს. ჩვეულებრივი რუსული სუფრაა. ერთ საათში ყველაფერი ერთმანეთში აირ-დაირია. ვიღაც ცალკე ზის, ვიღაც ცალკე სვამს... ასე, შვიდი კაცი ვართ ქართველები. ნოდარმა გადახედა სუფრას და გვითხრა: აქ მორჩა ქეიფი, ამის მეტი აღარაფერი იქნება, გავიდეთ და სადმე ერთად დავსხდეთო. ის იყო, უნდა გავსულიყვით, ნოდარს უკვე კარის სახელურზე ჰქონდა ხელი შევლებული, რომ ზურგს უკან გვესმის, მართლაც ბრწყინვალე რუსი პოეტის სოლოუხინის სიტყვები, უფრო სწორად - სოლოუხინის წარმოთქმული ლერმონტოვის სიტყვები: Бежали робкие грузины... ნოდარი, არც დაფიქრებულა, შემოტრიალდა და იმავე მწერლის იმავე ნაწარმოებიდან შეაგება სიტყვა: Прошай немытая Россия... დარბაზი ჯერ გაოგნდა, მერე კი - ტაში დასცხო.

ბევრჯერ მომიყოლია ის ამბავიც, თუ როგორ აღელვებდა ნოდარს კრემლის ბედი. მოსკოვში, ჩვენი სასტუმროს ფანჯრები კრემლს გადაჰყურებდა. აღარ მახსოვს, მაშინ ვის ასაფლავებდნენ. ვიღაც "დიდი კაცი" იყო გარდაცვლილი. დგას ნოდარი დაღვრემილი ფანჯარასთან. უცებ მეუბნება: გიგა, აი კრემლი დაინგრევა. - რატო, ბიჯო-მეთქი? - ვეკითხები. - აგური გამოაქვთ, ფერფლი შეაქვთ და კედელს რა გააჩერებსო?!. რას იტყვით ახლა თქვენ, არ იყო ამაში ლოგიკა?! / გიგა ლორთქიფანიძე/

* * *
მწერალთა კავშირის თავმჯდომარედ რომ დანიშნეს, კარებზე მიღების საათები მოახსნევინა და ვინც შემოვა, პირდაპირ შემოაღოს კარიო.
 * * *
ახლა მადლობით დავიწყებ და მერე, გასაკეთებელს ვიტყვიო. გამოსვლას "მადლობა კომუნისტურ პარტიას ამისთვის, ამისთვის და ამისთვისო", – დაიწყებდა ჩამოთვლას. რეალურად ამ დროს არაფერი იყო გაკეთებული და მერე იძულებულები ხდებოდნენ, მართლაც გაეკეთებინათ.  
 * * *
ერთხელ ნოდარ დუმბაძის მეუღლისათვის კონსილიუმი მოიწვიეს ექიმებმა. კონსილიუმის შემდეგ, სხვადასხვა ექიმები რიგრიგობით გამოდიან კაბინეტიდან და ნოდარს ეუბნებიან: "ეს ჩემი ავადმყოფი არ არის, ეს ჩემი ავადმყოფი არ არის..." - ავადმყოფი ჩემი რომაა კი ვიცი მაგი ძამა, თქვენ ის მითხარით რა სჭირს.
 * * *
ჯანსუღ ჩარკვიანი აუხირდა, თურმე, ნოდარ დუმბაძეს არ შეიძლება ყველა გურული ენამოსწრებული იყოს, ეს შენ აგდის ხუმრობა ხელზე და მერე გურულებს აბრალებო...

მიიპიტიჟა გურიაში ნოდარმა სტუმრად ჯანსუღი. ჩაასხეს პოეტის "ჟიგულში" ბენზინი და წამოვიდნენ ხიდისთავისკენ. გამოსცდნენ დაფნარს და მათი თავგადასავალიც საჯავახოს გადასახვევიდან დაიწყო, სადაც გურული გლეხი დაემგზავრათ ჩოხატაურამდე. ვერ იცნო გლეხმა ვერც ერთი და ზის უკანა სავარძელზე თავისთვის, წყნარად. ჯანსუღი ენას არ აჩერებს, ხუმრობს და დროდადრო ნოდარს გადახედავს ირონიულად - ესეც შენი ენაკვიმატი გურულებიო! მერე გაეცნო გლეხს, პოეტი ვარო და თავისი ახალი ლექსების პატარა ბროშურა აჩუქა. გურულმა გადმოაბრუნა და ბოლო გვერდზე გადაშალა, იქ, სადაც წიგნებს ფასი აწერია, ხოლმე. პატარა ბროშურა იყო და ფასიც პატარა ჰქონდა - 15 კაპიკი.

გურულს გაეცინა და პირველად ამოიღო ხმა:

ცარიელი რვეული 20 კაპიკი ღირს, ბიძია, და რას წერ ამფერს, შენი წიგნი 5 კაპიკით ნაკლები რომაა?!

ხმა აღარ ამოუღია ჯანსუღს. ის კი არა, ისე ინერვიულა, გზაზე არხეინად მიმავალ გოჭს დაეჯახა და სული გააფრთხობინა. გააჩერეს მანქანა, მიიხედ-მოიხედეს და კაციშვილის ჭაჭანება არაა გზაზე. ახადეს მანქანას საბარგული და ის იყო გოჭი უნდა ჩაედოთ შიგ, რომ მაღალი მთის კალთაზე დაკიდებულ ყანაში მომუშავე გლეხმა გადმოსძახა:

ნოდარა, ბიჯო, არ მითხრა, ახლა საავადმყოფოში მიმყავს მაი გოჭიო! დადევი მაქანე და მასტუმრე მაგი ხალხი!
* * *
ნოდარ დუმბაძე როცა დაქორწინდა და ბავშვი შეეძინა მძიმე პირობებში ცხოვრობდა, ძალიან პატარა და დაბალჭერიანი ბინა ჰქონდა ე.წ. "ხრუშოვკა" ამის მიუხდავად ნოდარი იუმორით მუდამ უყურებდა ხოლმე ამ ამბავს და ხუმრობდა კიდეც: "აია ძამა, საქმე? ბაღანაიზა ჰოპლა ვერ შემიძახია და მაღლა ვერ ამიგდია. ბუზებს ჭერზე ისე ვკლავ, ფეხის წვერებზეც არ ვიწევი"
* * *
ერთხელ, ნოდარ დუმბაძე დიდ წვეულებაზე მოხვდა: პურმარილი ისეა გაწყობილი, თვალს ვერ მოწყვეტ კაცი, გაქათქათებულ სუფრაზე ძვირფასი ჭურჭელი აწყვია, გადაფუშფუშებული ხელსახოცებია დაფენილი, საუზმეულობა ისეა გაფორმებული, რომ, ნუ იტყვით! შემოუსხდნენ თურმე სუფრას სტუმრები და, ამ დროს, ვიღაც კაცი შემოვიდა და ისეთი ბენზინის სუნი ასდის მის კოსტიუმს, გააფუჭა განწყობა. ნოდარმა თურმე ითმინა, ითმინა და, რომ ვეღარ გაუძლო ბენზინის სუნს, მიუბრუნდა იმ კაცს და უთხრა: თუ ძმა ხარ, „დაქოქე“ ახლა ეგ შენი კოსტიუმი და წადი აქედანო.
 * * *
81 წელს როდესაც დინამომ თასი აიღო, ბუნებრივია დაიწყო ტრიუმფატორი გუნდის შეხვედრები სხვადასხვა ორგანიზაციებთან. ერთერთი შეხვედრა ჩატარდა საქართველოს მწერალთა კავშირის წევრებთან. ახალკაცმა მიიყვანა დუბლშემადგენლობა შეხვედრაზე და მოიბოდიშა, "ასტნავნოი" გუნდი დაღლილია და მნიშვნელოვანი შეხვედრა აქვს ხვალ, ამიტომ დუბლები მოვიყვანეო.იმ დროს მწერალთა კავშირის თავმჯდომარე იყო ნოდარ დუმბაძე, რომელმაც უპასუხა: ეგ არაფერი, ჩვენც დუბლები ვართ "ასტნავნოი" მთაწმინდაზე წევს ძამა.
 * * *
საზღვარგარეთის ქვეყნებთან მეგობრობისა და კულტურული ურთიერთობის საქართველოს საზოგადოებაში ბატონმა რეზო ჩხეიძემ თათბირ-სემინარი ჩაატარა დიდი ესპანელი მწერლის მიგელ დე სერვანტეს საავედრას “დონ კიხოტის” ეკრანიზაცის შესახებ. “ქართული ფილმი” ესპანელ კოლეგებთან ერთად აპირებს ამ ნაწარმოების გადაღებასო აღნიშნა ბატონმა რეზომ. ნოდარ დუმბაძე გრძელი მაგიდის კუთხესთან იჯდა, ხმას არ იღებდა და საგულდაგულოდ ქაღალდის ფურცელზე ფანტასტიკურ ფიგურებს ხაზავდა. რეზო ჩხეიძემ თან ინგლისელი კოლეგა, გამოჩენილი კინორეჟისორი მოიყვანა, რომელიც იმჟამად საქართველოში სტუმრად იმყოფებოდა. სტუმარმა შეკრების მიზანი რომ გაიგო, გაიოცა - თუ კლასიკოსის გადაღება გნებავთ, შორს სადღა მიდიხართ, თქვენი ბრწყინვალე “ვეფხისტყაოსანი” გადაიღეთო. ბატონმა რევაზმა დიპლომატიური ღიმილით მიუგო, რომ “ქართული ფილმი” ჯერ ვერ გრძნობდა თავს საკმაოდ მომზადებულად ასეთი დონის ნაწარმოების ეკრანიზაციისათვის.
- ჩვენ კი ისე “გავთავხედდით”, - განაგრძო ინგლისელმა კოლეგამ, - “ქართულ ფილმთან” ერთად გვინდა ამ ნაწარმოების გადაღება, და ისე შორს შევტოპეთ, რომ მსახიობებიც კი შევარჩიეთ.
- ვინ არიან ეგ მსახიობები, თუ საიდუმლო არ არის? – იკითხა ბატონმა რეზომ.
- ვინ და.. თინათინი – ოდრი ჰეპბერნი, ნესტან-დარეჯანი – სოფი ლორენი, ტარიელი – პიტერ ო’ტული, ავთანდილი – ალენ დელონი, ფატმანი – ბრიჯიტ ბარდო, ფრიდონი – ენტონი ქუინი
- რაღა ერთობლივი ფილმია, თქვენ გადაგიღიათ და ეგ არის! – ჩაილაპარაკა ვიღაცამ. – საკითხავია, ჩვენ ვინღა ვითამაშოთ?!
- როგორ თუ ვინ?! – უცებ საუბარში ჩაერია ნოდარ დუმბაძე – იმდენ ქაჯებს თამაში არ უნდა??
 * * *
მოსკოვშია ნოდარ დუმბაძე ცოლთან ნანული გეგენავასთან ერთად. მაღაზიებში სიარულისას ქალბატონ ნანულის ძალიან მოწონებია 12 კაციანი ჩაის სერვიზი და დაუჟინებია ვიყიდოთო, ნოდარი მიხვდა რომ არაფერი გამოუვიდოდა და, - კაი ვიყიდოთ, ვიყოდოთ მარა იმ კაცის რა ვუთხრა, სახლში 12 კაცს რო მიიყვანს და ჩაის დაალევინებსო..
* * *
უნივერსიტეტში განიხილავდნენ ნოდარ დუმბაძის რომანს “მე ვხედავ მზეს”. ერთმა სტუდენტმა ჰკითხა ნოდარს, - ეს შენი “სოსოიას რუსი” ამ რომანში და, კერძოდ, გურიის სოფელში საიდან გაჩნდაო?
ნოდარმა უპასუხა: "საქართველოში ორასი ათასზე მეტი რუსია და ერთხელაც არავის უკითხავს, საიდან გაჩნდნენ აქ და ჩემს რომანში ერთი რუსის გაჩენა გიკვირთ?"
* * *
უკანასკნელ ხანს ნოდარ დუმბაძე მეტისმეტად დაძაბუნდა. სიარულიც უჭირდა, სუნთქვაც, ლაპარაკიც, მაგრამ სიცოცხლის ხალისი და იუმორის გრძნობა ძველებურად ჰქონდა შერჩენილი. იმ დღეებში პრესაში დაიბეჭდა სტატია სახელწოდებით, ყველამ მივბაძოთ ამხანაგ ჩერნენკოსო!

- მე რაც შემიძლია, ვბაძავ, ძამა, - ვერ დავდივარ, ვერ ვლაპარაკობ და ვერ ვსუნთქავ! ამოუოხრავს ნოდარს.
 * * *
ნოდარ დუმბაძეს ერთხელ ვიღაც ინგლისელი გააცნეს, რომელმაც მშობლიურ ენაზე გაუბა საუბარი. "უთხარით, რომ სკოლაში გერმანულს მასწავლიდნენ", - სთხოვა თარჯიმანს ბატონმა ნოდარმა. ინგლისელი მაშინვე გერმანულად ალაპარაკდა. ბატონი ნოდარი შეიშმუშნა და თარჯიმანს კვლავ თხოვნით მიმართა: "ახლა ისიც უთხარით, რომ ისინი კი მასწავლიდნენ, მაგრამ მე არ ვსწავლობდიო"  
* * *
“ო, აფხაზეთო, ბევრი კარგი მოყმის გამზრდელო, ამორძალი ხარ მკერდმოჭრილი უსაქართველოდ. მაგ ტკბილ კალთაში თავს ჩაგიდებ და გავყუჩდები, ლოცვით, მადლობით, აღსრულებით მითრთის ტუჩები…”
  * * *

მკვდარი მიმიტანეს სოხუმის მეორე საავადმყოფოში. თვალს ვახელ: ებრაელი, ბერძენი, სომეხი, რუსი, აფხაზი, ქართველი – ყველა ერთად მადგას თავზე. არ მეგონა, სიკვდილი თუ ასეთი ინტერნაციონალისტი იყო. ბურანში წასული გულიებს ვხედავ, შინკუბებს ვხედავ, პაპასკირებს ვხედავ, თარბებს ვხედავ… ლასურიების, ახუბების, ლომიების, კაპბების, ანჩაბაძეების, გოგუების ხმებს ვარჩევ… თბილისიდან გადმოცვენილ ექიმებს ვხედავ, ნათესავებს ვხედავ, სისხლსა და ხორცს ვხედავ ჩემსას, ვიცი, ამათი ბახალა ვარ და ამათ უნდა მიტირონ, მაგრამ ამათ რაღა უნდათ, უზარმაზარ ამრასავით რომ მადგანან თავზე და მათბობენ?! ცოტა რომ მოვიკეთე, მოწყალების დები მიამბობდნენ რიგრიგობით:
- რომ მითხრეს, ნოდარ დუმბაძეაო, სულ დამეკარგა ვენა, ვერაფრით ვერ მივაგენი და ნემსი ვერ გაგიკეთეთ!
- რომ მითხრეს, ნოდარ დუმბაძეაო, იმ წუთში ვიპოვე ვენა და გაგიკეთეთ შიგ ნემსი, თორემ მაგას რა იპოვიდა, სულ არ გქონდათ წნევა!
 

* * *  
ამ რამდენიმე წლის წინათ გუდაუთაში ერთი კაცი ამიხირდა “ბენზოკალონკასთან”, გინდა თუ არა ურიგოდ უნდა გამიშვაო.
- რატომ? – ვეკითხები
- იმიტომ, რომ აქაური ვარ და მე ასე მსურს, – ვატყობ, ნასვამია, აშკარად შარზეა და ჩხუბი უნდა, თან ვხედავ, მხარზე მარტო ჭინკა უზის, ანგელოზი არსად ჩანს. რა თქმა უნდა, არ წავეჩხუბე, ურიგოდ გავუშვი…

* * *
მოსკოვში ვარ, რესტორანში ვსხედვართ მე და ერთი იქაური ჩემი ნაცნობი. ოფიციანტმა შამპანური და შოკოლადი მოიტანა.
- ეს მოგართვეს! – მეუბნება.
- ვინ? – ვეკითხები.

- ვინაობა არ უთქვამს, აი, იმ ახალგაზრდამ! – გამახედა ოფიციანტმა. რესტორნის კართან ლამაზი, ახოვანი ვაჟკაცი დავლანდე. ვხედავ, მხარზე ამასაც ჩემი ჭინკა და ანგელოზი უზის. მეღიმება.

- ვინ იყო? – მეკითხება თანამოსაუბრე.
- ჩემი აფხაზი მეგობრის ვაჟი! – ვუპასუხე.
- მერე რატომ თვითონ არ მოვიდა? – უკვირს ჩემს მეინახეს.

ახლა ამას როგორ ავუხსნა, რატომ არ მოვიდა აფხაზურ ოჯახში აღზრდილი ვაჟკაცი მამამისის ტოლ კაცთან, რატომ არ მომიჯდა გვერდით, რატომ არ გადადო ფეხი ფეხზე, რატომ გამომიცხადა ასე შორიდან სიყვარული და უხმოდ რატომ წავიდა?!
- ალბათ, ეჩქარებოდა! – ვუთხარი როყიოდ.


  * * *

კიდევ ორი ოჩამჩირელი მოსწავლე გოგონა მაგონდება: ერთი – აფხაზი, მეორე – ქართველი. სანატორიუმში მინახულეს ავადმყოფი, თავიანთი ბაღის ფორთოხალი და ლიმონი მომიტანეს თანაკლასელების სახელით. ვიდრე ჩემთან იდგნენ, ძალიან ყოჩაღად ისხდნენ, მაგრამ თვალები ცრემლით ჰქონდათ სავსე. რომ წავიდნენ, აივნიდან გადავხედე. ამათ მხრებზე მხოლოდ ანგელოზები ესხდნენ და თავჩაქინდრულნი მიდიოდნენ, ჩემი ნახვით დაზაფრულებს, ალბათ, იმედი გადაუწყდათ, – ამას რა გადაარჩენსო?!
- გადავრჩი, ჩემო ძვირფასო გოგონებო, და თუ დამიჯერებთ, ის თქვენი მოტანილი ლიმონი და ფორთოხალი იმ ყველა ამერიკულ და გერმანულ წამალზე უფრო მომიხდა. მადლობელი ვარ, თქვენ შემოგევლოთ ჩემი სიცოცხლე.
* * *

სულ ახლახან ერთ ჩემს ისტორიკოს მეგობარს ვთხოვე, ჩვენი ისტორიული წარსულიდან აფხაზთა და ქართველთა ძმობის რაიმე ლამაზი ამბავი გაიხსენე-მეთქი. დიდხანს იფიქრა, მერე უარყოფის ნიშნად თავი გაიქნია.
- რა იყო? – ვკითხე გაკვირვებულმა.
- არძმობის ამბავი ვერ გავიხსენე და ის როგორღა გავიხსენო?! – ასე მიპასუხა.
ან ბრძენი კაცის მოგონილი სიცრუეა, ან მართლაც ასე იყო. ყოველ შემთხვევაში, ჩემი ღრმა რწმენით, ჩვენმა შვილებმა და შვილიშვილებმა ასე უნდა იცოდნენ… და უნდა იცოდნენ ჩვენგან.

მე სულ მუდამ მახსოვს აკაკი წერეთლის, კონსტანტინე გამსახურდიას, ლეო ქიაჩელისა და სხვათა შემდეგ კაცი როგორი სიფრთხილით უნდა შეეხოს აფხაზთა გულის სიმებს. ეს ჩემს აფხაზ ძმებსაც უნდა ახსოვდეთ, ქართველთა გულის სიმებს რომ შეეხებიან ხოლმე.
 

* * *
მიხარია, შოთა ნიშნიანიძე ეგზომ ლამაზად რომ შეეხო ჩვენი გულების საერთო სიმებს. მე რომ ახლა ამ წერილს ვწერ, უფრო თავისუფლად და ლაღად ვგრძნობ თავს, რადგან მწერალთა კავშირში აფხაზეთის საბჭოს თავმჯდომარე ვარ, უმაღლესი საბჭოს დეპუტატად აფხაზეთიდან გახლავართ არჩეული, აფხაზეთში მოვკვდი და დავიბადე ხელმეორედ, ლენინური პრემია რომ მივიღე, ათასი დეპეშა მომივიდა და აქედან ნახევარზე მეტი აფხაზეთიდან იყო. სხვა რომ არაფერი, სამადლობელი მეკუთვნის და ვამბობ კიდევაც. და ასეც რომ არ იყოს, სულაც შავი ზღვის პირას, აფხაზეთში მიდგას ოდა. 
“ჩანს ოდაზე კოლხთა ღერბი, ღერბი სიმინდ-ჯიქურის, და აფხაზურ ცხენის ნალი ავგაროზად მიკრული”.
შოთა ნიშნიანიძის ლექსის კითხვა რომ ჩავათავე, გულში რაღაც უსაშველო სითბო ჩამეღვარა, ავდექი და ჩემს სიცოცხლეში პირველად მოვძებნე ლექსიკონში გულის განმარტება.”

 * * *

 ნოდარ დუმბაძე და გიგა ლორთქიფანიძე იდგნენ ფილარმონიასთან, წვიმაში! ნოდარს უნდოდა გადახურულ და მშრალ ადგილს შეფარებოდა მაგრამ გიგა არ ინძრევა ადგილიდან. რა ქნას ნოდარმა? და უთხრა - გიგა, შე კაცო, ვიდრე ყლორტები არ ამოგივა მაგ ფეხზე, მანამდე არ შემოხვალ მშრალშიო? (გიგას, როგორც ცნობილია, ცალი ფეხი პროტეზის ჰქონდა, მაგრამ მეგობრები იყვნენ და მათში მოსული იყო ეგეთი ხუმრობა!).



* * *
 ნოდარს უთქვავს ერთხელ: „იქ სადაც ორი გურულია სამი განსხვავებული აზრიაო".
*****

ყველასა და ყველაფერზე წერ და რა მოხდებოდა, ჩემზეც დაგეწერა რამე", - უსაყვედურა ნოდარ დუმბაძეს მეუღლემ, ნანული გეგენავამ. „ამდენ ხანს ხატია-ში შენი თავი თუ ვერ დაინახე, ცუდად ყოფილა ჩემი საქმე", - ამოუოხრია ნოდარ დუმბაძეს“.

*****

მწერალმა რევაზ მიშველაძემ დისერტაცია რომ დაიცვა, ბანკეტი გადაიხადა. ნოდარ დუმბაძე თამადობდა. ზუგდიდელმა მეგობრებმა მწერალს შემწვარი ვაცი ჩამოუტანეს. ორიგინალურად იყო შემწვარი - ფეხებზე იდგა. სუფრაზე რომ დადგეს, შეზარხოშებული სტუმრები აღფრთოვანდნენ. მიშველაძემაც - ჯიხვიაო, საზეიმოდ გამოაცხადა. ნოდარ ჩხეიძემ მოხერხებულად ჩამოაჭრაჯიხვს" ხორცი და ჩამოარიგა. გაჭრა მიშველაძის ტყუილმა. ქეიფის დასასრულს ნოდარ დუმბაძემ იხმო, მხარზე ხელი გადაადო და უჩურჩულა: - ისე, ტყუილებს ბავშვობიდან ნუ მიეჩვევით, მიშველაძე, თვარა სადოქტორომდე მისვლა გაგიჭირდებათ. ჯიხვები ჩვენ ვართ, აი თხა ჯიხვად რომ მოგვასაღეო. მაშინჯიხვს" მოტყუებულს, უცოდინარს ეძახდნენ.

*****

ნოდარ დუმბაძე ერთხელ ესტუმრა თავის მეგობარს სახლში. მეგობრის შვილს მშობლებისთვის უთხოვია - ეზოში ჩავალო და უარი მიუღია! დაუნახავს ეს ბატონ ნოდარს, დაუძახებია მეგობრის შვილისთვის და უთქვამს: - მოდი ბიძია ჩემთან, გაწვალებს აი ასფალტზე მოყვანილი გურული ხომ? - წაი, მე გიშობ სათამაშოდ და თუ რაიმე გითხრა მე მივხედავ მაი საქმეს, არ დაგავიწყდეს, მამაშენზე უარესი გურული ვარ.
*****

ნოდარ დუმბაძემ მდივანი გოგო დაიბარა კონსტანტინე გამსახურდიასთან გასაგზავნად, რომელიც იგავ-არაკებს აქვეყნებდა ჟურნალში. მდივანმა სასტიკი უარი უთხრა - მეარშიყება, ეგ ბერიკაციო. რა მოხდა, მერეო - უპასუხა ნოდარმა, - გოეთე 80 წლის იყო და 18 წლის შეყვარებული ჰყავდაო. მდივანი სულ მთლად აღშფოთდა ამ ამბავზე და კაბინეტიდან გასვლისას - გავიგებ მაგ გოეთეს ტელეფონს, დავურეკავ და მაგრად გამოვლანძღავ, გოგონებს ტვინს რომ ურევსო. ნოდარმა მიაძახა - ნახე მანდ, ტელეფონების წიგნში იქნებაო.
 დიდი ხნის ძებნის შემდეგ, შეწუხებულმა გოგომ - ბატონო ნოდარ, აქ მხოლოდ გოთუები არიან და გოეთეებს ვერსად მივაგენიო, "ჩვენი კავშირგაბმულობის ამბავი რომ ვიცი, ეტყობა არ აღირსეს ტელეფონიო" - სიცილით უპასუხია ნოდარს.


 * * *
ნიკო კეცხოველს ძალიან უყვარა ნოდარ დუმბაძე. სულ კითხულობდა მის შემოქმედებას. ერთხელ უთქვამს ნოდარისთბის ფილოლოგიურზე მინდა გადმოგიყვანოო. ნოდარმა უპასუხა: ჩემი მწერლობა ხალხს იმიტომ უკვირს, ეკონომიკურზე რომ ვსწავლობ, ფილოლოგიურზე რომ ვიყო, ვინ წაიკითხავს ჩემს მოთხრობებსო

* * *

მწერალთა კავშირში მუშაობდა ერთი კაცი. თბილისში, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა. დაბადების დღეზე მშობლებმა რაიონიდან გამოუგზავნეს გამზადებული პურმარილი. იფიქრა ამ კაცმა, ნაქირავებ, პატარა სახლში ვერ დავტევ სტუმრებსო და გადაწყვიტა, ქალაქგარეთ, ბუნებაში დაეპატიჟებინა კოლეგები. მოკლედ, წავიდნენ, მდელოზე გაშალეს სუფრა და ჩამოსხდნენ. იქვე გადიოდა მატარებლის ლიანდაგიც.
თავად იუბილარმა თამადად ნოდარ დუმბაძე დანიშნა. ნოდარმა აიღო ღვინით სავსე ჭიქა და დაიწყო: ამ ჭიქით მე მინდა... და უცბად მატარებელმა გაიგრიხინა, ნოდარის ხმა გადაფარა. დაიცადა ნოდარმა, სანამ მატარებელმა გაიარა, ისევ ასწია ჭიქა და რომ დაიწყო: ამ ჭიქით მე მინდა, ვადღეგრძელოო... ისევ ჩამოიგრიხინა მატარებელმა, ოღონდ საპირისპიროდ მომავალმა. მესამედ რომ აიღო ჭიქა და შორიდან გაიგო მატარებლის ხმა, მიუბრუნდა იუბილარს და უთხრა: რა დაგიშავე, შე, კაცო, კაცია მუნჯაძესავით რომ გამომიტყუე ამ ტყეში და „რეიცაზე“ დამადებინე თავიო

* * *

სერგო ორჯონიკიძის ძეგლის გახსნაზე ნოდარ დუმბაძეს ერთმა ჩინოსანმა უთხრა: - ძალიან ცუდი ადგილი შეურჩევიათ ძეგლისთვის! - კარგი ადგილი რაც იყო საქართველოში, გააჩუქა მაგ შეჩვენებულმა და რაც დარჩა, აგია! - გაეპასუხა ნოდარი  


* * *
 „41 წლის იყო პირველმა ინფარქტმა რომ დაჰკრა, არავინ ფიქრობდა მაშინ მის გადარჩენას. ჯანსუღ ჩარკვიანი მაშინ უცხოეთში იყო მივლინებული, მაგრამ ამ ამბის გამო თბილისში დარჩა, საავადმყოფოდან არ გასულა. როცა მამაჩემმა მესამე დღეს ძლივს თვალი გაახილა, თავზე წამომდგარი ჯანსუღი დაინახა: მე შენ წასული მეგონეო, – წაილუღლუღა. ჯანსუღმა ერთხანს ხმა არ გასცა, მერე გახალისდა, ხუმრობის გუნებაზე დადგა და მკვახედ მიუგო – მეც კი მეგონე წასული, მაგრამ აქ ხარ და ფეხის მოცვლასაც არ აპირებო. მეორე დღეს მამაჩემმა ცოტა მოიბრუნა სული და ფანჯრისკენაც გაიხედა. კვლავ თოვდა (ეს ის დრო იყო, ხრუშჩოვი ქართველებს გადასახლებით რომ ემუქრებოდა). – მგონი უკვე გადაგვასახლეს და გვიმალავენო, – თავისთვის ჩაილაპარაკა და პალატაში ისეთი ხარხარი ატყდა, საავადმყოფო აზანზარდა. /მანანა დუმბაძე/ 

 * * *
ბატონ კონსტანტინეს ხელით მიასვენებდა სრულიად საქართველო კოლხური კოშკისკენ. რუსთაველის პროსპექტზე რეპროდუქტორები მისი ნაწარმოებების ნაწყვეტებს გადმოსცემდნენ და ხალხი გმინავდა, ისეთი მომნუსხველი და ამაღელვებელი იყო ეს პროცესია. შინ რომ დავბრუნდით, მამაჩემმა უეცრად თქვა, თავი არ მომჭრათ, ბაღნებო, და ჩემს გასვენებაზე იგივე არ გაიმეოროთ (საკუთარი ნაწარმოებების კითხვას გულისხმობდა), თორემ დაწყდება პროცესია სიცილითო“.

 * * *
„ნიანგზე“ გიჟდებოდა. საოცარი ხალხი მუშაობდა „ნიანგში“ – ედიშერ ყიფიანი, ტარიელ ჭანტურია, კლასიკოსები იყვნენ ნიანგში და არაჩვეულებრივი ცინცხალი გონების პატრონები, გივი სამსონაძე, ჯემალ ლოლუა, ნოდარ მალაზონია… მამა შაყირობდა, მწერალი კი არა სანტექნიკი ვარო, იმიტომ რომ მოდიოდა ხალხი სოციალური პრობლემებით, საჩივრებით, კანალიზაცია გამეჭედა, ამან ეს მითხრა და იმან ეს მითხრა და ამაზე უნდა დაწერათ. დადიოდნენ ამოწმებდნენ, მიდიოდა ჟურნალისტური გამოძიება. სიკვდილივით ეშინოდათ ამ „ნიანგის“. ხანდახან კაი სიცილი რომ მოიმინდება, გადმოვიღებ ხოლმე ძველ ნომრებს და ვხარხარებ…“

* * *
„ლეჩხუმიდან ხონში წავედით, თავისმოწონება უნდოდა ნოდარს დედულეთში, იქ დეიდა ეგულებოდა, უფრო სწორად დედის ბიძაშვილი. მიგვიყვანა ერთ მშვენიერ ოდა-სახლში, ბახტაძეებთან. ჯერ ნოდარი გადავიდა, შევიდა კოინდარით აბიბინებულ ეზოში. ქალი გამოეგება კდემამოსილებითა და იმერული თავაზით. შორიდან ისე გამოჩნდა, რომ კარგად ვერ შეიცნეს ნოდარი, ერთი შეხედვით ასე ჩანდა, მაგრამ უცებ გადაეხვია ქალბატონი ნოდარს და ახლა ჩვენს გასაგონედ შეჰკივლა: ვა ბეჩა, ნოდარ, მეიყვანე სტუმრები, ჩქარა მეიყვანეო. შევედით ეზოში მე და ნოდარის მძღოლი. გაჩაღდა ნარდი, ახლა ხაჭაპური, ახლა არაყი, ახლა ჩაი და ცოტა ხანში კიდევ სამი მეზობელი გაჩნდა ეზოში. შემოვუსხედით გაწყობილ სუფრას. ერთი კი სთქვა ნოდარმა, ეს წიწილები რაცხა ამორალურად მეჩვენებიან, ისე აქვთ აშვერილი ფეხებიო და უკვე თამადად იყო მაგიდის თავში. ქეიფი ეშხში იყო შესული, როცა ღობეს ქოთქოთით მოადგა მჯობნის მჯობნი იმერელი ქალბატონი, ერთი ვაივიშითა და გაკვირვებით. ნოდარია, შვილო, დედი, მომკალით ვიღაცამ, ეს უცხო ოჯახი რომ შეგიწუხებია, შენი სახლი ვეღარ გიცვნია, აპა, საქმეა ეს?! ეზოში ნოდარის ნამდვილი დეიდა შემოვიდა, ის ქალბატონი, ვისთანაც თურმე უნდა მივსულიყავით. მე სიცილით ვიფხრიწებოდი, ნოდარი დეიდამისს კოცნიდა და ეუბნებოდა: ახლა გვიანია, დეიდა, ამ პურმარილს ვერ მივატოვებ, დეიდა კი არა, დედა რომ ადგესო“.
/რეზო ჭეიშვილი/




ნოდარ დუმბაძე და ქართლოს კასრაძე ახლო მეგობრები იყვნენ. ბატონი ნოდარის მოსწრებული ენის ამბავი მთელმა საქართველომ იცოდა და ამ სიტყვების მართებულობაში თუნდაც ქვემოთ მოყვანილი ქართლოს კასრაძის  ორი მოგონებით დავრწმუნდებით.


ერთხელ ერთი მანდილოსანი საკმაოდ გულამოჭრილი უსახელოებო კაბით მოვიდა რედაქციაში. – ამქვეყნად ქალებს კაბის ფასონად დეკოლტე რომ გაქვთ, კი ვიცი, მაგრამ მოდაში იღლკოლტეც თუ იყო, ეგ აღარ მეგონაღიმილით თქვა ნოდარმა”.



* * *

როცანიანგისთანამშრომლებიქესატადვიყავით, ნოდარის კაბინეტს მივუკაკუნებდით ხოლმე.

ნოდარ ბატონო, საწევრო გაქვს გადასახდელი?
ნოდარი ჭერში აიხედავდა და დაღეჭავდა სიტყვებს:
ღმერთო მომკალი! არ გადამიხდია?– და ჯიბეზე გაიკრავდა ხელს.
 
ასე ვახდევინებდითსაწევროსთვეში ოთხჯერ-ხუთჯერ. ერთხელ როცასაწევროთიხელში კარებს მივაშურეთ, მოგვაძახა:
ლუდში ნაკლები მარილი უქენით, მიშა კუხალას არ უყვარს! .“


* * * 


რედაქციაში აგარის შაქრის ქარხნის დირექტორი მოვიდა: რას ნიშნავს ეს, "ნიანგში" ვირთხად რატომ გამომიყვანეთო? - რატომ მიიღე შენს თავზეო? - მიუგო ნოდარმა. მოკლედ, სტუმარი რომ აღარ გაჩერდა, ნოდარმა ასე დააწყნარა: წადი ახლა შენ და მე მოგცემ ცნობას, რომ ვირთხა არ ხარო.



* * * 

ქართული დელეგაცია საბჭოთა კავშირის მწერალთა ყრილობიდან, მოსკოვიდან თბილისში მოფრინავდა. პილოტმა, რამდენიმე ცდის მიუხედავად, თვითმფრინავი ვერ დასვა, შასი არ იხსნებოდა. დიდი პანიკა ატყდა. სტიუარდესები წინ და უკან დარბოდნენ. უკანა სავარძლიდან ნოდარმა პილოტს გასძახა: "ლოჩიკ, პრიამა ნა მთაცმინდუ!" აქ ვინცა ვართ, ყველას იქ გვინდაო..


* * * 
ერთხელ ნოდარ დუმბაძემ ჩინეთიდან მიიღომარადისობის კანონისსასიგნალო ეგზემპლარი. გახსნა და რაღაც იეროგლიფები ეწერა. ნოდარმა გადაატრიალ-გადმოატრიალა წიგნი და თქვა - მე თავი კაცი მეგონა და თურმე ორი ჯოხი ვყოფილვარო

* * * 
ერთხელ, ნოდარს მეუღლე - ქალბატონი ნანული ცუდად გაუხდა: მოულოდნელად მეხსიერება დაკარგა, ოჯახის წევრების სახელებს ვერ იხსენებდა. შეიკრიბნენ ნოდარის მეგობრები, ცნობილი ადამიანები და ბჭობდნენ, როგორ დახმარებოდნენ ნანულის. გადაწყდა, რომ მოსკოვში, ბურაკოვსკის კლინიკაში საოპერაციოდ გაემგზავრებინათ. დუმბაძეებთან იზა ორჯონიკიძეც მივიდა; იქვე, მეზობლად ცხოვრობდა. მართალია, რომ ნანულიმ მეხსიერება დაკარგაო? - ჰკითხა ნოდარს. ნოდარმა იცოდა, რომ იზას ნანულისგან ნასესხები ჰქონდა 1.000 მანეთი; ჰოდა, ასეთი პასუხი მიუგო: მართალია, გოგო, არაფერი ახსოვს, მაგრამ ერთადერთი, იმას ამბობს, იზა როდის დამიბრუნებს 1.000 მანეთსო?

* * *  

ერთხელ ნოდარი მოსკოვში ჩატარებული რომელიღაც ყრილობის მონაწილე დელეგატთა შორის აღმოჩნდა. მწერალმა გიორგი ბედინეიშვილმა, მუსიკოსმა ელისო ვირსალაძემ, მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილმა და ნოდარ დუმბაძემ მოსკოვამდე მატარებლით ერთად იმგზავრეს. ყრილობის ერთ სამუშაო დღეს ნოდარს პროგრამავრემიასჟურნალისტი გოგონა მიუახლოვდა. „რამ მოახდინა ყრილობაზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება?“ – შეკითხვა დაუსვა. ბატონი გიორგი იმ ინტერვიუს პერიპეტიებს შემდეგნაირად იხსენებდა.
გამართული რუსულით, ოღონდ აქცენტით ნოდარი პასუხობს:
-
ჩემზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, და იგი კუბოს კარამდე დამრჩება, იმან, რომ მოსკოვში მგზავრობის დროს დავუახლოვდი და მთელი არსებით შევიყვარე ბრწყინვალე, დამატყვევებელი ერუდიციისა და სიტყვით გამოუთქმელი სულიერი სინატიფის ქართველი გოგონები ელისო ვირსალაძე და ნონა გაფრინდაშვილი.
ნოდარს ფრაზა არ ჰქონდა დამთავრებული, დავინახე, როგორ გამორთეს კორესპონდენტმადიქტოფონი, ოპერატორმატელეკამერა და, ბოლოს, გამნათებელმა – “იუპიტერი”.

-
მოიცათ, მეგობრებო, გვითხარით, როდის ვიქნებით ტელევიზორში, ელისოს და ნონას გავაფრთხილებ!
-
დღეს, 7 საათზე, ყრილობის დღიურში.
რა თქმა უნდა, ნოდარის უიღბლო ინტერვიუ ეთერში არ გასულა.”
 

* * *   
წინა საუკუნის 50-იანი წლების მეორე ნახევარში საქართველოში ხმა გავრცელდა, რომ ნიკიტა ხრუშჩოვი ქართველებს ციმბირში გასახლებით დაემუქრაო. იმ წელს თბილისში ძალზე აცივდა და თოვლიც დიდი მოვიდა.

გადაიხედა ნოდარმა ფანჯარაში: ე ბიჭო, მგონი მართლა გაგვასახლა იმ უპატრონომ, რაღაცა არ გავს საქართველოს ეს ყველაფერიო!


* * * 
უკანასკნელ ხანს ნოდარ დუმბაძე მეტისმეტად დაძაბუნდა. სიარულიც უჭირდა, სუნთქვაც, ლაპარაკიც, მაგრამ სიცოცხლის ხალისი და იუმორის გრძნობა ძველებურად ჰქონდა შერჩენილი. იმ დღეებში პრესაში დაიბეჭდა, ყველამ მივბაძოთ ამხანაგ ჩერნენკოსო!

- მე რაც შემიძლია, ვბაძავ, ძამა, - ვერ დავდივარ, ვერ ვლაპარაკობ და ვერ ვსუნთქავო! – გაიცინა და სხვებიც გააცინა ნოდარმა.






Комментариев нет:

Отправить комментарий