ალექსანდრე ქართველიშვილი /ალექსანდრე ქართველი /

                                                                                აშშ ავიამშენებლობის ერთ–ერთი პიონერი, აშშ  საავიაციო ისტორიის თვალსაჩინო და მოწინავე ავიაკონსტრუქტორი ალექსანდრე ქართველიშვილი (Alexsander Kartveli) დაიბადა ცნობილი მოღვაწის, იურისტ მიხეილ ქართველიშვილის ოჯახში 1896 წლის 9 სექტემბერს. 1914 წელს დაამთავრა თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზია, 1917 წელს - იუნკერთა სასწავლებელი, სადაც პირველად დაინტერესდა ტანვარჯიშით, ავიაციით და ჰაერნაოსნობის წრეშიც ჩაეწერა. 1917 წელს პირველ მსოფლიო ომში არტილერისტად გაიწვიეს და ბატარეის მეთაურად დანიშნეს. ავიაციისადმი ინტერესი კიდევ უფრო გაუღვივა კაპიტან მაჭავარიანის ავიარაზმის წევრებთან ხშირმა ურთიერთობამ. სწორედ მაშინ გადაწყვიტა ჯერ მფრინავი, შემდეგ კი ავიაკონსტრუქტორი გამხდარიყო. ფეხში დაჭრილი ქართველიშვილი ომიდან პორუჩიკის წოდებით დაბრუნდა.
1919 წელს დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობამ ალ. ქართველიშვილი სასწავლებლად საფრანგეთს მიავლინა. ვაჟიშვილს დედაც თან გაჰყვა, მამა და მისი და თამარი კი თბილისში დარჩნენ. განშორება სამუდამო გამოდგა. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების გამარჯვების შემდეგ ოჯახის გაერთიანება ვეღარ მოხერხდა. ალექსანდრემ პარიზის ავიაციის უმაღლესი საინჟინრო ფაკულტეტი 1922 წელს დაამთავრა, იმავდროულად ელექტროტექნოლოგიის უმაღლეს სასწავლებელში ელექტროინჟინრის დიპლომიც მიიღო. სწავლის პერიოდში, თავი და დედა რომ ერჩინა, კერძოდ ასწავლიდა მათემატიკას, მონაწილეობდა საავიაციო და სატანვარჯიშო ასპარეზობებში.

ალ. ქართველიშვილი 1922-1927 წლებში ლეგენდალური ფრანგი ავაიტორის, ლუი ბლერიოს კომპანიაში გამომცდელად და ასევე თვითმფრინავების "Bernard"-ისა და "Ferbois"-ის შექმნაზე მუშაობდა. ერთ–ერთი ფრენის დროს მომხდარი ავარიისას სერიოზული ტრამვა მიიღო და ამის გამო სამუდამოდ ჩამოშორდა მფრინავის პროფესიას. 1927 წელს მისი მონაწილეობით შექმნილმა თვითმფრინავმა "Bernar-Ferbua V-2" დაამყარა სიჩქარის მსოფლიო რეკორდი. თავისუფალ დროს ფრანგ ინჟინრებთან ერთად მუშაობდა 50 მგზავრზე გაანგარიშებულ ტრანსატლანტიკური გიგანტური თვითმფრინავის პროექტზე პარიზი–ნიუ–იორკის რეისებისათვის, ამისთვის კი დიდი თანხები იყო საჭირო, სწორედ ამიტომ ურჩიეს ამერიკაში წასვლა, სადაც მის ნიჭს მეტი გასაქანი ექნებოდა.
 
ცნობილი გამომგონებლისა და ბიზნესმენის გრ. კობახიძის (ჯორჯ კობი) შუამდგომლობით 1927 წელს ამერიკელმა მილიონერმა და ავიაციის მეცენატმა ჩარლზ ლევინმა ქართველიშვილი სამუშაოდ მიიწვია ნიუ–იორკში. მათ ერთად ააწყვეს ხომალდი, რომელსაც "Uncle Sam"-ი უწოდეს, 1928 წელს ქართველიშვილმა მოღვაწეობა დაიწყო ცნობილ კომპანიაში "Fokker American Company". 1931 წელს იგი შეხვდა თბილისელ ალექსანდრე სევერსკის, ცნობილი კორპორაცია "Seversky Aircraft Corporation"-ის პრეზიდენტსა და მთავარ ინჟინერს. სწორედ სევერსკის კორპორაციაში შექმნილი მოდელები იქცა ქართველიშვილის გამანადგურებლების წინამორბედად. 1939 წელს კომპანიას შეეცვალა სახელი და ეწოდა "Republic Aviacorporation", რომლის ვიცე-პრეზიდენტად და მთავარ ინჟინრად დაინიშნა ალ. ქართველიშვილი. ამ დროისთვის იგი უკვე მსოფლიოში აღიარებული ავიაკონსტრუქტორი იყო. თბილისური დუეტი მეორე მსოფლიო ომის დროს, ამერიკული საჰაერო ძალების წარმატების მთავარი სულისჩამდგმელი გახდა. მათი ერთობლივი შრომის შედეგია ყველაზე წარმატებული Republic P-47 "Thunderbolt" ("მეხთამფრქვევი"), რომელიც მეორე მსოფლიო ომის წლებში შეერთებული შტატების საჰაერო ძალების ერთ–ერთ მთავარ თვითმფრინავს წარმოადგენდა და დიდი როლი შეასრულა გერმანიაზე გამარჯვებაში. პრეზიდენტი ფრანკლინ რუზველტი კონსტრუქტორებს აჩქარებდა, სურდა,

დროზე მიეწოდებინათ მანქანა ფრონტისათვის. მომდევნო მოდიფიკაციებს ბომბდამშენთა ესკორტირებისათვის იყენებდნენ. მათ ასაწყობად მთავრობამ ფირმას ევანსვილსა და ფარმინგდეილის საავიაციო ქარხნები გადასცა. შეიძლება ითქვას, რომ მეორე მსოფლიო ომში საჰაერო ბრძოლები მოიგო ამ ერთმოტორიანმა გამანადგურებელმა, რომელიც არა მარტო ამერიკის, არამედ ინგლისის, საფრანგეთის, ბრაზილიის, შემდეგ ლენდ-ლიზით საბჭოთა კავშირის შეიარაღებაში იყო. ეს იყო ყველაზე მრავალრიცხოვანი გამანადგურებელი ამერიკის ავიაციის ისტორიაში. მას იყენებდნენ ომის ყველა ფრონტზე, აგრეთვე აფრიკასა და შორეულ აღმოსავლეთში. "Republic Aviacorporation"-მა თვითმფრინავებისათვის არმიისა და საზღვაო ფლოტის 7 უმაღლესი ჯილდო მიიღო.
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ წარმატება ხვდა ატომური ბომბით აღჭურვილ მის რეაქტიულ F-84 (Thunderjet)-ს, რომელიც ერთდროულად გამანადგურებელიც იყო, გამცილებელიც და ბომბდამშენიც, იყენებდნენ კორეის ომში, როგორც მთავარ დამრტყმელ ძალას. მისი მოდიფიკაცია F-84 (Thunderjet) აშშ-ის ავიაციისა და ნატოს შეიარაღებაში შევიდა როგორც ძირითადი გამანადგურებელ-ბომბდამშენი. 1945 წელს მუშაობა დაიწყო ისრისებრი ფრთების მქონე F-91 (Thunderceptor)-ზე, რომელიც 1952 წელს პირველი ზებგერითი თვითმფრინავი გახდა.
ვიეტნამის ომში მონაწილე ქართველიშვილის ზებგერითი F-105 (Thunderjet), ყველაზე დიდი და მძიმე ერთძრავიანი გამანადგურებელი, ახალი სიტყვა იყო ავიაციაში. სსრკ კი ომში არტემ მიქოიანის МИГ-ებს იყენებდა. 1984 წლის 25 თებერვალს ამ თვითმფრინავის ბოლო აფრენით დამთავრდა "Tanderebis" 25-წლიანი ბატონობა.

KvirisPalitra.Ge
პენსიაში ორჯერ გასული ქართველიშვილი ორჯერვე დააბრუნეს კომპანიაში. 1974 წელს სხვა ბიუროებთან შეჯიბრებაში გაიმარჯვა მისმა A-10 (Thunderbolt-II)-მა და კმაყოფილი დაბრუნდა ბიუროში, მეორე დღეს კი გარდაიცვალა. 1974 წელს ამერიკის თითქმის ყველა მთავარმა გაზეთმა გამოაქვეყნა ნეკროლოგი. "ვაშინგტონ პოსტი" წერდა: "ალექსანდრე ქართველი "Fairchild Republik Compani"-ის მთავარი ინჟინერი და სამხედრო თვითმფრინავების P-47 "Thunderbolt" და F-105 "Thunderchif" კონსტრუქტორი, გარდაიცვალა გულის შეტევით შაბათს, 20 აგვისტოს, ჰანტიგტონ ლონგ-აილენდში, 77 წლის ასაკში".


მეუღლემ, ჯენიმ, შეუსრულა სურვილი: წესი აუგეს ლონგ-აილენდის ქალაქ საიოსეტის მართლმადიდებლურ ეკლესიაში.
ქართველიშვილის სიკვდილის შემდეგ სიცოცხლე მისმა A-10 (Thunderbolt-II)-მა გააგრძელა. 1991 წელს მას ერაყის ომშიც იყენებდნენ. თავისი საბრძოლო თვისებებით ეს თვითმფრინავი შეუცვლელი აღმოჩნდა. A-10 წარმოებასა და აშშ-ის ავიაციისა და ნატოს შეიარაღებაში 2025 წლამდე იქნება.
"გამანადგურებლების მეფის", ქართველიშვილის სახელი შეტანილია წიგნში "Who is Who". იყო ტემპლისა და ბრუკლინის უნივერსიტეტების საპატიო დოქტორი, სახელმწიფო საავიაციო კომიტეტისა და მრავალი საზოგადოების წევრი. მაგრამ ყველაზე დიდ სიამოვნებას ანიჭებდა ქართულ-კავკასიური საზოგადოების "ალავერდის" წევრობა, სადაც თანამემამულეების გარდა, კავკასიელებთანაც ჰქონდა ურთიერთობა. იყო ამერიკის ქართული სათვისტომოს აქტიური წევრი, რომელსაც დიდ მატერიალურ და მორალურ დახმარებს უწევდა.

KvirisPalitra.Ge
საქართველოში დარჩენილ ოჯახის წევრებთან (როგორც მისმა დისშვილმა, ცნობილმა მხატვარმა დიმიტრი ერისთავმა აღნიშნა), თავდაპირველად ინარჩუნებდა ურთიერთობას და ფინანსურ დახმარებასაც უწევდა. მერე კავშირი გაწყდა. ომის დროს ერისთავებმა სცადეს ურთიერთობის აღდგენა, მაგრამ საბჭოთა უშიშროების სამსახურმა ამი უფლება არ მისცა. 60-იან წლებში მისი დის, თამარის ავადმყოფობის გამო, ოჯახი კვლავ დაუკავშირდა ქართველიშვილს. მან ძალიან განიცადა დის ავადმყოფობა, მაგრამ დახმარება ვერ შეძლო, თუმცა ამერიკაში კონსილიუმიც მოუწვევია. როცა 1966 წელს თამარი გარდაიცვალა, დეპეშაში ჩაუწერია, იმით მაინც არის ბედნიერი, რომ მშობლიურ მიწაში დაიმარხებაო.
მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრების უმეტესი ნაწილი უცხოეთში გაატარა და ახალგაზრდობიდანვე სამშობლოდან შორს მოუხდა ცხოვრება, არასოდეს მოსწყვეტია მშობლიურ კულტურას. რადიო "თავისუფლების" ქართული რედაქციის რედაქტორმა კარლო ინასარიძემ 1969 წელს ამერიკაში ყოფნისას მოინახულა ქართველიშვილი, რომელიც გატაცებით ლაპარაკობდა საქართველოზე, ზეპირად ამბობდა ლექსებს. რუსთაველის სტრიქონებზე "ვაჰ, სოფელო, რა შიგან ხარ..." როგორც ინასარიძე შენიშნავს, "თვალებში ცრემლიც კი მოადგა". პროფესორ გიორგი ნაკაშიძის თქმით, ქართველიშვილს "ვეფხისტყაოსანი" ზეპირად სცოდნია. პრინსტონის უნივერსიტეტის პროფესორი დავით ჯაფარიძე იხსენებდა, როგორ მივიდა ალექსანდრე ქართველიშვილი ქართველ მოცეკვავეთა კონცერტზე სპეციალური დაცვის თანხლებით, რომლის მსგავსი მხოლოდ ამერიკის პრეზიდენტს თუ ჰყავდა, შემდეგ კი კულისებში აღელვებულს უთქვამს, ასეთი ბედნიერი არასოდეს ვყოფილვარო. თურმე მისი სახლის კედლებს ქართული ძეგლების ფოტოები ამშვენებდა, ყველაზე საპატიო ადგილას კი "ვეფხისტყაოსანი" იდო.
KvirisPalitra.Geსტრაფორდში იგორ სიკორსკის მემორიალურ აეროდრომს დღესაც ამშვენებს ქართველიშვილის თვითმფრინავები, ნიუ-იორკში, მუზეუმად ქცეულ მდინარე ჰუძონის მყუდრო ყურეში კი 50-60-იან წლებში თვითმფრინავებსა და შვეულმფრენებს შორის დგანან რეაქტიული ზებგერითი "Republic"-ი და F-84 "Thunderstrik"-ი, როგორც ამერიკული გამანადგურებლების ქართველი მამის - ალექსანდრე ქართველის ძეგლები.
თუ მოხერხდა და მისი სახელგანთქმული P-47 როგორმე ჩამოვა საქართველოში, თუნდაც როგორც სამუზეუმო ექსპონატი, ეს იქნება ალექსანდრე ქართველის სიმბოლური დაბრუნება სამშობლოში

ალ. ქართველიშვილს მემკვიდრე არ დარჩენია.

1 комментарий:

  1. ამერიკის ადმინისტრაცია არაფერს იშურებდა და უზუსტესი ხელსაწყოების დასამზადებლად ოქროთი დატვირთული საბარგო მანქანებიც კი შეუყვანია ქარხანაში და გადაუცია ქართველიშვილისთვის, რომელიც რუზველტმა უმაღლესი ჯილდოთი - მედლით "სახელმწიფო თავდაცვისთვის" დააჯილდოვა.

    ОтветитьУдалить